08.03.2012

 

 

 

 

 

პირველი ეტაპის ფინიში

 

 

 

 

 

 

2012 წლის 8 მარტს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეორე ტურის მატჩები. საფეხბურთო სეზონის პირველი ეტაპის დასკვნით შეხვედრაში საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” თბილისის ”ვიტ-ჯორჯიას” ესტუმრა.

 

ეროვნული ჩემპიონატის პირველი ნაწილის დასკვნითი მატჩი საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” მცხეთაში, სტადიონ ”მცხეთა-პარკის” ხელოვნურსაფარიან მოედანზე გამართა.

იმის მიუხედავად, რომ თავიდანვე გახლდათ გარკვეული ის, რომ, წლევანდელი პირველობის თავისუბურებებიდან გამომდინარე, დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვება ზესტაფონელებს ჩემპიონატის მეორე ეტაპზე არანაირ დივიდენტს არ მოუტანდა, ქვეყნის ჩემპიონები ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრას სათანადო მოტივაციით შეეგებნენ და მიუხედავად იმისა, რომ გუნდს სხვადასხვა სახის პრობლემის გამო გიორგი ხიდეშელი, იომი ოვონიკოკო, თორნიკე აფციაური, ჯაბა დვალი, თეიმურაზ ღონღაძე და შოთა გრიგალაშვილი აკლდნენ, კეთილშობილი სპორტული პრინციპების ერთგულება კიდევ ერთხელ დაამტკიცეს და ვეტერინართათვის სატურნირო თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი შეხვედრის დასრულების შემდეგ, მოედანი გამარჯვებულებმა დატოვეს.

შედარებით თანაბარ ბრძოლაში წარმართული პირველი ტაიმი უგოლო ფრით კი დასრულდა, თუმცა ზესტაფონელებს მაინც შეეძლოთ ანგარიშში დაწინაურება - 33-ე წუთზე ზესტაფონელთა სწრაფი იერიშისას დავით რაჟამაშვილი ვიტელთა გოლკიპერ გიორგი ძაძამიასთან პირისპირ დარჩა და მოხდენილი მოძრაობით მეკარის გვერდით ავლა სცადა. გოლი გარდაუვალი ჩანდა, თუმცა თბილისელთა მეკარემ სიტუაციის გადარჩენა ბოლო იმედის ფოლითა და წითელი ბარათის ფასად მოახერხა ...

მეორე ტაიმში სტუმართა უპირატესობა აშკარა გახდა - რამდენიმე ეპიზოდში გოლის გატანასთან ძალიან ახლოს იყვნენ რატი წინამძღვრიშვილი და დავით რაჟამაშვილი, თუმცა ორივეს ამ ეპიზოდებში მიზანმა უმტყუნა. დღევანდელ შეხვედრაში ერთადერთი და იმერელთათვის გამარჯვების მომტანი გოლი კი შეხვედრის 77-ე წუთზე თორნიკე გორგიაშვილმა გაიტანა - მას შემდეგ, რაც დავით მუჯირმა ვეტერინართა მცველებს ბურთისათვის ბრძოლა მოუგო, თორნიკე ჯინო რეჭიასთან პირისპირ აღმოჩნდა და თავის გუნდი დააწინაურა. დარჩენილ დროში ანგარიშის კიდევ უფრო გაზრდა გურამ სამუშიასა და საბა ლომიას მართებდათ, მაგრამ საბოლოოდ შეხვედრა მარგველთ მინიმალური გამარჯვებით 1-0 დასრულდა.

მატჩის შემდეგ (www.worldsport.ge):

გიორგი ჭიაბრიშვილი:თამაშის ხარისხით უკმაყოფილო ვარ. გამორჩეულად ცუდი თამაში ჩავატარეთ. ხელი იმ ფაქტმა შეგვიშალა, რომ ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს და ხელოვნურ საფარზე თამაში ცოტა გვიჭირს. მართალია, მოპოვებული ქულები არ გადაგვყვება, მაგრამ ჩვენთვის მთავარი სპორტული პრინციპია. გუნდში შევთანხმდით, ქულები არ დაგვეთვალა და ყველა თამაში უნდა მოგვეგო, რათა დაგვემტკიცებინა, რომ ღირსეული ჩემპიონები ვართ”.

 

08.03.2012 - ”ვიტ-ჯორჯია” - ”ზესტაფონი” 0-1

დაწვრილებით:

 

საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის საწყისი, რიგით კი ოცდამესამე ტურის შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 12 მარტს შინ გამართავს. მარგველთა მეტოქე ფოთის საფეხბურთო კლუბი ”კოლხეთი” იქნება.

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005