ილია კოკაია – "კარპატმა" ამ თაღლითურ სქემაზე პასუხი უნდა აგოს
როგორ მოვიპაროთ ფეხბურთელი ანუ თაღლითური სქემა ლვოვურად
ლვოვის “კარპატიში” მურთაზ დაუშვილის ტრანსფერთან დაკავშირებით “ზესტაფონი” საგანგებო განცხადების გამოქვეყნებას გეგმავს.
თუმცა, მანამდე კლუბის პოზიცია “ზესტაფონის” პრეზიდენტმა ილია კოკაიამ “ლელოსთან” ვრცელ ინტერვიუში ჩამოაყალიბა და სხვა მრავალ საინტერესო თემასაც შეეხო.
ამაში ფეხბურთელიც მონაწილეობდა
- ფეხბურთელი წავიდა ლვოვის "კარპატიში". მაგრამ დაუშვილს ტრანსფერი უკრაინის პირველი ლიგის კლუბში გაუფორმეს და მერე ვითომ იჯარით გაუშვეს "კარპატიში". ეს არის ტიპური თაღლითური სქემა, რადგან კლუბს უნდა, კომპენსაციას თავი აარიდოს.
თუ ეს ლვოველებს დაუმტკიცდათ, მაშინ ფიფასგან სერიოზული სანქციები წამოვა. მაგრამ აქ ფეხბურთელის პასუხისმგებლობის საკითხიც დგას, ისიც ამ თაღლითური გარიგების თანამონაწილეა.
- შეიძლება მოთამაშე მონაწილეობდეს ამ გარიგებაში? იქნებ, ხელი ისეთ საბუთებზე მოაწერინეს, რაზეც წარმოდგენა არ ჰქონდა?
- რას ჰქვია, ხელი მოაწერინეს? პირველი ლიგის კლუბთან რომ გააფორმა კონტრაქტი და სულ სხვა კლუბში თამაშობს, მისთვის ეს ცნობილი არ იყო?
გაიხსენეთ, როგორ მოიქცა ისეთი დიდი ვარსკვლავი, როგორიც სესკ ფაბრეგასია - მანამდე არ დაუბრუნდა მშობლიურ "ბარსელონას", ვიდრე "არსენალმა", რომელმაც მის ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში არანაკლები წვლილი შეიტანა, სოლიდური კომპენსაცია არ მიიღო. ფაბრეგასმა ფულის ნაწილი საკუთარი ჯიბიდან გაიღო!
თუ არ მონაწილეობდა ამ თაღლითურ გარიგებაში, მაშინ რა ინტერესი ჰქონდა დაუშვილს, ასე რომ გააკეთა?
- უბრალოდ, საქართველოდან წასვლა სურდა.
- წასული არ იყო? ხელს ვერავინ უშლიდა. "კარპატისთან" წინასწარი კონტრაქტი გააფორმა, შეკრებებზე გაჰყვა, ამხანაგურები ითამაშა და როდესაც სატრანსფერო სერთიფიკატი უნდა გაგვეგზავნა, მოთხოვნა "ლვოვისგან" მოვიდა. ვიმეორებ, ეს არის თაღლითური სქემა. არ ვიცი, ეს უკრაინაში აპრობირებულია, თუ რა ხდება?
- წლების წინ თქვენ სწორედ "კარპატის" გენერალურ მენეჯერად მუშაობდით. მაშინაც იგივეს აკეთებდნენ?
- იმ დროს ფიფას აგენტი ვიყავი და "კარპატის" მეპატრონე დემინსკიმ კლუბის ჩამოყალიბებაში დახმარება მთხოვა. ლვოვშიც, "შერიფშიც" და ფეხბურთში ჩემი ყოფნის პერიოდში კლუბის საწინააღმდეგო ქმედებაზე მოთამაშისთვის არასოდეს მიბიძგია. კლუბი აუცილებლად უნდა დაკმაყოფილებულიყო.
მქონია ფანტასტიკური შემოთავაზება, როდესაც კობიაშვილს "დორტმუნდი" იწვევდა, მაგრამ "დინამო" წინააღმდეგი წავიდა და მეც გავჩერდი.
