2012 წლის 21 მარტს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის მესამე ტურის მატჩები. ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონმა მეტად პრინციპული ხასიათის დაპირისპირებას უმასპინძლა. საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ჩემპიონობისათვის ბრძოლაში ერთ-ერთ უშუალო კონკურენტს, თბილისის საფეხბურთო კლუბ ”დინამოს” ესტუმრა.
მატჩი, რომელიც ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართა, პირველივე წუთებიდან დაძაბულად წარიმართა. იგრძნობოდა, რომ ორივე გუნდი შედეგზე იყო ორიენტირებული და შეცდომის დაშვებას მაქსიმალურად უფრთხოდა. აქედან გამომდინარე, სულაც არ იყო გასაკვირი, რომ მთლიანობაში თანაბარი პირველი ტაიმი სახიფათო მომენტების სიმრავლით ნამდვილად არ გამოირჩეოდა.
სამაგიეროდ, შეხვედრის მეორე ნახევრის დასაწყისშივე სტუმრებმა დაწინაურება შეძლეს - 47-ე წუთზე დავით მუჯირმა მარგველთა შეტევის მარჯვენა ფლანგზე ბურთის დაუფლებისათვის ხანგრძლივი ორთაბრძოლა ლევან ხმალაძეს მოუგო, თბილისელთა საჯარიმოში შეიჭრა და ძლიერი გამჭოლი გადაცემით თანაგუნდელისათვის პასის გაკეთება სცადა, "მუმუს" გადაცემა კი დინამოელმა ჯაბა ჯიღაურმა საკუთარი კარის ბადეში ჩაჭრა.
ანგარიშში დაწინაურების შემდეგ ზესტაფონელებმა აქცენტი საკუთარი კარის უსაფრთხოებასა და კონტრშეტევაზე თამაშზე გააკეთეს. სტუმრებმა რამდენიმე სახიფათო, თუმცა უშედეგო კოტრიერიშიც განახორციელეს, თბილისელთა შეტევებს კი, მათი დიდი მონდომების მიუხედავად, სიმწვავე აკლდა. სტუმრები მატჩის მსვლელობას თითქოს აკონტროლებდნენ, თუმცა 80-ე წუთზე დინამოელთა შეტევით აქციას იმერელთა კარში გატანილი გოლი მაინც მოჰყვა - მოედნის დინამოელთა ნახევრიდან გაკეთებული გრძელი გადაცემის შემდეგ ზესტაფონელთა კიპერ როინ კვასხვაძესთან პირისპირ დარჩენილმა ჩისკომთავის შანსი ოსტატურად გამოიყენა. მატჩის ბოლო წუთები ორმხრივ იერიშებში წარიმართა, შეხვედრის ბედის სათავისოდ შემოტრიელების შანსები მასპინძლებსაც მიეცათ და სტუმრებსაც, თუმცა საბოლოოდ ანგარიში აღარ შეიცვალა - ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის დღევანდელი "დუელი" "ზესტაფონისათვის" მისაღები, მაგრამ ამავდროულად ოდნავ გულდასაწყვეტი შედეგით დასრულდა. ფრე 1-1.
მატჩის შემდეგ (www.fcdinamo.ge):
გიორგი ჭიაბრიშვილი: "ძალიან რთული თამაში იყო. თავიდანვე ვიცოდით, რომ იოლი არ იქნებოდა" დინამოს" წინააღმდეგ. ძალიან ბევრი მომენტი ჰქონდა ორივე გუნდს და როგორც ერთ, ისევე მეორე გუნდს შეეძლო გამარჯვების მიღწევა. მოსაგებად ვიყავით ჩამოსულნი, ძალიან გვინდოდა გამარჯვება, მაგრამ შეხვედრა ფრედ დასრულდა... აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გიორგი დევდარიანმა ძალიან მოკლე დროში "დინამოს" თამაშის გარდაქმნა მოახერხა და მჯერა, ძალიან მალე "დინამოსთვის" დამახასიათებელი ფეხბურთის მოთამაშე გუნდს ვიხილავთ".
გიორგი დევდარიანი: "ძალიან გახსნილი თამაში იყო. სწორად აღნიშნა კოლეგამ, ორივე გუნდს შეეძლო დღევანდელი მატჩის მოგება. სატურნირო თვალსაზრისით მოგება გვჭირდებოდა. დაახლოვებით ერთი თვეა რაც გუნდში მოვედი და დღეს პირველად შემიძლია ვთქვა, რომ კმაყოფილი ვარ გუნდის თამაშით. მერწმუნეთ, ხელში ჯადოქრის ჯოხი არ მიჭირავს და ერთიანად ვერაფერს შევცვლით. რაც უფრო მეტი იქნება ასეთი ლაღი, დაძაბული და სანახაობრივი თამაში, მით უფრო მაღალ დონეზე აიწევს ჩვენი ფეხბურთი. ყველამ კარგად ვიცით რა ძალაა "ზესტაფონი", თუმცა მათთან ნაჩვენები დღევანდელი შედეგით გულდაწყვეტილნი ვართ, დამაკმაყოფილებელი მხოლოდ სამი ქულა იქნებოდა".