დუბლიორთა ტურნირის ოცდამეცხრე ტურის მატჩი
2012 წლის 23 აპრილს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის ოცდამეცხრე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” დუბლიორებმა ზუგდიდის ”ბაიას” მეორე გუნდს საკუთარ ბაზაზე უმასპინძლეს.
ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი, რობაქიძე, თევდორე გრიგალაშვილი, გაგოშიძე, ჯიქიძე, ფირუზაშვილი, გაჩეჩილაძე (ჯუღელი, 82), ხუჯაძე (ფურცხვანიძე, 71), ჭანტურიშვილი (შილაკაძე, 78), ლომია (ღირდალაძე, 46), კვერნაძე.
ზესტაფონელ და ზუგდიდელ დუბლიორთა მორიგი დაპირისპირება საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ბაზაზე გაიმართა. სადღეისოდ ზუგდიდელები სატურნირო ცხრილის მეორე საფეხურზე მოკალათებულან და ნებისმიერი გუნდისთვის ანგარიშგასაწევ ძალად მიიჩნევიან ...
შეხვედრის საწყისი წუთები მასპინძელთა ძალიან დიდი უპირატესობით წარიმართა და მეშვიდე წუთისთვის ისინი უკვე ორბურთიანი უპირატესობით იგებდნენ - 3-ე წუთზე ანგარიში ოთარ კვერნაძემ გახსნა, ხოლო 7-ეზე მასპინძელთა ხანგრძლივი შეტევა საბა ლომიას ზუსტი დარტყმით დაგვირგვინდა.
ანგარიშში დაწინაურების შემდეგ, მიმდინარე სეზონში უკვე მერამდენედ, ზემოიმერლებმა საქმე მოგვარებულად ნაადრევად ჩათვალეს და ამისათვის ისევ დაისაჯნენ - 24-ე წუთზე აკაკი ფარჯიკიამ ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, ხოლო მეორე ტაიმის შუაწელს (67-ე წუთი) კონსტანტინე ახალაიამ ანგარიში სულაც საყაიმო გახადა.
მასპინძელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რიმ ამჯერად ისინი არ გატყდნენ და მატჩის სათავისოდ შემოტრიალების მტკიცე ნებაც გამოავლინეს. ამაში მათ დიდად ვახტანგ ჭანტურიშვილის მიერ შეხვედრის 71-ე წუთზე გატანილმა გოლმა შეუწყო ხელი. კიდევ 10 წუთის შემდეგ ზესტაფონელთა უპირატესობა ისევ ორბურთიანი ზურა ღირდალაძემ გახადა. ზუგდიდელებმა ერთხელაც გაიბრძოლეს - 87-ე წუთზე 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმით აკაკი ფარჯიკიამ ანგარიშში სხვაობა ისევ მინიმალური გახადა. დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვებულის ვინაობის შესახებ შეკითხვას საბოლოო პასუხი 89-ე წუთზე გაეცა. ოთარ კვერნაძემ ბოლო სამ შეხვედრაში მეშვიდე (!) გოლი გაიტანა და "ბაიასთან" დაპირისპირებაში საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - ზესტაფონელთა გამარჯვება ფეხბურთისათვის უჩვეულო ანგარიშით 5-3.
დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი
|