18.04.2012

 

 

 

 

 

ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ისევ თასის ფინალში

 

 

 

 

 

 

 

2012 წლის 18 აპრილს გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების ნახევარფინალური სტადიის განმეორებითი მატჩები. რუსთავის სტადიონ "ფოლადზე" საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ადგილობრივ ”მეტალურგს” დაუპირისპირდა.

 

 

რუსთავში გამართულ განმეორებით ნახევარფინალურ დაპირისპირებას ინტრიგა და დაძაბულობა ნამდვილად არ აკლდა - ერთმანეთის პირისპირ ხომ ეროვნული ჩემპიონატის ლიდერები და პირველობის ოქროს მედლების დაუფლების მთავარი პრეტენდენტები წარდგნენ.

 

შეხვედრის საწყისი წუთები მასპინძელთა აქტიურობით აღინიშნა, რუსთაველებმა სტუმართა კართან რამდენიმეჯერ ხიფათის შექმნაც სცადეს, თუმცა როინ კვასხვაძე მასპინძელთა ამ მცდელობებს უპრობლემოდ გაუმკლავდა. პირველი საგოლე მომენტი კი უკვე შიდაქართლელთა კართან შეიქმნა - ჯაბა დვალმა რატი წინამძღვრიშვილი რუსთაველთა გოლკიპერთან პირისპირ დატოვა, თუმცა რატის დარტყმა არ გამოუვიდა ...

 

ამ ეპიზოდის განმუხტვისთანავე მასპინძელთა მეკარე ზურაბ ბათიაშვილმა ბურთი თამაშში შეიყვანა, მას იქვე სტუმრები დაეუფლნენ და ორმა თორნიკემ საგოლე შეტევაც გამოაცხო - თორნიკე აფციაურის დიდოსტატურ გადაცემას თორნიკე გორგიაშვილი გამოეხმაურა, ის მასპინძელთა მცველსა და კიპერს გასცდა და ბურთი რუსთაველთა დაუცველი კარის ბადეში მშვიდად გადაგზავნა.

 

მოვლენათა ასეთმა განვითარებამ ქვემოაქართლელები ოდნავ დააბნია და ტაიმის ბოლომდე მათ კართან რამდენიმე ძალიან სახიფათი იერიში განხორციელდა. დავით მუჯირს, ჯაბა დვალსა და რატი წინამძღვრიშვილს ფინალისტის ვინაობის საბოლოოდ გარკვევა შეხვედრის პირველივე ნახევარში მართებდათ, თუმცა ზესტაფონელთა შემტევთა დარტყმებს ამ ეპიზოდებში სიზუსტე დააკლდათ.

 

დღევანდელი მატჩის მეორე ნახევარი ნაკლებად სანახაობრივი და ძალიან დაძაბული გამოდგა, თუმცა იმერლებმა მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება შეძლეს და ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშების ფინალურ მატჩში ასპარეზობის უფლება ისევ მოიპოვეს. თასის გათაშების გადამწყვეტ შეხვედრაში. რომელიც 26 მაისს გაიმართება, ზემოიმერული კლუბი გორის "დილას" დაუპირისპირდება.

 

 

18.04.2012. ”მეტალურგი” (რუსთავი) - ”ზესტაფონი” 0-1

დაწვრილებით:

 

მორიგ შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 22 აპრილს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართავს. საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის მერვე ტურის მატჩში, რომელიც 19:00 საათზე დაიწყება, მარგველები ფოთის საფეხბურთო კლუბ ”კოლხეთს უმასპინძლებენ.

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005