ჯაბა დვალი: ხალხი სტადიონზე თბილისშიც უნდა მოვიდეს!
ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირი ჯაბა დვალი "დინამოსთან" მატჩს იმ იმედით მოელის, რომ სტადიონზე ბევრი მაყურებელი მივა და გულშემატკივარი ლამაზ ფეხბურთს იხილავს.
- როგორია მატჩისწინა განწყობა?
- როგორც ყოველთვის, დაძაბულ შეხვედრას მოველი, მაგრამ გამარჯვების იმედი მაქვს.
- შენი პირველი კლუბის, "დინამოს" მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება გაქვს?
- რა თქმა უნდა. "დინამოში" გამიცნო გულშემატკივარმა, ეს კლუბი ძალიან მიყვარს და უდიდეს პატივს ვცემ. მაგრამ ახლა "ზესტაფონის" ინტერესებს ვიცავ და მოედანზე "დინამო" მოწინააღმდეგეა. ჩვენი შეხვედრები კი ყოველთვის საინტერესოდ ტარდებოდა და, იმედია, ასე იქნება ახლაც.
ძლიერი და ძალიან საინტერესო მოწინააღმდეგე გვყავს. კარგია, რომ ორივე გუნდი შემტევ ფეხბურთს ვთამაშობთ და და დარწმუნებული ვარ, მაყურებელი სანახაობრივი ფეხბურთის მოწმე გახდება.
- შენი აზრით, "დინამო"-"ზესტაფონის" მატჩებს შეუძლია სტადიონზე მეტი მაყურებლის მოზიდვა?
- ეჭვიც არ მეპარება, რადგან ბოლო წლებში ჩვენი შეხვედრები დაძაბულად ტარდებოდა და ორივე მხარეს იგრძნობოდა კლასი. უინტერესო არცერთი მატჩი ყოფილა.
საერთოდ, მაყურებლის სტადიონზე მოსვლასთან დაკავშირებით წინაპირობების წამოყენება არასწორი მგონია.
- რატომ?
- მიმაჩნია, რომ მაყურებელის სტადიონზე ყოველთვის უნდა მოდიოდეს. ბევრისგან გამიგია, რატომღაც, ჩვენს ჩემპიონატს ვერ ვუყურებო. იცით, რას გეტყვით, თავიდან არც რუსეთისა და უკრაინის ჩემპიონატები იყო დღევანდელი დონის, მაგრამ ტრიბუნები მაინც ივსებოდა. დონემ მერე აიწია, რადგან სპონსორებმა ხალხის ინტერესი დაინახეს და ფეხბურთში მისვლა გადაწყვიტეს.
მაყურებელი თუ არ ივლის, ჩვენი ჩემპიონატის დონეც ვერ აიწევს, განზე გადგომა და კრიტიკა ყოველთვის ადვილია.
არადა, ტრიბუნების შევსება პირდაპირ კავშირშია დონესთან. ეს პრობლემა ზესტაფონში არასოდეს ყოფილა, ძალიან ერთგული და კარგი გულშემატკივარი გვყავს და მათი თანადგომით გაორმაგებული ენერგიით ვთამაშობთ. ცარიელი ტრიბუნების წინაშე ასეთი მონდომება გამორიცხულია, ხალისი გეკარგება.
მე თბილისელი ვარ, მაგრამ, სამწუხაროდ, რაიონებისგან განსხვავებით, თბილისში სტადიონები ვერ ივსება.
- ტრავმისგან სრულად განიკურნე?
- ტკივილები კიდევ მაქვს, მაგრამ ექიმების დახმარებით მოედანს მაინც დავუბრუნდი. იმედია, მალე სრულად გამოვჯანმრთელდები.
- ლიდერთა შეხვედრას ალბათ, ნაკრების მწვრთნელებიც დაესწრებიან. ვინ იცის, იქნებ, ახლა მაინც მოაწონო მათ თავი?
- რა ვიცი, ბევრჯერ დამაკვირდნენ, ამაზე უკვე აღარ ვფიქრობ. თუ მიწვევა სურთ, მიმიწვევენ.
|