20.04.2012

 

 

 

 

 

ინტერვიუ გიორგი ჭიაბრიშვილთან

ჩავარდნა დასრულდა!

 

 

 

 

 

 

ოთხწლიანი პაუზის შემდეგ საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" საქართველოს თასის გათამაშების ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ვერაფერს იტყვი, მარგველთა ახალგაზრდა დამრიგებელ გია ჭიაბრიშვილს მართლაც კარგი სეზონი აქვს.
მთავარ მწვრთნელად მუშაობის პირველივე სეზონში ჭიაბრიშვილი ძალიან ახლოსაა ორივე ქართულ ტიტულთან - თასთან და ჩემპიონობასთან. გადამწყვეტი მატჩების წინ "ზესტაფონის" დამრიგებელს ვესაუბრეთ.


- აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია რუსთავში გამართული შეხვედრის ეპილოგმა. რუსთაველები მიიჩნევენ, რომ არბიტრ ბეუქლიშვილს 11-მეტრიანი უნდა დაენიშნა ზესტაფონელთა კარში. თქვენ როგორ შეაფასებთ განვლილ შეხვედრას?
- პირველი 10-12 წუთის განმავლობაში ბურთს უფრო ხშირად ჩვენი მეტოქე ფლობდა. ეს იყო ბურთის ფლობა, თორემ სახიფათო მომენტები ჩვენს კართან პრაქტიკულად არ ყოფილა. აქ ვგულისხმობ 100-პროცენტიან საგოლე მომენტს. ვინც ეს შეხვედრა ნახა დამეთანხმება, რომ პირველ ტაიმში ძალიან ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა. მეორე ნახევარში კი აქცენტი მიღწეულის შენარჩუნებაზე გავაკეთეთ.
ასეთ შეხვედრებში წინა პლანზე შედეგი გამოდის, რითაც სანახაობრივი მხარე ზარალდება. მეორე ტაიმში ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ ბურთი დაგვეჭირა, ჩვენს შანსს დავლოდებოდით. "მეტალურგს" ჰქონდა ერთი-ორი ნახევარმომენტი, მაგრამ ასე თუ ჩამოვთვლით, ოვონიკოკოც გავიდა პირისპირ. ღმერთმა გადმოგვხედა და გამარჯვება მოვიპოვეთ. ვფიქრობ, ეს გამარჯვება დამსახურებული იყო. დანარჩენი თქვენი, სპეციალისტების განსასჯელია.


- რუსთაველები 11-მეტრიანს ითხოვდნენ მატჩის უკანასკნელ წამზე. ალბათ ფირზე ნახავდით ამ ეპიზოდს. როგორია თქვენი აზრი?
- სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ 11-მეტრიანი არ უნდა დანიშნულიყო. გამეორებაზე ჩანს, რომ ჩვენს ფეხბურთელს ბურთი ხვდება მუცელზე და სხეულზე მიბჯენილი ხელის ნაწილზე. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი გუნდია. რაც დასანიშნია, უნდა დაინიშნოს. სხვანაირად წინ ვერ წავალთ. იმ ეპიზოდში ფეხბურთელი ვერ ითამაშებდა სხვანაირად. ბოლოს და ბოლოს, ხომ არ მოიჭრიდა იმ ხელს, ან სახლში ხომ არ დატოვებდა? პირდაპირ წერია წესებში, რომ ასეთი პენალტი არ ინიშნება. საქართველოს ჩემპიონატში რა პენალტებს დებენ და რას არ დებენ, ნამდვილად ვერ გაიგებ. ჩვენ ვიცით, რომ იმ ეპიზობს არ გადაუწყვეტია მატჩის ბედი. დარწმუნებული ვარ, ეს რუსთავის "მეტალურგის" ხელმძღვანელობამაც იცის. ისინი შესანიშნავად ერკვევიან ფეხბურთში. ჩემი აზრით, თავის მართლების მომენტია, თორემ ისე ყველა დამეთანხმება, რომ პენალტი არ იყო.


- არ შემიძლია არ გკითხოთ რატი წინამძღვრიშვილზე. რატი ბრძოლასა და თავდადებას არ აკლებს, თითქოს ყოველთვის საჭირო დროს საჭირო ადგილასაა, მაგრამ რას უნდა მივაწეროთ მისი ქრონიკული უიღბლობა და უგოლობა?
- ვფიქრობ, ერთი გოლია საჭირო იმისთვის, რომ ეს პრობლემა გადაწყდეს. რატის უიღბლო სერია არაა დაკავშირებული იმაზე, რომ მას ან გოლის ალღო აკლია, ან - თამაშის წაკითხვის უნარი. პირიქით, გვგონია, რომ ზედმეტი მონდომების პრობლემაცაა აქ. ძალიან უნდა გაახაროს ზესტაფონელი გულშემატკივარი.


- როდის დაუბრუნდებიან გუნდს ტრავმირებულები, შოთა გრიგალაშვილი და ზურაბ მენთეშაშვილი?
- მენთეშაშვილი ხვალ გუნდთან ერთად ივარჯიშებს. თუ გაუთვალისწინებელი რამ არ მოხდა, იგი ფოთის "კოლხეთთან" სათამაშოდ მზად იქნება. რაც შეეხება შოთა გრიგალაშვილს, თუ "კოლხეთთან" მატჩი გამოტოვა, შემდეგ შეხვედრაში ნამდვილად დაეხმარება გუნდს.


