2012 წლის 14 აპრილს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის მეშვიდე ტურის მატჩები. საფეხბურთო სეზონის გადამწყვეტი ეტაპის პირველი წრის დასკვნით შეხვედრაში საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მარტვილის ”მერანს” ესტუმრა.
ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის პირველი წრის დასკვნითი მატჩი საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” მარტვილში, ადგილობრივი ცენტრალური სტადიონის მოედანზე გამართა. საინტერესოა, რომ მიმდინარე წელს უმაღლესი ლიგის საფეხბურთო დაპირისპირებას მარტვილმა პირველად სწორედ დღეს უმასპინძლა. სხვა საქმეა, რომ ადგილობრივი საფეხბურთო არენის საფარის მდგომარეობა არ შეესაბამება უმაღლესი ლიგის მოთხოვნებს და შარშანდელი დეკემბრის მდგომარეობასთან შედარებითაც კი მკვეთრად გაუარესებულია. ამის მიუხედავად, მატჩის გამართვა მაინც ამ სტადიონზე გადაწყდა... რაც შეეხება ფეხბურთისადმი ინტერესს, მარტვილში ამ მხრივ პრობლემა არასდროს ყოფილა და არც დღევანდელი დღე გამოდგა გამონაკლისი - ქალაქის ცენტრალური სტადიონის ტრიბუნები მთლიანად გაივსო...
მატჩი სტუმართა იერიშებითა და მათი სწრაფი გოლებით დაიწყო - 6-ე და 19-ე წუთებზე ჯაბა დვალმა ორი გოლით დაამწუხრა მარტვილელები და სტუმრებს საკმაოდ კომფორტული ჰანდიკაპიც შეუქმნა. 20-ე წუთზე მატჩის არბიტრმა ხვიჩა გაგნიძემ, უცნაურ სიტუაციაში, კუთხურის ნიშნულთან ახლოს, სტუმართა კარის მიმართულებით ჯარიმა დანიშნა და პაპუნა ფონიავამ ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. პირველი ტაიმის ბოლომდე ანგარიშის შეცვლასთან ახლოს ისევ ზესტაფონელები იყვნენ, მაგრამ მათი მცდელობები, სიმწვავის მიუხედავად, არაზუსტი გამოდგა.
შეხვედრის მეორე ნახევრის დებიუტში სტუმრებმა ანგარიშში ორბურთიანი უპირატესობა აღადგინეს - დავით მუჯირის მიერ 53-ე წუთზე შესრულებული საჯარიმო აუღებელი გამოდგა. სტუმართა გოლს უკვე მასპინძელთა გააქტიურება და გიგა ჟვანიას ლამაზი გოლი მოჰყვა. ამის შემდეგ კი მინდორზე მთავარ მოქმედ პირად მატჩის არბიტრი ხვიჩა გაგნიძე იქცა, რომელმაც სტუმართა კარში ორი 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა დანიშნა. ორივე შემთხვევაში უმკაცრესი საფეხბურთო სასჯელი გოლებად გიგა ჟვანიამ აქცია, რომელმაც ჯერ 72-ე წუთზე გაჰქვითა ანგარიში, ხოლო მას შემდეგ, რაც 74-ე წუთზე თორნიკე გორგიაშვილმა წინ ისევ იმერლები გაიყვანა, მატჩის ბოლო წუთზე მისი გუნდისათვის ქულის მომტანი დარტყმაც ითავა. უნდა აღინიშნოს, რომ სტუმართა კარში დანიშნულმა მეორე პენალტიმ მარტვილის სტადიონზე შეკრებილი საზოგადოების გარკვეულ ნაწილში არბიტრის ქმედებათა სამართლიანობის მიმართ უნდობლობა გამოიწვია - ფრე 4-4.
18 აპრილს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების განმეორებით ნახევარფინალურ შეხვედრაში მარგველები საფეხბურთო კლუბ ”მეტალურგს” რუსთავში ესტუმრებიან. საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის მეორე წრის საწყისი, მერვე ტურის შეხვედრას კი საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 22 აპრილს შინ გამართავს. მარგველთა მეტოქე ფოთის საფეხბურთო კლუბი ”კოლხეთი” იქნება.