- კლუბის ინტერესი დაკმაყოფილდა, მაგრამ არა ფეხბურთელის - ჩემპიონთა თასის მფლობელი "დორტმუნდის" ნაცვლად, მეორე ბუნდესლიგის "ფრაიბურგში" წავიდა.
- "დინამომ" გადაწყვიტა, რომ მისი "ფრაიბურგში" გაშვება სჯობდა. შესაძლოა, თავად ფეხბურთელიც ასე ფიქრობდა.
- დაუშვილთან დაკავშირებით კითხვა თქვენთანაც იბადება: "კარპატისთან" გაფორმებული წინასწარი კონტრაქტის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი გადაიყვანეთ "ზესტაფონის" დუბლებში და იქაც არ ათამაშებდით - რატომ?
- ეს თემის უტრირებაა. ერთი წლით ადრე ბუბას ახალი კონტრაქტი ესპანურ შეკრებაზე ყოფნისას შევთავაზეთ, რაზეც ასეთი პირობა მოგვცა: მაცალეთ ნახევარი წელიწადი და ან ისეთ კონტრაქტს მოვიტან, რომ კლუბი კმაყოფილი დარჩეს, ან ახალ კონტრაქტს გავაფორმებო.
გავიდა ექვსი თვე და დაკარგა ადგილი ნაკრებში, ჯერ შეცვალეს, მეორე შეხვედრაში კი აღარ დააყენეს. გია გეგუჩაძეს ვკითხე, "ზესტაფონში" შენც გამოცვალე და რა ხდება-მეთქი? დაუკლოო, ეს იყო სპეციალისტის აზრი.
ამის შემდეგ დაუშვილი სალაპარაკოდ დავიბარე და შემომითვალა, არ მცალიაო. როდესაც ფეხბურთელს კლუბის პრეზიდენტთან სალაპარაკოდ არ გცალია, გასაგებია, რომ ფაქტობრივად, ჩემი ფეხბურთელი აღარ ხარ. ამ დროს გამოჩნდა "კარპატის" 88-ნომრიანი მაისურით. გეკითხებით, ხომ იყო თეორიული შანსი, რომ ევროპის ლიგაზე "კარპატის" შევხვედროდით?
- ლვოველებს არ შეხვედრიხართ, მოთამაშის გამოყენება კი საქართველოს ჩემპიონატშიც შეიძლებოდა.
- რანაირად შეიძლებოდა, როდესაც სხვა გუნდის მაისურა ეცვა და იქ წასვლაზე ფიქრობდა?
- როგორ აპირებთ ამ ტრანსფერზე რეაგირებას?
- ეს ამბავი ფედერაციის გარეშე არ მოგვარდება. ჩვენ ამ შემთხვევაში აბსოლუტურ თანხვედრაში ვართ, რადგან ერთი პრეცენდენტი თუ გაუვიდათ, მერე ათასი მიებმება, ჩვენი კლუბები მუდამ დაზარალდებიან და მერე ჩვენს მოთამაშეებს მესამე და მეოთხე ლიგის კლუბებიდან წაიყვანენ. მე არ შემიძლია მოთამაშე ზესტაფონის "მარგვეთში" გადმოვიყვანო და მერე ვითომ იჯარით დავიმატო? მაგრამ ეს არ უნდა იკადრო.
- "ლვოვსა" და "კარპატის" ერთმანეთთან ქალაქის გარდა რამე აკავშირებთ?
- ეტყობა, კავშირი აქვთ, თორემ როგორ შეიძლება, მოთამაშე ერთმა კლუბმა აიყვანოს და უცებ მეორეში გაუშვას? "ზესტაფონის" ინტერესის დასაცავად ბოლომდე ვიბრძოლებ, მეტსაც გეტყვით: ყველაფერს გავაკეთებთ, დემინსკის ფეხბურთში საქმიანობა რომ აუკრძალონ. ეს მათთვის პირველი სკანდალი არ არის, მის "საქმეებს" თავად უკრაინაშიც კარგად იცნობენ.
