ინტერვიუ ჯაბა დვალთან
"ზესტაფონის" მიზანი ჩემპიონატის, თასისა და სუპერთასის მოგებაა
"ზესტაფონის" 27 წლის ფეხბურთელი ჯაბა დვალი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის გამორჩეული მოთამაშეა. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 13 გოლია და გათამაშების ბომბარდირთა სიასაც სათავეში უდგას. ფეხბურთელი, გუნდთან ერთად, გასულ წელს ქვეყნის ჩემპიონი გახდა, მარგველები ცხრილს დღესაც ლიდერობენ. ოთხშაბათს მათ თბილისის "დინამოსთან" მნიშვნელოვანი დაპირისპირება ელით. Geosports.ge თავდამსხმელს აღნიშნულ შეხვედრასა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
- ჯაბა საუბარი, პირველ რიგში, "კოლხეთთან" თამაშით დავიწყოთ, ადვილად დაჯაბნეთ მეტოქე. როგორ შეაფასებთ განვლილ თამაშს?
- "კოლხეთი" საკმაოდ კარგი გუნდია, დიდი წინააღმდეგობაც გაგვიწია, მაგრამ ჩვენ უკეთესები აღმოვჩნდით და ვაჯობეთ, თუმცა იოლი თამაში არ ყოფილა.
- ამ ოთხშაბათს "დინამოსთან" გაქვთ თამაში, მაგრამ სანამ მომავალი მატჩის შესახებ გკითხავდეთ, მანამდე მინდა ფლეი-ოფამდე განვლილი ეტაპის შესახებაც მითხრათ ერთი-ორი სიტყვა...
- წინა წლებთან შედარებით, საკმაოდ აიწია ჩემპიონატის დონემ. უკვე რამდენიმე გუნდია გაძლიერებული - "ტორპედო", "დილა", "დინამო" თბილისი, "გაგრა", "მეტალურგი", "მერანი"... მათთან თამაში საკმაოდ რთულია. იოლად ნამდვილად არ მოვსულვართ აქამდე. "ზესტაფონმა" თითოეული თამაში უმაღლეს დონეზე ჩაატარა და დაიმსახურა ცხრილში პირველი ადგილი, არც ფლეო-ოფში ვაპირებთ უკან დახევას.
- ეროვნულ ჩემპიონატში წესები ყოველ წუთს იცვლება, რას ფიქრობ ახალი სისტემის შესახებ?
- ახალი სისტემის შედეგად ჩვენ დავიჩაგრეთ. მაგალითისთვის ისიც კმარა, "ზესტაფონი" "მეტალურგს" 21 ქულით უსწრებდა, ახლა კი 4 ქულაა სხვაობა ("ზესტაფონს" ერთი თამაში თადარიგში აქვს. ავტ).
- სეზონის წინ გუნდმა მწვრთნელიც შეიცვალა, ეს რამდენად დაეტყო გუნდს?
- მიუხედავად იმისა, რომ გუნდს მწვრთნელი შეეცვალა, ამით არაფერი შეცვლილა. ჩვენ ისევ ვაგრძლებთ უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლას. რა თქმა უნდა, გეგუჩაძე უმაღლესი დონის მწვრთნელია და მას თავისი სტრატეგია და მიზნები ჰქონდა, მაგრამ გია ჭიაბრიშვილიც ძალიან კარგი სპეციალისტია, მან უკვე შეძლო ბევრი რამის დამტკიცება.
- ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდია თქვენი მეტოქე ამ ტურში. "დინამო" საკუთარ მოედანზე მოგებას და ბოლო მატჩებში მარცხებისთვის რევანშის აღებას ეცდება. როგორ ემზადებით შეხვედრისთვის?
- არც ჩვენ ვაპირებთ ფარ-ხმალის დაყრას, იმედი მაქვს, მოვიგებთ. მთელი გუნდი ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ, არც ახლა დავარღვევთ ტრადიციას...
- მიმდინარე სეზონში ბომბარდირთა დავაში ლიდერობ 13 ბურთით, ალბათ გულის სიღრმეში ბომბარდირობაც გწადია?
- რა თქმა უნდა, ყველა ფეხბურთელი ფიქრობს მაგას, როცა გოლი გააქვს, გამონაკლისი არც მე ვარ. ძალიან მინდა მიმდინარე სეზონში ბომბარდირი გავხდე, ყველაფერს ვიღონებ ამისთვის. წინ კიდევ არის თამაშები და თავის გამოჩენის შანსიც მომეცემა.
- რა მიზნები აქვს "ზესტაფონს" მიმდინარე სეზონში?
