ინტერვიუ გიორგი ხიდეშელთან
ვერ წარმოიდგენთ, როგორი ბედნიერი ვარ
შარშან, 20 ივლისს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე კიშინიოვის "დაჩიასთან" საპასუხო შეხვედრის მიწურულს "ზესტაფონის" ცენტრალური მცველი გიორგი ხიდეშელი დაშავდა, მოედნიდან გაიყვანეს და მას შემდეგ 9 თვე არ უთამაშია. 24 წლის ტანმაღალ მცველს ექიმებმა უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს - ჯვარედინი იოგების გაწყვეტა.
გიორგიმ ოპერაცია შარშან, აგვისტოში ცნობილ ბელგიელ ექიმ მარტენსთან გაიკეთა, ბელგიაშივე გაიარა ორი სარეაბილიტაციო კურსი (მშობლიური კლუბის დახმარებით), სრული დატვირთვით გუნდთან ერთად ვარჯიში კი იანვარში განაახლა.
თუმცა, მარტენსთან კვლავ ინტენსიურ კონსულტაციებს გადიოდა, რათა ყოველგვარი რისკი გამოერიცხა. "ზესტაფონის" ერთ-ერთი ლიდერი და ეროვნულ ნაკრებში ნათამაშები ხიდეშელი მოედანს ახლახან, 22 აპრილს დაუბრუნდა და ფოთის "კოლხეთის" წინააღმდეგ შეუცვლელად ითამაშა.
გიორგის აშკარად ეტყობოდა სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა, ასეთი მძიმე ტრავმის შემდეგ ბუნებრივი სიფრთხილე, ორთაბრძოლებში შესვლასაც არ ცდილობდა, მაგრამ მისი მოედანზე დაბრუნება "ზესტაფონისთვის" სასიხარულო ამბავია.
"ამხელა პაუზის, მძიმე ტრავმისა და ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ მოედანზე დაბრუნება ყოველთვის ძნელია. საბედნიეროდ, ახლა უკვე თავს კარგად ვგრძნობ, ტკივილი აღარ მაწუხებს, მაგრამ მაინც ფრთხილად ვთამაშობდი.
დროთა განმავლობაში ესეც გაივლის. მიმაჩნია, რომ ახლა აღსადგენი მაქვს ჯანიც, ფიზიკური კონდიციებიც და ფსიქოლოგიური მდგრადობაც. 9 თვე უთამაშებლობა პატარა ამბავი არ არის.
დიდი მადლობა "ზესტაფონის" გულშემატკივრებს, რომლებიც მთელი მატჩის მანძილზე მამხნევებდნენ, შეხვედრის შემდეგ კი ძალიან თბილად, ტაშით გამაცილეს. ვერ წარმოიდგენთ, ამით რამხელა სიხარული მომანიჭეს", - ამბობს ხიდეშელი.
გიორგის თქმით, გაზაფხულზე დაკარგული ქულებისა და კონკურენტებთან განიავებული უპირატესობის გამო, "ზესტაფონს" დარჩენილ შეხვედრებში ჩემპიონის ტიტულის შესანარჩუნებლად უდიდესი ბრძოლების გადატანა მოუწევთ:
"მეორე ეტაპის დაწყებამდე კონკურენტებს იმხელა უპირატესობით ვუსწრებდით, ჩემპიონობას ხელმეორედ მოპოვება რეალური ჩანდა. თითქოსდა, რეალური კონკურენტი არც გვყავდა. თუმცა, "მეტალურგმა" პატარა ფეხის გადაბრუნებაც არ გვაპატია, შვიდქულიანი უპირატესობა უცებ შეამცირა და ახლა ტიტულის შესანარჩუნებლად უმძიმესი ბრძოლების გადატანა მოგვიწევს.
მაგრამ ყველანაირად შევეცდებით, დარჩენილი შეხვედრები კარგად ჩავატაროთ და ჩვენი გულშემატკივარი წელსაც გავახაროთ. მჯერა, ჩემპიონი ისევ ღირსეული გახდება".
|