დაუშვილის ტრანსფერში "კარპატის" ქმედებას ფიფაც შეაფასებს, შემდგომში ეს თაღლითური სქემა სხვამ რომ აღარ გამოიყენოს. მომხდარზე საგამომძიებლო სტრუქტურებსაც ვაცნობებთ, კვალიფიკაცია მოთამაშის ქმედებასაც რომ მიეცეს და ფეხბურთელს ძალიან დიდი პრობლემებს შევუქმნით.
გული მტკივა, ასე რომ ვამბობ, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს - ფეხბურთელის ქურდობა არ შეიძლება. ქარხნიდან მანქანა რომ მოიპარო, როგორ კვალიფიცირდება? ჩემი პროდუქცია კი ფეხბურთელია და მპარავ?! როგორც ვიცი, ასეთი სქემა ადრე საქართველოშიც გამოიყენეს, მაგრამ ასე გაგრძელება არ შეიძლება.
გელაშვილის ტრანსფერი - ბოხუმიდან 40 პროცენტი
- გელაშვილზეც გკითხავთ იმას, რაზეც არავინ ლაპარაკობს: ნიკა იანვარში "ზესტაფონს" შეკრებაზე არ გაჰყვა და გავრცელებული ინფორმაციით, კატეგორიულად არ სურდა დარჩენა.
- დიახ, ასე იყო.
- ულტიმატუმი წამოგიყენათ?
- არა, უბრალოდ თქვა, აღარ მინდა აქ თამაშიო. მისი კიდევ ერთი წლით დატოვება გვსურდა, მაგრამ ევროპაში სათამაშოდ მზად იყო. მეორე ბუნდესლიგისთვის კი დამენანა, მაგრამ ეს მისი გადაწყვეტილება იყო.
- კლუბმა გელაშვილის წასვლით იხეირა?
- "ზესტაფონი" სულ რაღაც 60 ათას ევროს მიიღებს. "ბოხუმს" ლიცენზირების პრობლემა აქვს და ამ თანხის გადახდაც პრობლემა იყო. ამიტომ შეთანხმებაზე წავედით, "ბოხუმიდან" ნიკას შემდგომი ტრანსფერის 40 პროცენტი "ზესტაფონს" ჩაერიცხება. ბუნდესლიგის შემთხვევაში, ეს საკმაოდ დიდი პროცენტია და თუ ნიკამ ასე გააგრძელა, დიდი შანსია, უკეთეს კლუბში გადავიდეს.
"ზესტაფონში" მისი პროგრესირება აღარ მოხერხდებოდა და რადგან გუნდს სულითა და გულით ემსახურა, სიამოვნებით გავუშვი. ფეხბურთელებისგან ამას ვითხოვ, თუ ჩემთან არის, გულით ითამაშოს, თუ არადა, ჯობია წავიდეს.
...ცხინვალის "სპარტაკთან" მოგებული თამაშის შემდეგ, გასახდელში შევედი და ბიჭებს გავეხუმრე, ამიერიდან მოგებისთვის პრემიის ნაცვლად გაზეთში დიდ მადლობას გამოგიცხადებთ-მეთქი. მანამდე დაუშვილმა და ძარიამ "ლელოში" მადლობები არ გადაგვიხადეს? მეც ასე რომ მოვიქცე, ეს მოთამაშეებისთვის საკმარისი იქნება? ცხადია, ეს ხუმრობით.
ძარია თითქოს უკრაინაში მიდიოდა საცხოვრებლად, თუ არადა, "ზესტაფონში" დავბრუნდებიო, მაგრამ "დინამოში" აღმოჩნდა. გულშემატკივრისთვის იყო საწყენი მისი კონკურენტ გუნდში გადასვლა, მაგრამ კლუბთან კონფლიქტი არ ჰქონია. თანაც თქვა, "დინამოში" თამაში ჩემი ბავშვობის ოცნება იყოო და ხელი როგორ შეგვეშალა? პირიქით, გადავიდა და გუნდში საუკეთესოა. ღმერთმა გაუმარჯოს.
