ჩვენი მეტოქე - რუსთავის ”მეტალურგი”
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დღეს გამართული კენჭისყრის შედეგად, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების ნახევარფინალური წყვილები გაირკვა. საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონს” მეტოქედ რუსთავის “მეტალურგი” ერგო.
ზემოიმერლებისა და "მეტალურგის" წინამორბედი "ოლიმპის" გზები ეროვნული თასის გათამაშებაში უკვე ორჯერ გადაკვეთილა. 2008 წლის 17 თებერვალს რუსთავში გამართულ ეროვნული თასის XVIII გათამაშების პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში ზესტაფონელებმა ბექა გოცირიძის მიერ შეხვედრის მიწურულს გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხეს მასპინძლები. საპასუხო შეხვედრა კი 12 მარტს გაიმართა და ისიც ზესტაფონელთა მინიმალური გამარჯვებით 1-0 (გოლი - ზურაბ იონანიძე) დასრულდა. თასის იმ გათამაშებაში იმერლებმა გათამაშების ნახევარფინალის საგზურიც მოიპოვეს (სადაც თბილისის დინამოელები დაამარცხეს) და თასის დასაკუთრებაც მოახერხეს - გადამწყვეტ შეხვედრაში "ზესტაფონმა", ზედიზედ წაგებული ფინალების სამწლიანი სერიის შემდეგ, თბილისის "ამერის" ძლევა ანგარიშით 2-1 მოახერხა.
ზესტაფონელთა და რუსთაველთა გზები შარშანაც მეოთხედფინალურ სტადიაში გადაიკვეთა. ზესტაფონში 2010 წლის 1 დეკემბერს გამართულ შეხვედრაში მასპინძლებმა 3-0 იმარჯვეს (ნიკოლოზ გელაშვილმა სტუმრები დუბლით დაამწუხრა, ერთი გოლიც თორნიკე აფციაურის ანგარიშზეა). ხოლო 15 დეკემბერს რუსთავში გამართული განმეორებითი მატჩი გატანილი გოლების გარეშე დამთავრდა და იმერლებმა ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს ...
ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში "ზესტაფონისა" და რუსთაველთა ურთიერთშეხვედრები 17 მატჩს ითვლის. შედეგი კი მხოლოდ 16 მატჩში დაფიქსირდა. შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 20 მარტს ზესტაფონში გამართული მატჩი (89-ე წუთამდე 1:1 იყო) არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ სტადიონზე არასაფეხბურთო ვითარების გამო შეწყვიტა. ფედერაციაში მომხდარ ინცინდენტზე მსჯელობის შემდეგ ორივე გუნდს ტექნიკური წაგება ჩაუთვალეს (“ოლიმპს” დამატებით 3 ქულაც დააკლეს). დასრულებული მატჩების სტატისტიკაში, მოგებათა მხრივ მინიმალური უპირატესობა მარგველთა მხარესაა - 6 მოგება, 6 ფრე და 5 წაგება. ყვირილისპირელები ფლობენ უპირატესობას გატანილ-გაშვებული ბურთების სხვაობის მხრივაც - 16:12.
ეროვნული თასის მიმდინარე, რიგით XXII გათამაშების ნახევარფინალური სტადიის მატჩები აპრილში ჩატარდება. “ზესტაფონი”-“მეტალურგის” წყვილის პირველი მატჩი 10 აპრილს დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე გაიმართება, ხოლო განმეორებით შეხვედრას 18 აპრილს რუსთავი უმასპინძლებს.
|