ჭიაბრიშვილი და დევდარიანი: "გახსნილი, სანახაობრივი მატჩი იყო"
"დინამო"-"ზესტაფონი" 1:1 დასრულდა. ნამატჩევს სტუმართა გულშემატკივრები კარგ ხასიათზე ტოვებდნენ სტადიონს (მიუხედავად იმისა, რომ მოგებამდე 10 წუთი აშორებდათ), ხოლო "დინამოს" ქომაგები გაწბილებულნი იყვნენ. დევდარიანის გუნდის საჩემპიონო შანსები კიდევ უფრო შემცირდა.
ახლა კი მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე:
გიორგი ჭიაბრიშვილი ("ზესტაფონის" მწვრთნელი): - რთული თამაში იყო, რასაც ველოდით კიდეც. ორივე გუნდს ძალიან ბევრი მომენტი ჰქონდა და როგორც "დინამოს", ასევე "ზესტაფონსაც" შეეძლო მოგება. სანახაობრივად ნამდვილად კარგი, გახსნილი ფეხბურთი იყო. აქვე უნდა ვთქვა, რომ დევდარიანმა მოკლე დროში შესძლო გუნდის პროგრესირება და ეს კარგია. ვფიქრობ, "დინამო" კიდევ უფრო მოუმატებს. ჩვენ მოსაგებად ვიყავით ჩამოსულნი, სამი ქულის აღება გვსურდა.
- საყრდენი მენთეშაშვილი ფორვარდ წინამძღვრიშვილით შეცვალეთ. ეს იმაზე მიუთითებს, რომ უპირობოდ გამარჯვება გსურდათ? არადა, ფრეც გაწყობდათ სატურნირო თვალსაზრისით.
- დიახ, "ზესტაფონი" ყველა თამაშში მოსაგებად იბრძვის. ჩვენ მხოლოდ ტაბლოს არ ვუყურებთ. ფეხბურთი მათემატიკა არაა, ჩემპიონატის სისტემა და ქულების გაყოფა არ გვაინტერესებს და არც გვაინტერესებდა. პირველი ტურიდან თითოეულ მატჩში გამარჯვებისთვის ვიბრძვით. ტაბლოს იქით არის ხარისხიანი, შემტევი ფეხბურთი. ქართველები ვართ და ისეთი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, როგორიც მოგვდგამს.
გიორგი დევდარიანი ("დინამოს" მწვრთნელი): - რთული და სანახაობრივად კარგი, გახსნილი ფეხბურთი ვიხილეთ. ორივე გუნდს შეეძლო გამარჯვება. დღეს პირველად შემიძლია ვთქვა, რომ გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. არ დაგვავიწყდეს, რომ მეტოქე "ზესტაფონი" იყო. ყველამ იცის, რა დონის გუნდია, მაგრამ ფრემ გული დაგვწყვიტა. ჯადოსნური ჯოხი ნამდვილად არ მიჭირავს ხელში, უცებ ყველაფერს ვერ შევცვლი.
- რა იქნება ამ სეზონში "დინამოს" პროგრამა-მაქსიმუმი?
- პროგრამა-მაქსიმუმი ჩემპიონობაა, თუმცა საამისოდ რეალური შანსი არ გვაქვს. როცა გუნდში მოვედი, მაშინაც არ იყო რეალური. დღევანდელ შეხვედრაში კი მოგება იყო ჩვენი მიზანი, რაც ვერ მოვახერხეთ.
|