- მოდით, გულწრფელად ვთქვათ, "დინამო" მხოლოდ მოთამაშეთა საოცნებო კლუბი არაა. თქვენ რა, ასეთი კლუბის პრეზიდენტობას არ ინატრებდით?
- რატომაც არ ვინატრებდი, მაგრამ ბიზნესი ზესტაფონში მქონდა და კლუბის დაფუძნებაც იქ გადავწყვიტე. მიმაჩნია, რომ ძლიერი კლუბი თბილისის გარდა სხვა ქალაქებშიც უნდა იყოს. ქართული ფეხბურთი მხოლოდ ასე განვითარდება.
- რა თქმა უნდა... სხვათა შორის, გავრცელდა ხმები, რომ ძარიასთან ერთად, "დინამოს" გელაშვილისა და დვალის გადაყვანაც სურდა, დიდ ხელფასებსაც შეპირდნენ და ამის გამო თბილისელთა მეპატრონე რომან ფიფიასთან კონფლიქტი გქონდათ - ეს ჭორია თუ მართალი?
- აბსოლუტური სიცრუეა! რომან ფიფიასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და "დინამო" მოთამაშეებს რა თანხებს შესთავაზებს, ეს მისი საქმეა და არა ჩემი. თუ ქართულ ბაზარზე ამით აიწევა ჩვენს მოთამაშეების ფასი და 2-3 ათასის ნაცვლად, ხვალ 30 ათასს გადავუხდით, ეს უკეთესია და ჩვენს ფეხბურთელებს "კარპატისნაირი" გუნდები ვეღარ წაიყვანენ.
მაგრამ ყველაფერს თავისი ფასი აქვს. ჩვენი ბიუჯეტი 4 მილიონია. მიმაჩნია, რომ დღეს საქართველოს ჩემპიონატში მეტი არც არის საჭირო. უკრაინელები ყოველ წელს ჩემპიონთა ლიგაში ხვდებიან და 70 და 100-მილიონიანი ბიუჯეტებიც აქვთ. თუმცა ჩვენ 4 მილიონს იმდენივე მოგების მოტანა შეუძლია, რასაც უკრაინელები 40-50 მილიონით აღწევენ. ქართული ფეხბურთი ამით არის მიმზიდველი.
ფიფაში ლობისტი გვჭირდება
- "ზესტაფონი" პოლ კესანიმ რასიზმის მომიზეზებით დატოვა. კლუბისგან უკომპენსაციოდ თავის დასაღწევად აფრიკელი ფეხბურთელები ხშირად სწორედ ამით აპელირებენ...
- კესანისაც და სხვა ბევრ აფრიკელსაც კლუბი არარსებული მიზეზით დაუტოვებიათ, მაგრამ რასიზმი ისეთი სათუთი თემაა, როგორც ჩანს, ფიფას კანონმდებლობაში ბევრ ხარვეზს წარმოქმნის.
- ფიფა ჩვენზე წარმატებული და მდიდარი საფეხბურთო ქვეყნებიდან შესულ საჩივრებსაც უფრო ოპერატიულად იხილავს, ყველა ქვეყანა ერთნაირ მდგომარეობაში არ არის.
- სამწუხაროდ, ასეა. ჩვენნაირ ქვეყნებს არ აქვთ იმხელა ავტორიტეტი, ფიფაში მის პრობლემებს განსაკუთრებული გულისხმიერებით რომ მიუდგნენ. ის ფაქტი, რომ ფიფას წარმომადგენლები წერილებში ჩვენი ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს "ჩემო მეგობარო"-თი მიმართავენ, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ქართველთა მიმართ განსაკუთრებული მეგობრული გრძნობები აქვთ.
მეტიც, ბოლო დროს კონფლიქტური საკითხები ქართული ფეხბურთის სუბიექტების საწინააღმდეგოდ წყდებოდა. ოთხი წელი ვიბრძოდით, ჩეხურ კლუბს გიორგი განუგრავას კომპენსაცია რომ გადაეხადა. ჩვენი საკითხები საკმაოდ არაოპერატიულად იხილება, კესანისა და ჩისამბა ლუნგუს ამბავიც გავიხსენოთ, წავიდნენ და კლუბები მშრალზე დატოვეს, ჩვენ კი ფიფა არ დაგვეხმარა.
