ნახევარფინალური სტადიის საპასუხო მატჩების წინ
ეროვნული თასის XXII გათამაშებაში გადამწყვეტი თამაშების დრო დადგა. გორში გასამართ დაპირისპირებაში, ადვილი შესაძლებელია, დღემდე ფინალში უთამაშებელმა გორის “დილამ” მოიპოვოს 26 მაისის მატჩში თამაშის საგზური. 2008 წლის შემდეგ, როცა “ზესტაფონმა” პირველად და დღემდე უკანასკნელად მოიგო საპატიო ტიტული, ყვირილასპირელებისა და რუსთაველების გზები მეექვსედ იკვეთება. იმერლებს ჯერ არ წაუგიათ და წინა 2 დუელისას, გამარჯვებული ისინი გამოდიოდნენ...
“ზესტაფონმა”, ბოლოს, 25 მარტს მოიგო და მაშინ მისი მეტოქე რუსთავის “მეტალურგი” იყო. მას შემდეგ, გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილებმა 4 საჩემპიონატო და 1 სათასო მატჩი ითამაშეს. ქვემოქართლელებს რაც შეეხებათ, მათ “დავით აბაშიძეზე” მარცხის შემდეგ ერთხელაც არ წაუგიათ.
ეს გუნდები, ეროვნულ ჩემპიონატზე პირველი ადგილისთვის მებრძოლი ყველაზე რეალური კანდიდატები არიან და ფაქტია, საპასუხო ნახევარფინალური მატჩის შედეგს, ორივე გუნდისთვის დიდი ფსიქოლოგიური მნიშვნელობაც აქვს.
რუსთაველებმა, შარშანდელ ევროტურნირზე ასპარეზობის გამო, საწყისი ეტაპი გამოტოვეს, ხოლო მერე პირველი ლიგის ლიდერ საჩხერის ”ჩიხურასთან” შეძლეს 1/4-ფინალის საგზურის მოპოვება - 1:1, 2:0. იოლი თამაშები არც შემდეგ ეტაპზე ჰქონია კობა ჟორჟიკაშვილის გაწვრთნილ გუნდს. თბილისის ”ვიტ ჯორჯიასთან” ორივე მატჩი კი მოიგო ”მეტალურგმა”, მაგრამ აქაც საკმაო ოფლისღვრის შედეგად - 1:0, 2:1.
”ზესტაფონს” თასის ფინალისკენ მიმავალ გზაზე, ჯერ ფოთის ”კოლხეთი” (2:1, 0:0) შემოხვდა, მერე ქუთაისის ”ტორპედო” (1:1, 1:2). განსაკუთრებული დრამატიზმით გამოირჩა ქუთათურებთან საპასუხო მატჩი, რომლის 90-წუთიანი პერიოდის გასვლის შემდეგ, ტაბლოზე 0:1 სტუმართა სასარგებლოდ ეწერა. ყვირილასპირელებმა ბოლომდე იბრძოლეს და ჯერ თორნიკე გორგიაშვილმა გაათანაბრა ანგარიში, არბიტრ ლევან კვარაცხელიას მიერ დამატებულ მე-4 წუთზე კი, ალექსი ბენაშვილმა დაუსვა წერტილი ამ მართლაც უკომპრომისო დაპირისპირებას.
მეტოქეთა ურთიერთშეხვედრები 18 საჩემპიონატო და 5 სათასო მატჩს ითვლის, რომელთაგან შედეგი 22-ში დაფიქსირდა. შეგახსენებთ, რომ 2009-2010 წლების სეზონის გაზაფხულზე, ზესტაფონში გამართული ეროვნული ჩემპიონატის მატჩი (89-ე წუთამდე 1:1 იყო), არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ სტადიონზე შექმნილი არასაფეხბურთო სიტუაციის გამო შეწყვიტა. ფედერაციაში, მომხდარ ინცინდენტზე იმსჯელეს და ორივე გუნდს ტექნიკური წაგება ჩაუთვალეს (“ოლიმპს”, დამატებით, 3 ქულაც დააკლეს). დასრულებული მატჩების სტატისტიკაში, მოგებათა მხრივ უპირატესობა იმერელთა მხარესაა - 10:5. უპირატესობას ფლობენ ყვირილასპირელები გატანილ-გაშვებული ბურთების სხვაობის მხრივაც - 23:13.
ამ სტატისტიკიდან მეტოქეთა სათასო დაპირისპირებებს თუ გამოვყოფთ, მათში ”ზესტაფონის” უპირატესობაა აშკარა. დღემდე გამართულ 5 მატჩში, იმერლებმა 3 მოგება მიითვალეს, ”მეტალურგის” აქტივში კი მხოლოდ 2 ფრეა (ბურთები 6:1).
ფოტო საიტიდან www.worldsport.ge
|