22.04.2012

 

 

 

 

 

გამარჯვება მეორე წრის სასტარტო შეხვედრაში

 

 

 

 

 

 

 

2012 წლის 22 აპრილს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მორიგი მატჩები. დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე გამართულ მეორე ეტაპის მეორე წრის სასტარტო შეხვედრაში ქვეყნის ჩემპიონმა და მიმდინარე პირველობის ერთპიროვნულმა ლიდერმა ”ზესტაფონმა” ფოთის საფეხბურთო კლუბ ”კოლხეთს” უმასპინძლა.

 

უკანასკნელ პერიოდში ზესტაფონელებმა ოდნავ შეანელეს სვლა და გამარჯვების გემო უკანასკნელი ოთხი ტურის შეხვედრაში არ უგემიათ. ბოლოს ქვეყნის ჩემპიონმა რუსთავის "მეტალურგთან" შეხვედრაში 25 მარტს გაიმარჯვა და შემდეგი ოთხი საჩემპიონატო შეხვედრიდან ერთი დათმო და სამიც ფრედ დაასრულა. მართალია, იმავე რუსთავის "მეტალურგთან" სათასო ასპარეზზე 18 აპრილს გამართულმა შეხვედრამ მარგველებს გამარჯვების გემო გაახსენა, თუმცა, ჩემპიონატში საბოლოო წარმატების მისაღწევად, რუსთაველებთან მატჩებში გამარჯვებების გარდა, სხვა მეტოქეებთან შეხვედრებშიც აუცილებელია ქულათა მაქსიმუმის მოპოვება.

ფოთის "კოლხეთთან" "დავით აბაშიძეზე" კვირას გამართული დაპირისპირების პირველი ნახევარი პირველიდან უკანასკნელ წუთამდე მასპინძელთა უდიდესი უპირატესობით წარიმართა და მათივე კანონზომიერი გამარჯვებით 2-0 დასრულდა. მიმდინარეობდა 13-ე წუთი, როდესაც ლევან შარიქაძის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმა სტუმართა მეკარის ბაქანთან ჩაკიდებითა და ედიკ საჯაიას ლამაზი და რაც მთავარია ზუსტი თავურით დასრულდა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს გოლი ოფიციალურ შეხვედრებში ზესტაფონელთა რიგებში ედიკ საჯაიას მიერ გატანილი მეოთხე გოლი გახლავთ, წინა გოლი კი გამოცდილმა მცველმა თითქმის 5 წლის წინ, 2007 წლის 28 სექტემბერს, ბოლნისის "სიონის" კარში გაიტანა. რაც შეეხება ფოთელებთან დღევანდელ შეხვედრაში გატანილ მეორე გოლს, ისიც ლევან შარიქაძის მიერ წამოწყებული კომბინაციის შედეგად 36-ე წუთზე გავიდა. მარგველთა ნახევარმცველმა შეტევის მარჯვენა ფლანგზე დროული გადაცემით თეიმურაზ ღონღაძე მოძებნა, მან კი საჯარიმოში თორნიკე აფციაურზე უზუსტესი გადაცემა გააკეთა - მარგველთა კაპიტანის თავური აუღებელი გახლდათ.

ზემოთაღწერილი ორი ეპიზოდის გარდა, ზესტაფონელებმა იმდენი ხიფათი შექმნეს ზღვისპირელთა კართან, რომ ყველა ამ შეტევის აღწერა ალბათ შეუძლებელია. ვიტყვით, რომ გოლის გატანასთან ძალიან ახლოს იყვნენ დავით მუჯირი (2 ეპიზოდში), ჯაბა დვალი, თორნიკე გორგიაშვილი და ლევან შარიქაძე, თუმცა ზესტაფონელთა მიერ საგოლე მომენტების რეალიზაციის ხარისხი ნამდვილად უკეთესის სურვილს ტოვებდა...

იგივე ისტორია გაგრძელდა მეორე ტაიმშიც. ზესტაფონელები განუწყვეტლივ უტევდნენ ფაზისელთა კარს. ასე, მაგალითად, ძალიან კარგი იყო ლევან შარიქაძის შორეული გასროლა, რომელიც ფოთელთა კიპერმა ლადო ნადირაშვილმა თავგანწირულ ნახტომში მოიგერია. ფოთელებმა კი გოლის გატანის პირველივე შესაძლებლობა მშვენივრად გამოიყენეს - მასპინძელთა კარის სიახლოეს დანიშნული საჯარიმო ძალიან ძლიერი და ზუსტი დარტყმით პავლე დათუნაიშვილმა გოლად აქცია. აქვე უნდა ითქვას, რომ ფოთელთა გოლის ავტორმა მატჩის მიწურულს საკმაოდ მძიმედ დაიზიანა მხარი და მისთვის სპეციალიზირებული სამედიცინო დახმარების გაწევა გახდა საჭირო...

უნდა ითქვას სასიამოვნო ამბებზეც - ხანგრძლივი ავადმყოფობისა და მკურნალობის შემდეგ ზესტაფონელთა რიგებს დაუბრუნდა გიორგი ხიდეშელი, რომელმაც მინდორზე 90 წუთი გაატარა და ჩვეულად საიმედოდ ირჯებოდა. ლუკა გუგუჩიას კი სულაც დებიუტი ჰქონდა თავის ახალი გუნდის რიგებში, ის მინდორზე 69-ე წუთზე გამოჩნდა, რამდენიმეჯერ გაამწვავა თამაში და კარშიც დაარტყა; საერთოდ, მატჩის დასკვნით ნაწილში ლადო ნადირაშვილს და მის თანაგუნდელებს ბევრი თავსატეხი გაუჩინა. აქტიური იყო იომი ოვონიკოკოც, რომელიც 2-3 ეპიზოდში დასარტყმელ პოზიციაზეც გავიდა, თუმცა 22 აპრილს გამართული შეხვედრის მეორე ნახევარში ფოთელთა კარის დალაშქვრა ზემოიმერლებს აღარ ეწერათ - 2-1.

 

 

22.04.2012 - ”ზესტაფონი” - ”კოლხეთი” (ფოთი) 2-1

დაწვრილებით:

 

შემდეგ შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 28 აპრილს ქუთაისში გამართავს. საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის მორიგი, მეცხრე ტურის შეხვედრაში მარგველები ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ ”ტორპედოს” ესტუმრებიან.

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005