- "ზესტაფონის" მიზანი, რა თქმა უნდა, ჩემპიონატის, თასისა და სუპერთასის მოგებაა. გუნდს შესწევს იმის ძალა, რომ ეს ტიტულები მოიგოს. უკვე ტრავმირებული ფეხბურთელებიც შემოგვიერთდნენ და კიდევ უფრო გავძლიერდებით. ძლიერი ფეხბურთელების პრობლემა არასდროს გვქონია, მაქსიმალურად ვეცდებით ყველა ტიტული ჩვენ დაგვჩეს.
- ჩემპიონობის მოპოვება უფრო ადვილია, ვიდრე მისი შენარჩუნება...
- ასეა, ძალიან რთულია ზედიზედ ორჯერ მოიგო ჩემპიონატი, მაგრამ შეუძლებელი არფერია, ჩვენ გუნდში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ კარგად მოვემზადოთ და მივაღწიოთ წარმატებას. კლუბში ყველა თავის საქმეს აკეთებს - მწვრთნელი, ფეხბურთელი, ადმინისტრატორი... ერთადერთი რაზეც ვფიქრობთ, მოედანზე კარგი ფეხბურთის ჩვენება და გამარჯვებაა. იმედი მაქვს, მიმდინარე სეზონში მივაღწევთ ყველა დასახულ მიზანს.
- რას ფიქრობ, თასის წილისყრა "ზესტაფონისთვის" იღბლიანი იყო?
- თასისთვის ბრძოლას 3 გუნდი აგრძელებს ჩვენს გარდა - "გაგრა", "დილა", "მეტალურგი". სამივე ძლიერი გუნდია ნებისმიერთან შეხვედრა რთული იქნებოდა ამ ეტაპზე. რადგან ნახევარფინალამდე მივაღწიეთ, ე.ი. ვიმსახურებთ აქ ყოფნას. როგორც იტყვიან, "მეტალურგთან" იოლი გასეირნება არ გველის, ისევე როგორც ყველა შეხვედრისთვის, ამ მატჩისთვისაც სრული სერიოზულობით მოვემზადებით.
- ჯაბა, სანაკრებო თემასაც შევეხოთ, ალბათ გული გწყდება რომ არ გიძახებენ...
- ნებისმიერი ფეხბურთელის სურვილია ნაკრებში თამაში, მათ შორის ჩემიც. ნამდვილად არ დავზოგავ თავს, ბოლომდე დავიხარჯები ჩემი ქვეყნის მთავარი გუნდისთვის, მაგრამ ბოლო დროს ვერა და ვერ მოვხვდი გამოძახებულთა შორის, რაზეც მწყდება გული. რადგან მთავარი მწვრთნელი არ მიძახებს, ე.ი. ასე მიიჩნევს საჭიროდ... ვისურვებდი, ნაკრებში ჩემთვისაც გამოჩნდეს ადგილი.
- ნაკრების თემას იმიტომ შევეხეთ, რომ გულშემატკვირისგან ხშირად გვსმენია, მათ შორის სტადიონზეც, ჯაბა დვალი აკლია ეროვნულ ნაკრებსო...
- ძალიან მიხარია თუ გულშემატკივარი ასე ფიქრობს, თითოეული მათგანისგან სულ ვგრძნობ მხარდაჭერას.
- როცა გუნდი კარგად თამაშობს, მას გულშემატკივარიც არ აკლია. ასეა თქვენს შემთხვევაში...
- "ზესტაფონის" თამაშებზე ტრიბუნები მუდამ სავსეა. გულშემატკივარი მუდმივად გვამხნევებს და სტიმულს გვმატებს, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გუნდისა და ფეხბურთელებისთვის. მართალია, გულშემატკივარი მოედანზე კარგ თამაშს მოჰყავს. რადგან ჩვენი თამაშის დროს ტრიბუნები მუდამ სავსეა, ეს იმას ადასტურებს, რომ "ზესტაფონი" კარგად თამაშობს, რაც მე ძალიან მახარებს...
- და ბოლოს, საკუთარ გეგმებზეც გვითხარი...
- მოგეხსენებათ, გუნდთან სამწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს. როგორც გუნდის, ასევე ჩემი მიზანი ჯერ ეროვნული ჩემპიონატის, მერე თასისა და სუპერთასის მოგება, ხოლო შემდეგ ევროპულ თასებზე ასპარეზობაა. მეც და მთელ გუნდსაც იმედი გვაქვს, რომ დასახულ მიზანს მივაღწევთ. თუ კლუბი და ხემძღვანელობა მოისურვებს და სხვა კლუბების შემოთავაზებას დათანხმდება, წინაღმდეგობას არ გაუწევ, მაგრამ თავს აქაც კარგად ვგრძნობ.
|