03.03.2012

 

 

 

 

 

დუბლიორთა ტურნირის გადადებული მატჩი

 

 

 

 

 

 

2012 წლის 3 მარტს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეოცე ტურის გადადებული მატჩი. ”ზესტაფონის” დუბლიორები საფეხბურთო კლუბ ”გაგრას” მეორე გუნდს მუხრანში ესტუმრნენ.

 

 

ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი, თორნიკე გრიგალაშვილი, რობაქიძე, ღლონტი (მაჭავარიანი, 56), გაგოშიძე, გაჩეჩილაძე, ფირუზაშვილი, ჭანტურიშვილი, სამუშია, ლომია, შარვაძე (ღირდალაძე, 65 (ხუჯაძე, 88)).

 

 

”გაგრასა” და ”ზესტაფონის” დუბლიორთა დაპირისპირება, რომელიც თებერვლის თვეში საქართველოში უხვად მოსული თოვლის გამო გადაიდო, ორი კვირის დაგვიანებით მაინც გაიმართა და მას სოფელ მუხრანის სტადიონმა უმასპინძლა .

 

შეხვედრის პირველი ტაიმი ორმხრივ იერიშებში წარიმართა და ბურთის გატანის შესაძლებლობები მასპინძლებსაც ჰქონდათ და სტუმრებსაც. ასეთ თამაშში ანგარიშის გახსნა ტაიმის ბოლოს მაინც ზესტაფონელებმა მოახერხეს - ნოდარ გაჩეჩილაძის მიერ 38-ე წუთზე წამოწყებულ შეტევას მხარი გურამ სამუშიამაც კარგად აუბა და შეტევის მარჯვენა ფლანგიდან ამ უკანასკნელის ზუსტი გადაცემის შემდეგ გოლი გაგრელთა კარში საბა ლომიამ გაიტანა.

 

მეორე ტაიმი კი მარგველთა ტერიტორიული უპირატესობით მიმდინარეობდა. რამდენიმე ეპიზოდში ზესტაფონელებმა ანგარიშში ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურების კარგი შესაძლებლობები გაანიავეს და მეტოქეს მატჩის გადარჩენის საშუალება, წინა შეხვედრების მსგავსად, ისევ მისცეს - 87-ე წუთზე სტუმართა კარში დანიშნული პენალტი გოლად გივი არახამიამ აქცია - ფრე 1-1.

 

დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005