29.03.2012

 

 

 

 

 

ინტერვიუ გიორგი ჭიაბრიშვილთან

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი პრინციპულ მეტოქეს შინ მიიღებს. "დავით აბაშიძეზე" ორი იმერული გუნდი ქულების აღებას ეცდება. ზესტაფონელები სრულ საბრძოლო განწყობაზე არიან. მატჩის წინა სამზადისზე "ზესტაფონის" ახალგაზრდა მწვრთნელს გიორგი ჭიაბრიშვილს ვესაუბრეთ.

 

გიორგი ჭიაბრიშვილი: „ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული დაპირისპირება გველის „ტორპედოსთან“. ვემზადებით ჩვეულებრივად, როგორც ყველა თამაშის წინ. როგორი ვითარებაც უნდა იყოს გუნდებში, „ზესტაფონისა“ და „ტორპედოს“ დაპირისპირება ყოველთვის დაძაბულია, რთულია და დიდ ინტერესს იწვევს. ვიმედოვნებ, რომ მოვახერხებთ ამ თამაშამდე სრული საბრძოლო განწყობის შექმნას და ბოლომდე მოვინდომებთ. როგორც გვჩვევია, მოედანზე, რა თქმა უნდა, მოსაგებად გავალთ.

უკვე შემოგვიერთდნენ ტრავმირებული ფეხბურთელები, ოპტიმალური ფორმისგან ჯერ შორს არიან, მაგრამ ნელ-ნელა დაუბრუნდებიან ჩვეულ რიტმს. ისინი ვარჯიშობენ სრული დატვირთვით და ვიმედოვნებ, მოკლე ხანში სრულფასოვნად დაუბრუნდებიან სათამაშო მოედანს.

მთავარი მიზანი ის არის, რომ მოვიპოვოთ ჩემპიონობა, თასიც და სუპერთასიც. ჩვენ ვიბრძოლებთ ამისთვის, რამდენად გამოგვივა მიზნის მიღწევა, ამას ბოლოს ვნახავთ, მაგრამ სამივე ფლანგზე და ზოგადად, რა ტიტულის მოპოვებაც შეიძლება საქართველოში, ყველაფრის მოსაგებად თავს არ დავზოგავთ.

ჩემპიონატში ძალიან ახლოს ვართ მიზანთან და ამავდროულად - შორსაც. ძლიერი კონკურენტები გვყავს და მეეჭვება, იოლად დაგვითმონ. ასევე თასზეც უშეღავათო ბრძოლა გველის. სუპერთასიც არანაკლებ დაძაბული იქნება, „გაგრა“ არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი. ამის შემდეგ სხვა მიზანი გვექნება - ევროტურნირებზე თამაში. სამივე ფლანგზე ბრძოლა მოგვეხმარება, რომ შემართებითა და განწყობით გავიდეთ ევროთასების თამაშების მოსაგებად".

 


მირანდა სურმანიძე, ინტერნეტ-გამოცემა www.geosports.ge
   
FC ZESTAFONI © 2005