ოვონიკოკოს შედეგიანი დაბრუნება
2012 წლის 3 აპრილს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის ოცდამეექვსე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” დუბლიორები ფოთის ”კოლხეთის” მეორე გუნდს დაუპირისპირდნენ.
ზესტაფონელ და ფოთელ დუბლიორთა დღევანდელი შეხვედრა, წესითა და რიგით, ფოთში უნდა გამართულიყო, მაგრამ მხარეთა ურთიერთშეთანხმების გათვალისწინებით, მატჩს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ბაზამ უმასპინძლა.
ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი, ხიდეშელი (რობაქიძე, 46), თედო გრიგალაშვილი, ბენაშვილი (ჯიქიძე, 63), გაგოშიძე, ბერაია, გაჩეჩილაძე, ჭანტურიშვილი, რაჟამაშვილი (ღირდალაძე, 63), ოვონიკოკო (შარვაძე, 46), ლომია (ხუჯაძე, 61).
პირველივე წუთებიდან შეხვედრა ნომინალურ სტუმართა და ფაქტიურ მასპინძელთა დიდი უპირატესობით წარიმართა, ზესტაფონელებმა ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე სახიფათო შეტევაც განახორციელეს ფოთელთა კართან და 28- ე წუთზე ...გოლი გაუშვეს - მორიგი იერიშით გართულ იმერლებს ზღვისპირელთა კონტრაქცია გაეპარათ და მეკარე კახა მეშველიანთან პირისპირ გასულ ლევან გულუას გოლის გატანა არ გასჭირვებია.
ამის შემდეგ ზესტაფონელთა შეტევები კიდევ უფრო მწვავე გახდა და იმერელთა ბაზაზე მრავლად შეკრებილი გულშემატკივარი ზესტაფონელთა მაისურით გატანილი სადებიუტო გოლის მომსწრე გახდა - 37-ე წუთზე თავი ხანგრძლივი ავადმყოფობისა და მკურნალობის შემდეგ საფეხბურთო მოედანზე დაბრუნებულმა იომი ოვონიკოკომ გამოიჩინა (იხილეთ ვიდეო).
პირველი ტაიმის მსგავსად, მეორე ტაიმიც მარგველთა დიდი უპირატესობით წარიმართა. მათ რამდენიმე ძალიან ხელსაყრელი ეპიზოდის გოლად ქცევა ვერ მოახერხეს და ამაში მთავარი "დამნაშავე" ფოთელთა მეკარე მიხეილ ხარშილაძე გახლდათ. შეიძლება ითქვას, რომ ქულა ზესტაფონელებს სწორედ ფოთელთა ახალგაზრდა გოლკიპერმა გამოსტაცა - ფრე 1-1.
დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი
|