10.03.2007

ფრე რუსთავში ...

 

2007 წლის 10 მარტს გაიმართა საქართველოს XVIII-ე ეროვნული ჩემპიონატის 16-ე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ტურის ცენტრალურ მატჩში სტუმრობდა ეროვნული ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერს, რუსთავის საფეხბურთო კლუბ ”ოლიმპ”-ს.

მატჩს დაესწრო 4 000- ზე მეტი გულშემატკივარი, რომელთა შორის მრავლად იყვნენ მარგველთა გულშემატკივრებიც. უნდა ითქვას, რომ იმერული ”ტორსიდა” მთელი შეხვედრის მანძილზე ისე ერთგულად და ომახიანად ქომაგობდა საყვარელ გუნდს, რომ რუსთაველი ფეხბურთის გულშემატკივრებიც აღფრთოვანებულნი დარჩნენ სტუმართა თავდადებითა და ერთგულებით...

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, უნდა ითქვას, რომ შეხვედრის პირველი ნახევარი საკმაოდ თანაბარ ბრძოლაში მიილია, მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლები მცირე ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ და მოედნის ცენტრში ოდნავ უფრო აქტიურად გამოიყურებოდნენ.

მეორე ტაიმის დასაწყისში კი მასპინძლებს ანგარიშის გახსნის ყველაზე რეალური შესაძლებლობა მიეცათ, თუმცა ჯერ კარის ძელმა, შემდეგ კი მეკარე გრიგოლ ჭანტურიას ბრწყინვალე თამაშმა ზესტაფონელთა კარი ხიფათისაგან იხსნა. აქედან მოყოლებული მასპინძლებს აშკარად დაეტყოთ ფიზიკური დაღლილობა, მათ აქცენტი საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე გადაიტანეს და მოედანზე სიტუაციის სრული ბატონ-პატრონნი უკეთეს ფიზიკურ კონდიციებში მყოფი მარგველები გახდნენ . ყოველივე ამან ნაყოფი შეხვედრის 72-ე წუთზე მოიტანა, როდესაც ზესტაფონელთა რიგებში ერთ-ერთი საუკეთოსოს, გაგა ჩხეტიანის გადაცემის შემდეგ გოლი მასპინძელთა კარში მოედანზე ახლადშემოსულმა ალექსი ბენაშვილმა გადაგზავნა .

გაშვებული გოლის შემდეგ მასპინძლებმა თითქოს სცადეს შეხვედრის ბედის შემოტრიალება, თუმცა ზესტაფონელთა დაცვა ძალიან მშვიდად ჩანასახშივე აქრობდა საკუთარ კართან ხიფათის შესაძლებლობასაც კი. 91-ე წუთი კი ”ოლიმპი”-ს ფეხბურთელთათვის ბედნიერი აღმოჩნდა - მას შემდეგ, რაც ბურთს თითქოს დაუფლებულმა გიორგი ჭელიძემ ფაქტიურად გონი დაკარგა და მოედნის საფარზე აღმოჩნდა, რუსთაველები დაეფლნენ ბურთს, წამოიწყეს შეტევა და საკმაოდ საკამათო მდგომარეობიდან, რომელმაც ზესტაფონელიც და, რაოდენ გასაკვირი არ უნდა იყოს, უამრავი რუსთაველი გულშემატკივარიც მსაჯის გადაწყვეტილების მიმართ უარყოფითად განაწყო, შესძლეს ანგარიშის გათანაბრება, ბურთი რავაზ გოცირიძეს ანგარიშზეა - შედეგად ფრე 1-1.

10/03/2007- ”ოლიმპი” - ”ზესტაფონი” - 1-1

დაწვრილებით:

 

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005