დუბლიორთა ტურნირის საინტერესო შეხვედრა
2012 წლის 27 მარტს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის ოცდამეხუთე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” დუბლიორებმა რუსთავის ”მეტალურგის” მეორე გუნდს უმასპინძლეს.
ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მამალაძე, ხიდეშელი (რობაქიძე, 46), კობახიძე (ჯიქიძე, 59), გაგოშიძე, ბენაშვილი (ხუჯაძე, 68), ბაბუნაშვილი (ჯუღელი, 46), გაჩეჩილაძე, სამუშია,ჭანტურიშვილი, ოვონიკოკო (ღირდალაძე, 61), შარვაძე.
ზესტაფონელ და რუსთაველ დუბლიორთა დღევანდელი შეხვედრა, რომელიც საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ბაზაზე გაიმართა, მარგველთა რიგებში მწვანე მინდორზე დაბრუნებულ ფეხბურთელთა სიმრავლით იყო აღსანიშნავი. საკმაოდ დიდი ხნის წინ მიღებული ტრავმებისა და ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, მოედანს გიორგი ხიდეშელი, შოთა ბაბუნაშვილი, იომი ოვონიკოკო და ალექს ბენაშვილი დაუბრუნდნენ. შესაძლოა, ოპტიმალური ფორმის მისაღწევად ტრავმამოშუშებულ ფეხბურთელებს გარკვეული პერიოდი კვლავაც ესაჭიროებათ, თუმცა თავად ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ამ ფეხბურთელთა გამოჯანმრთელებისა და ფეხბურთში დაბრუნების ფაქტი, ნამდვილად არის "ზესტაფონის" ქომაგთათვის სასიამოვნო...
თავად შეხვედრას რაც შეეხება, ის ძალიან დაძაბულად და სანახაობრივად წარიმართა. პირველი ტაიმი მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარეობდა და მათივე მინიმალური უპირატესობით (1-0) დასრულდა - თავი შეხვედრის 43-ე წუთზე გურამ სამუშიამ გამოიჩინა.
მეორე ტაიმის დაწყებისთანავე მეტალურგებმა ანგარიში გაათანაბრეს - 52-ე წუთზე გატანილი გოლი ივანე ხაბელაშვილის ანგარიშზეა. 65-ე წუთზე მასპინძლები ვახტანგ ჭანტურიშვილის ლამაზი თავურის შემდეგ ისევ წინ გავიდნენ, მაგრამ პირველსავე საპასუხო შეტევაში ირაკლი მოდებაძემ ანგარიში ისევ საყაიმო გახადა. მატჩის დასკვნითი ნაწილი ორმხრივ იერიშებში წარიმართა და ასეთ თამაშში იღბალმა სტუმრებს გაუღიმათ - 78-ე წუთზე ბექა ქართველიშვილმა თავის გუნდი წინ გაიყვანა, 90-ეზე კი მთელი ძალებით შეტევაზე გადასულ მასპინძლებს რუსთაველთა სწრაფი იერიში გამოეპარათ, რომელიც ზესტაფონელებმა მხოლოდ წესის დარღვევით შეაჩერეს და ამისათვის საკუთარ კარში 11-მეტრიანი ნიშნულიდან დავით ჩიგოევის მიერ გატანილი გოლიც მიიღეს - 2-4.
დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი
|