- პირადად თქვენ არ გაქვთ ფიფას შტაბბინაში მისვლისა და ვითარების ადგილზე გარკვევის საშუალება?
- კლუბს ამის უფლება არც აქვს, ეს მხოლოდ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეროგატივაა. "შერიფში" საკმაო ხანი ვმუშაობდი და იყო შემთხვევა, "სტიაუა" ამგვარად ცდილობდა ტირასპოლური კლუბის მოთამაშის გადაბირებას. მოლდოვას ფეხბურთის ფედერაციის წერილის საფუძველზე ფიფამ მოთამაშეს ოპერატიულად გამოუტანა ოთწლიანი დისკვალიფიკაცია, გარიგებაში მონაწილე პირებს კი ფეხბურთში საქმიანობა აუკრძალა.
ფედერაციის ხელმძღვანელებს ამაზე ველაპარაკე, გამაგებინეთ, რატომ არის ფიფა ქართული ფეხბურთის მიმართ ასე არაკონსტრუქციულად განწყობილი-მეთქი?
- იქნებ იმიტომ, რომ ჩვენს კლუბებს უფრო მეტად აქვთ სამართლებრივ მხარე მოსაგვარებელი, ვიდრე იმავე მოლდავურ კლუბებს და ჩვენი ნაკლებად სჯერათ?
- ვერ გეტყვით, პრობლემები მართლაც არის. მაგრამ, გვყავს კი ფიფასა და უეფაში ჩვენი კოორდინატორი?
- ლობისტი ყველა სფეროში აუცილებელია. სხვაგვარად, ჩვეულებრივზე უკეთეს გრანტსაც არ გამოყოფენ.
- მეც მაგას ვამბობ. ნურავინ მოიტყუებს თავს, რომ მსოფლიო და ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოები ქართული ფეხბურთის ინტერესებს თავისთავად გაითვალისწინებენ. თუ ამ ორგანიზაციებში ჩვენი ლობისტი არ გვეყოლება, გნებავთ ქართველი და გნებავთ უცხოელი, იქ სერიოზული საკითხების გატანის შანსი არ გვექნება. ამ მხრივ კლუბს გაცილებით ნაკლები გასაქანი აქვს, ვიდრე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, რომელსაც ამ მიმართულებით უფრო აქტიური მუშაობა მართებს.
- ფიფასა და უეფაში საკმაოდ კარგი კავშირები აქვთ მერაბ ჟორდანიას, ნოდარ ახალკაცსა და დავით პეტრიაშვილს, მაგრამ მათ ვერ ვიყენებთ.
- თითოეული მათგანი დღეს თავის ცოდნასა და გამოცდილებას წარმატებით იყენებს - ჟორდანია "ვიტესის" პრეზიდენტია; ახალკაცი ფიფაში მუშაობს, მნიშვნელოვან შეკრებებს ესწრება და წელს ევროპის ჩემპიონატზე დირექტორად დანიშნეს; პეტრიაშვილი კი ორივე ორგანიზაციაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს.
სულაც არ არის შეუძლებელი, რომ თითოეულმა მათგანმა ქართული ფეხბურთის საქმე თანამდებობის შეუცვლელად აკეთოს. საქართველოში ცოტა მოსახლეობაა და არცერთი ასეთი ადამიანის დაკარგვის უფლება გვაქვს. ცუდია, ჰოლანდიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლუბის პრეზიდენტი ქართველი რომ არის და სამი მოთამაშე რომ წაიყვანა? ასეთ ადამიანებს გვერდში რომ ვერ ვიყენებთ, ალბათ, ამის მიზეზი შურია.
