02.04.2012

 

 

 

 

 

ვიზიტი ზუგდიდის საფეხბურთო ბაზაზე

 

 

 

 

 

 

 

2012 წლის 2 აპრილს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის მეხუთე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ ”ბაიას” ხელოვნურსაფარიან მოედანზე მასპინძელთა გუნდს დაუპირისპირდა.

 

ზუგდიდელთა საფეხბურთო კომპლექსი ნამდვილად ძალიან კარგი სპორტული ობიექტია, თუმცა უმაღლესი ლიგის მატჩების მისაღებად ის მზად ნამდვილად არაა... არც ამ თემაზე მეტი საუბრით შეგაწყენთ თავს, უბრალოდ, ჩვენის მხრივ, აუცილებლად გვინდა მოვუბოდიშოთ ჩვენი საიტის ერთგულ მომხმარებელს იმ ვიზუალური მასალის (და ამ მასალის ხარისხის) გამო, რომელიც დღევანდელი მატჩის შესახებ რეპორტაჟს უნდა დავურთოთ თან ...

 

შეხვედრის საწყისი წუთები თანაბრად კი წარიმართა, თუმცა მასპინძლის სტატუსის შესაფერისად იერიშზე ორიენტირებულმა მასპინძლებმა სახიფათო შეტევის განხორციელებაც მოახერხეს და გოლის გატანაც - ზუგდიდელთა შეტევის მარცხენა ფლანგზე 15-ე წუთზე დანიშნულ საჯარიმო დარტყმას მაღალი ჩაწოდება და ნიკა შონიას ზუსტი დარტყმა მოჰყვა. არადა, მანამდე ანაგარიშის გახსნა სტუმრებს შეეძლოთ - მეკარე გიორგი სომხიშვილთან პირისპირ გასულმა რატი წინამძღვრიშვილმა ბურთის ერთი შეხებით კარში გადაგზავნა ვერ მოახერხა და მომენტიც დაიკარგა. გაშვებული გოლის შემდეგ ბურთიც და ტერიტორიაც მარგველებმა დაისაკუთრეს, ტაიმის დასრულებამდე რამდენიმე სახიფათო იერიშიც განახორციელეს ზუგდიდელთა კართან, მაგრამ მიზანს მხოლოდ ერთხელ, ტაიმის მიწურულს, მიაღწიეს - 42-ე წუთზე ლევან შარიქაძის კარგი სოლო-რეიდი ბურთის საჯარიმოში ჩაწოდებითა და გიორგი ონიანის აუღებელი თავურით დასრულდა.

 

მეორე ტაიმი ისევ ზესტაფონელთა შეტევების თანხლებით წარიმართა, მასპინძლები კი თავის შანსს კონტრშეტევაზე ელოდნენ. მოკლედ, ისეთი თამაში წარიმართა, რომელშიც გამარჯვების მოპოვება ორივე მხარეს შეეძლო, თუმცა როინ კვასხვაძისა და გოგიტა სომხიშვილის მაღალმა კლასმა არ მისცა საშუალება ზუგდიდის საფეხბურთო კომპლექსის ტერიტორიაზე მრავლად შეკრებილ ორივე გუნდის გულშემატკივარს გატანილი გოლები შეხვედრის მეორე ნახევარშიც ეხილათ - ფრე 1-1.

 

02.04.2012 - ”ბაია” (ზუგდიდი) - ”ზესტაფონი” 1-1

დაწვრილებით:

 

საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის მეექვსე ტურის შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 6 აპრილს შინ გამართავს. ქვეყნის ჩემპიონი ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაძლიერებულ გორის საფეხბურთო კლუბ ”დილას” დაუპირისპირდება.

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005