13.03.2007

გაგა ჩხეტიანი: ბევრი მაქვს დასამტკიცებელი ...

 

ევრიკა! -”ზესტაფონი”-ს მთავარ მწვრთნელსაც შეუძლია დაიძახოს. მან ისეთი თავდამსხმელი მოძებნა, როგორსაც ლიგის ყველა ლიდერი ინატრებდა - გაგა ჩხეტიანი. და თითქოს რა უნდოდა ჩხეტიანის მოძებნას? ის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების და ქუთაისის ”ტორბედო”-ს თავდამსხმელი იყო და ყველა მშვენივრად იცნობსა, მაგრამ ისე ჩამოწერეს, არაერთი სხვა ნიჭიერი მოთამაშე.

ერთი წლის უთამაშებელი თამდამსხმელი თამაზ კოსტავამ და დავით გენძეხაძემ არ გაწირეს, ”ნორჩ დინამოელში” მიიყვანეს და ერთ წელიწადში ისე წარმოაჩინა თავი, გენძეხაძემ ზესტაფონელებს გაგა ჩხეტიანის აყვანა ურჩია და არც შემცდარა.
თემურ მახარაძემ ”კოჭებში” შეატყო ის, რასაც სხვები ვერ ამჩნევდნენ და ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდის თავდამსხმაში დააყენა. გარისკა და ჩხეტიანმაც გაუმართლა - გაგამ ჯერ ”ბორჯომ”-თან სათასო მატჩში გამოიჩინა თავი, რუსთავის ”ოლიმპი”-ს დაცვა კი ისე ააწიოკა, ტრიბუნაზე ყველა გაოცებული კითხულობდა, ვინ იყო იმერელთა ახლადგამოჩეკილი იმედი - ასეთი სასარგებლო თავდამსხმელი საქართველოში სანთლით საძებნია. მართალია, რუსთავში გოლი არ გაუტანია, მაგრამ საგოლე გადაცემა მიითვალა და მაყურებელი მოხიბლა.
”ზესტაფონი”-ს პრეზიდენტი ილია კოკაია სიამაყით ამობდა - გენაცვალე, გვივარგა სელექციაო. მოკლედ 23 წლის ფორვარდის ”მეორედ მოსვლა” შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
სად იყო დაკარგული ჩხეტიანი და რატომ არ ჩანდა? ზესტაფონელთა ახალ ფორვარდთან საუბარი ამ კითხვით დავიწყეთ.
- გაგა, ქუთაისის ”ტორბედოდან” ახალგაზრდულში მოგიწვიეს, მაგრამ წინსვლის ნაცვლად, საერთოდ დაიკარგე. აღარ თამაშობდი?
- ერთი წელი მართლა არ მითამაშია. ”ტორპედოში” მიღებულმა მენისკის ტრავმამ შვიდი-რვა თვე დამასვენა. მერე თითქოს მოვმჯობინდი და მუხლის ტკივილმა თავი ისევ გამახსენა. ამ წვალებაში ერთი წელი გავიდა და უგუნდოდ დავრჩი. მაშინ გვერდში ”ნორჩი დინამოს” მწვრთნელები თამაზ კოსტავა და დავით გენძეხაძე დამიდგნენ. რეგიონალლიგიდან დავიწყე, ფორმის აღდგენა მსურდა და მნიშვნელობა არ ჰქონდა, სად ვითამაშებდი. მერე პირველ ლიგაში გადავედით და ზესტაფონშიც იქიდან აღმოვჩნდი.
მახარაძეს ჩემი აყვანა გენძეხაძემ ურჩია. პირველ წრეში რვა ბურტი გავიტანე და ეტყობა, მახარაძე ამიტომაც დაინტერესდა.
- ”ზესტაფონთან” კონტრაქტი იანვარში ხომ გააფორმე?
- დიახ, ასე იყო.
- მერე საკონტროლოებში რატომ არ ითამაშე?
- ისრაელში, პირველი ლიგის ”რანანაში” გამსინჯეს. უმაღლესში გადამსვლელი გუნდია და უარის თქმა სისულელე იქნებოდა. არ დავმალავ, ჩემს ნაცვლად, კენიელი თავდამსხმელი აიყვანეს. მხოლოდ ერთი კვირის ნავარჯიშები, სათამაშოდ მზად არ ვიყავი. ეს მითხრეს კიდეც, მაგრამ ზაფხულში ჩასვლა ისევ შემომთავაზეს.
- ახლა მომზადებული ხართ?
- რა თქმა უნდა, არა. მე ხომ ვიცი, რაც შემიძლია. ახლა წონაც მეტი მაქვს და საერთოდ, საუკეთესო ფორმაში არ ვარ. ეს ჩემზე უკეთ არავინ იცის.
- გამოდის, რუსთაველებთან მხოლოდ მონდომების ხარჯზე ითამაშე და არა კარგი მომზადების?
- ასეა. მე ჯერ კიდევ უნდა დავამტკიცო, რომ ძირითადში თამაშს ვიმსახურებ. ”ოლომპთან” ფიფია ყვითლების გამო ვერ ითამაშებდა, იონანიძე ძირითადში არ იყო და მახარაძე მე მენდო. მითხრა, აგერ ბურთი, მოედანი და დაამტკიცე, ნდობას რომ იმსახურებ და ფიფიას და იონანიძეს თუ ჯობიხარო. ეს ჩემთვის უკვე ნდობას ნიშნავდა, როდესაც მათ რანგში განმიხილავს. სხვათაშორის, ”ბორჯომთან” თასზე გოლი გავითანე და ბატონმა თემურმა ძალიან შემაქო. თუმცა, ვიმეორებ, არც შექება და არც ”ოლიმპთან” თამაში არ ნიშნავს, რომ ჩემი თავით კმაყოფილი ვარ. მე რომ მინდა, იმ ფორმამდე ჯერ კიდევ ბევრი მიკლია.

გაზეთი ”ლელო”
   
FC ZESTAFONI © 2005