სახელმწიფო და ფეხბურთი
- მთავრობაში ბენდუქიძისა და ნოღაიდელის ყოფნის დროს სახელმწიფო კლუბებს აღარ აფინანსებდა და ვამბობდით, სახეობა გაწირესო. ახლა ხელისუფლება ფეხბურთს აფინასებებს და ამ სფეროში რატომ ერევაო. გასაგებია, რომ ზომიერებაა საჭირო, მაგრამ სად არის საქართველოში თუნდაც 20 კოკაია, ფიფია, ჩიხრაძე, რუხაძე, პატარკაციშვილის ოჯახი, რომლებიც კლუბებს მიხედავენ?
- სახელმწიფოს ფეხბურთი რომ აინტერესებს, ეს ძალიან კარგია და ჩემი აზრით, თანხები სწორედ ინფრასტრუქტურის განვითარებაზე უნდა დაიხარჯოს. არა მგონია, სახელმწიფომ მისგან დაფინანსებული კლუბები თვითდინებაზე მიუშვას და უწინდელივით კლოუნადების მოწყობის უფლება მისცეს, რადგან ხელისუფლებას ფეხბურთის განვითარება ნამდვილად უნდა.
აქვე ჩემპიონატის სისტემაზეც ვიტყვი: ამ სისტემამ არ გაამართლა. შეკრებიდან ჩამოსვლის შემდეგ უმაღლეს ლიგაში სამი შეხვედრა მოვიგეთ, მაგრამ საუკეთესო რვა გუნდში რომელიმესთან მოპოვებული ქულები გადმოგვყვება? ბოლო ტურში "ვიტ ჯორჯიას" რომ მოვუგოთ, რაში გამოგვადგება? არადა, თითოეულ ქულას ფასი უნდა ჰქონდეს.
- 16-გუნდიან ჩემპიონატზე რას ფიქრობთ?
- ფედერაციამ ყველაზე კარგი ის გააკეთა, რომ აღარავის აძლევს "ყანაში" თამაშის უფლებას. მთავარია, იყოს მოედნები, ინფრასტრუქტურა და გუნდების სათანადოდ დაფინანსება. ასეთ შემთხვევაში, იდეალური ჩემპიონატი იქნება. სასურველია, მეტი კერძო კლუბი გვყავდეს. ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს დაფინასება უფრო ეფექტური გახდება.
მთელი ევროპა კრიმინალური გარიგებებითაა შეძრული, სხვადასხვა ქვეყანაში უამრავი ადამიანი დააკავეს, რომლებმაც ფეხბურთი გარყვნეს, თაღლითური სქემების გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი შემოსავალი დაუმალეს. სახელმწიფო ფულს რომ ხარჯავს, მან უკუგებაც უნდა მიიღოს და მწვრთნელსაც უნდა ესმოდეს და ფეხბურთელსაც, თუ რაში იღებენ მონაწილეობას.
ჩვენი ბაზარიც დასალაგებელია... ნაკრებისა და კლუბების წარმატებასა თუ წარუმატებლობაში ყველას თავის წილი პასუხიმგებლობა გვაქვს, მათ შორის ფეხბურთელებსაც. სამწუხაროდ, ქართული ფეხბურთი თითქმის ყველამ პირადი კეთილდღეობისა და კარიერისთვის გამოიყენა.
არც ხორვატებს ჰქონდათ დიდი ფული, პირიქით, ბალკანეთიდან აქ ჩამოგვყავს მათი მწვრთნელები და მოთამაშეები, მაგრამ სწორი და ეფექტური მენეჯმენტის პირობებში მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავეს. მთავარია, საქმეს როგორ მიუდგები.
- ბოლოს ისევ "ზესტაფონზე" გვკითხავთ: ალბათ, ბოლოდროინდელმა შედეგებმა გუნდის სამწვრთნელო შტაბისადმი ნდობა უფრო გაზარდა.
- სამწვრთნელო შტაბს ჩემგან ასპროცენტიანი ნდობა აქვს, თუმცა მეც და კლუბის თითოეულმა წევრმაც კარგად ვიცით, რომ მიღწეულზე შეჩერება არ შეიძლება და მუშაობა გაორმაგებული ენერგიით უნდა განვაგრძოთ.
|