ზესტაფონელთა ლაზარეთი ცარიელდება
დღეს, 14 მარტს, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონის” პირველი გუნდი კარსმომდგარი მატჩებისათვის სამზადის შეუდგა. საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის უახლოეს შეხვედრაში ზესტაფონელები ქუთაისის საფეხბურთო კლუბ ”ტორპედოს” უნდა უმასპინძლონ.
ზემო იმერეთში უკვე მერამდენედ უხვად მოსულმა თოვლმა ქვეყნის ჩემპიონთა გეგმებში გარკვეული ცვლილებები ისევ შეიტანა. თავდაპირველად ზესტაფონში დაგეგმილი შეკრების ნაცვლად, 14 მარტს მარგველები საქართველოს დედაქალაქში შეიკრიბნენ და სასტუმრო "პრესტიჟში" დაბინავდნენ.
დღეს საღამოს მარგველებმა სტადიონ "ბენდელას" ხელოვნურსაფარიან მინდორზე ივარჯიშეს და თანარეგიონელ ტორპედოელებთან 16 მარტს ზესტაფონში გასამართი მატჩისათვის სწორედ თბილისში მოემზადებიან.
სასიხარულოა, რომ გუნდსა და საწვრთნელ პროცესს დაუბრუნდნენ შოთა ბაბუნაშვილი და ალექს ბენაშვილი, რომლებიც "ზესტაფონს" ესპანური შეკრების მიმდინარეობისას გამოაკლდნენ. ორივე ეს ფეხბურთელი ვარჯიშს ინდივიდუალური პროგრამით შეუდგა.
აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ საერთო ჯგუფს უკვე შეუერთდნენ თორნიკე აფციაური, გიორგი ხიდეშელი და იომი ოვონიკოკო. რაც შეეხება თეიმურაზ ღონღაძეს, ის საერთო ჯგუფში ვარჯიშს ხვალიდან შეუდგება. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, ამ ფეხბურთელთა მოედანზე დაბრუნება უახლოეს შეხვედრებშია მოსალოდნელი.
|