- ჩვენი ინფორმაციით, სამშობლოში გაემგზავრა ნიგერიელი ფორვარდი ოვი შედრაქი, რომელიც გუნდში ისინჯებოდა. როგორ შეაფასებთ აფრიკელ თავდამსხმელს?
- კარგი შთაბეჭდილება რომ დაეტოვებინა, შედრაქი დღეს გუნდში იქნებოდა. აქ რამდენიმე გარემოება მიეწყო ერთმანეთს, სხვა დროს უნდა ჩამოსულიყო და სხვა დროს ჩამოვიდა. მერე ჩვენი სიტყვა აღარ გადავთქვით და მაინც მივეცით შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება. ახლა სეზონის საკვანძო ნაწილია. ყველაფერი წყდება და ნამდვილად არ არის ფეხბურთელის გასინჯვის დრო. მომავალში ამას აღარც გავაკეთებთ. შედრაქთან დაკავშირებით არ შევმცდარვართ, ამაში დარწმუნებული ვარ.


- რუსთავის "მეტალურგთან" გააფთრებული საჩემპიონო ბრძოლა გაქვთ. საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრება ამ ბრძოლაზე.
- მინდა ვთქვა, რომ ჩვენ და "მეტალურგი" ამ დროისთვის აბსოლუტურად ერთნაირ მდგომარეობაში ვართ. სხვაობა ერთი ქულაა და "ზესტაფონის" რაიმე უპირატესობაზე საუბარი ზედმეტია. როცა თანაბარ პირობებში დავიწყეთ ჩემპიონატი, ჩვენი უპირატესობა გამოიკვეთა. იმედია, ასე იქნება ამჯერადაც. თუ არადა, ვიმუშავებთ, აღმოვფხვრით ნაკლოვანებებს. პირადად მე შინაგანად არ მინდა ეს "თუ" დავუშვა, იმიტომ, რომ გუნდის შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ.


- როგორ ფიქრობთ, დასძლია გუნდმა კრიზისი რუსთავში მოგებული უმნიშვნელოვანესი შეხვედრით?
- ძალიან დიდი მუხტი მივიღეთ, მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. ბოლო დროს ბევრი ითქვა "ზესტაფონის" ჩავარდნაზე. თქვენი ნებართვით, ჩემს აზრს გამოვხატავ. თავიდან ერთი ამოსუნთქვით ვითამაშეთ, დიდი უპირატესობა გვქონდა. მერე მოხდა ისე, რომ ამ სისტემის გამო თანაბარ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. იმ, ერთი ამოსუნთქვით თამაშში ძალიან დიდი ადამიანური რესურსი იდო, დიდი ძალები წავიდა. თანაც ყოველ მესამე დღეს თამაშია და საწვრთნელი პროცესი როდისღა უნდა იყოს, არ მესმის. ამის მიუხედავად, ჩვენ სხვაგან მიზეზებს არ ვეძებთ. იყო ჩავარდნა, რომელიც, ჩემი ღრმა რწმენით, დასრულდა.


- სეზონს გვირგვინი 26 მაისს დაედგმება. ფაქტია, რომ გორის "დილასთან" იოლი მატჩი არ იქნება. რას იტყვით ფინალზე?

- უპირველეს ყოვლისა, "დილას" სამწვრთნელო შტაბზე უნდა ვთქვა. სანამ გია ცეცაძე იყო მთავარი მწვრთნელი, გუნდი ძალიან კარგად თამაშობდა და ეს საკუთარ თავზე ვიწვნიეთ. თემურ შალამბერიძის მოსვლის შემდეგ გუნდი სხვანაირად ათამაშდა. ორივე მწვრთნელს ვიცნობ და მათში დარწმუნებული ვარ. ისინი ძალიან კარგი სპეციალისტები არიან. "დილას" აქვს ამბიცია, რომ მოიგოს თასი, გავიდეს "ევროპაზე". ფინალია, ერთი თამაშია, აქ ბევრი რამ თანაბრდება და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ასე რომ, ურთულესი მატჩი გველის. ჩვენი მიზანი კი საქართველოს თასის მოგებაა.


- დაბოლოს, სელექციაზეც უნდა გკითხოთ. გუნდი ცოცხალი ორგანიზმია და მას გაძლიერება-განახლება ყოველთვის სჭირდება. სელექცია ალბათ დღესაც მიმდინარეობს...
- ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ევროტურნირებზე (იმედია, ჩემპიონთა ლიგაში ვითამაშებთ) ფეხბურთელები მაქსიმალურად მომზადებულნი მივიდნენ. სწორედ იქ უნდა გამოავლინონ მათ ბოლომდე საკუთარი შესაძლებლობები. ძლიერ ლეგიონერზე უარს ნამდვილად არ ვიტყვით, მაგრამ თუ უცხოელი და ქართველი ერთნაირად თამაშობს, ჯობს, ისევ შენიანს მიხედო. მგონია, რომ ჩვენ ხელთ არსებულ კონტინგენტს შეუძლია მაღალი ამოცანების გადაჭრა, თუმცა, გაძლიერებაზე უარს არ ვიტყვით.

 

ალეკო კაკაურიძე, გაზეთი "ოლიმპი"
   
FC ZESTAFONI © 2005