2012 წლის 25 მარტს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ეტაპის მეოთხე ტურის მატჩები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ქვეყნის ჩემპიონმა და მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის ლიდერმა”ზესტაფონმა” უახლოეს მდევარს, რუსთავის საფეხბურთო კლუბ ”მეტალურგს” უმასპინძლა.
დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე გამართული ეროვნული ჩემპიონატის ლიდერთა შეხვედრის წინ, ზესტაფონელთათვის მონატრებულმა მზემ ზემო იმერეთს, როგორც იქნა, მოწყალედ "გადმოხედა" და საქართველოს ბოლო ორი ჩემპიონის დაპირისპირება ნამდვილად კარგ საფეხბურთო ამინდში შედგა.
მატჩის დაწყებისთანავე მასპინძლებმა რუსთაველთა კართან ნამდვილი "ქარიშხალი" დაატრიალეს და უკვე 5-ე წუთზე, შოთა გრიგალაშვილის უზუსტესი გადაცემის შემდეგ, მიმდინარე ეროვნული პირველობის მეგოლეთა პაექრობის ლიდერმა ჯაბა დვალმარუსთაველთა კარი აიღო და ბომბარდირთა რბოლაში მეთოთხმეტე ქულა ჩაიწერა. მარგველებმა გოლის შემდეგაც შემტევ სტილში განაგრძეს ასპარეზობა და მალევე ანგარიშის ორამდე გაზრდაც მართებდათ - ფაქტიურად დაუცველ კარში თორნიკე გორგიაშვილის დარტყმული ოდნავ არაზუსტი აღმოჩნდა.
ტაიმის შუაწელიდან თამაში გათანაბრდა და რუსთაველებმა სათამაშო ინიციატივის ხელთ ჩაგდება სცადეს. რამდენიმე სახიფათო, თუმცა უშედეგო იერიშის შემდეგ, 29-ე წუთზე, ქვემოქართლელებმა სანიმუშო შეტევა განახორციელეს და როინ კვასხვაძესთან პირისპირ დარჩენილმა ირაკლი სიხარულიძემანგარიში აუღელვებლად გაათანაბრა.
ანგარიშის გათანაბრებამ გამაღიზიანებლად უკვე მასპინძლებზე იმოქმედა და 36-ე წუთზე "ზესტაფონი" ისევ დაწინაურდა - მარგველთა შეტევის მარჯვენა ფლანგზე დანიშნული საჯარიმო დარტყმა სტუმართა მეკარის ბაქანთან თორნიკე აფციაურმა ჩაჰკიდა, იქ კი გიორგი ონიანმა ყველას დაასწრო და მეორედ აიღო რუსთაველთა კარი. ალბათ, აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ ეპიზოდში თავის გუნდის გადარჩენა რუსთაველთა გოლკიპერ გრიგოლ ბედიაშვილს ნამდვილად შეეძლო, თუმცა საბოლოოდ ეპიზოდი მასპინძელთა სასარგებლოდ დასრულდა.
დღევანდელი მატჩის მეორე ტაიმი ზამთრის პაუზისა და ჩემპიონატის განახლების შემდეგ ზესტაფონელთათვის ალბათ ყველაზე რთულად წარმართული ტაიმი გახლდათ. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ რუსთაველთა ძალიან ძლიერ გუნდს სატურნირო თვალსაზრისით დღევანდელ დაპირისპირებაში წარმატების მიღწევა ძალიან ესაჭიროებოდა და აქედან გამომდინარე, მეორე ნახევარი ორივე გუნდისათვის ძალიან მძიმე ბრძოლაში წარიმართა. მართალია, ანგარიშის შეცვლასთან უფრო ახლოს მასპინძლები იყვნენ, თუმცა საბოლოოდ, "დავით აბაშიძეზე" შეკრებილი მრავალრიცხოვანი პუბლიკის გასახარად, ლიდერთა ჯახი ზესტაფონელთა რთული, თუმცა მაინც დამსახურებული გამარჯვებით დასრულდა - 2-1.
მატჩის შემდეგ (www.worldsport.ge):
კობა ჟორჟიკაშვილი („მეტალურგი“): "მეტოქეს გამარჯვებას ვულოცავ! „ზესტაფონი“ კარგი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული და კარგ ფეხბურთსაც თამაშობს. ჩვენი ამოცანა იყო, მასპინძლებისთვის კომბინაციური თამაშის საშუალება არ მიგვეცა. ეს კი შევძელით, მაგრამ 2 მიუტევებელი შეცდომა დავუშვით და დავისაჯეთ".
გიორგი ჭიაბრიშვილი („ზესტაფონი“): "რთული მატჩი იყო. „დინამოსთან“ თამაშს ბევრი ძალა შევალიეთ, ეს დღეს კარგად იგრძნობოდა. საერთოდ, ჩვენთან თამაშს ყველა, როგორც უკანასკნელ ბრძოლას, ისე განიხილავს. რაღა თქმა უნდა, შედეგით კმაყოფილი ვართ, ოქროს ფასის მქონე 3 ქულა მოვიპოვეთ".
მორიგ მატჩს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 29 მარტს ისევ "დავით აბაშიძეზე" გამართავს. საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის მეორე ტურის გადადებულ შეხვედრაში ზემოიმერელთა მეტოქე ქუთაისის საფეხბურთო კლუბი ”ტორპედო” იქნება. იმერული დერბი 18:00 საათზე დაიწყება.