05.04.2012

 

 

 

 

 

საინტერესო მატჩის წინ

 

 

 

 

 

 

ხვალ, 6 აპრილს, გაიმართება საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ტურნირის მორიგი ტურის მატჩები. ქართული ოქროსათვის და ევროპული საკლუბო ტურნირების საგზურებისათვის ბრძოლა გადამწყვეტ სტადიაში შედის. აქედან გამომდინარე, თვითოეულ ქულასა და ნებისმიერი შეხვედრის შედეგს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

 

ხვალინდელი ტურის ერთ-ერთი საინტერესო მატჩი ზესტაფონში ჩატარდება - დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საქართველოს მოქმედი ჩემპიონი და ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი ”ზესტაფონი” მიმიდინარე სეზონის ერთ-ერთ აღმოჩენად მიჩნეულ, ძლიერი პატრონისა და დამფინანსებლის გამოჩენის შემდეგ გაძლიერებულ და ამბიციამომატებულ გორის საფეხბურთო კლუბ "დილას" უმასპინძლებს.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ საჩემპიონატო "რბოლის" ლიდერსა და მის მდევრებს შორის "დისტანცია" ზესტაფონელთათვის არაკომფორტულ ნიშნულამდე შემცირდა და ამის შედეგად იმერლებს ჩემპიონატის დარჩენილ მატჩებში მაქსიმალური ყურადღება მართებთ. რაც შეეხება ხვალინდელ დაპირისპირებას, ყველაზე დიდ ინტერესს, რაღა თქმა უნდა, ის ფაქტი იწვევს, რომ ხვალინდელ შეხვედრაში მარგველთა მეტოქე არის გუნდი, რომელთანაც "ზესტაფონი" პირველი წრის შეხვედრაში შინ დამარცხდა (ეს იყო "ზესტაფონის" პირველი მარცხი სეზონში), თანაც დიდი და უსიამოვნო ანგარიშით 0-4. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სწორედ ამ უსიამოვნო მარცხის შემდეგ ჩემპიონი "გონს მოვიდა", თავის საჩემპიონო ამბიციების სრულად წარმოჩენა მოახერხა და ჩემპიონატის ლიდერობა მას შემდეგ იგდო ხელთ.

2004 წლიდან მოყოლებული, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” და გორის ”დილა” 12-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის მატჩის გარდა, რომელიც გორელთა სენსაციური მოგებით დასრულდა, ”ზესტაფონმა” ყველა დანარჩენ შეხვედრაში იმარჯვა (ბურთების შეფარდება 28:7).

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005