2012 წლის 2 მარტს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ოცდამეერთე ტურის გადადებული მატჩი. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ქვეყნის ჩემპიონმა ”ზესტაფონმა” საუკეთესო რვა კლუბს შორის დასარჩენად მებრძოლ ცხინვალის საფეხბურთო კლუბ ”სპარტაკს” უმასპინძლა.
ეროვნული ჩემპიონატის პირველი ნაწილის ბოლოსწინა შეხვედრა საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონსა” და ცხინვალის "სპარტაკს" შორის მეორე ცდაზე მაინც ჩატარდა. როგორც მოგეხსენებათ, წესით, ეს შეხვედრა 26 თებერვალს უნდა გამართულიყო, თუმცა გასული თვის ბოლოს იმერეთში მოსული ბარაქიანი თოვლის გამო ზემოიმერულ-შიდაქართლური დაპირისპირების ჩატარება მხოლოდ 2 მარტს გახდა შესაძლებელი.
დღევანდელი მატჩი საინტერესოდ წარიმართა და უხვგოლიანიც გამოდგა. შეხვედრის დაწყებისთანავე იმერლებმა საგრძნობი უპირატესობა იგდეს ხელთ და უკვე მეოცე წუთისთვის ორბურთიანი უპირატესობით იგებდნენ. 13-ე წუთზე მასპინძელთა ხანგრძლივი შეტევა ცხინვალელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობითა და ამ არეულობაში ყველაზე ადრე გარკვეული შოთა გრიგალაშვილისზუსტი დარტყმით დასრულდა. 19-ე წუთზე კი პირველი გოლის ავტორი უკვე წარმატებული ასისტენტის როლში მოგვევლინა, გაიყვანა რა დასარტყმელ პოზიციაზე ტრავმამოშუშებული ჯაბა დვალი. მწყობრში დაბრუნებულ ზესტაფონელთა ფორვარდს გატანა არ გასჭირვებია ...
მეორე ტაიმიც ზესტაფონელთა შეტევებით დაიწყო. მასპინძელთა ერთ-ერთი შეტევისას შოთა გრიგალაშვილმა ხელსაყრელ პოზიციაზე ამჯერად უკვე რატი წინამძღვრიშვილი გაიყვანა, თუმცა "სპარტაკის" გოლკიპერმა გიორგი ნადირაძემ ეს შეტევა წესის დარღვევით შეაჩერა. 52-ე წუთზე კარის ხაზიდან 11 მეტრის მოშორებით განლაგებული წერტილიდან ჯაბა დვალისდარტყმული ზუსტი გამოდგა. ამ მომენტიდან სულ რაღაც 5 წუთში ანგარიში 3-1 გახდა - ამჯერად მასპინძელთა კარში დანიშნული 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა გოლად ლევან მელქაძე აქცია.
ამის შემდეგ შეხვედრა "გაიხსნა" და ორივე გუნდმა "ბედის ძიება" შეტევის ფაზაში აქტიურობით სცადა. 76-ე წუთზე დავით მუჯირმაუძლიერესი "გასროლით" ზესტაფონელთა უპირატესობა ისევ დიდამდე გაზარდა, თუმცა 85-ეზე, კარგი სოლო-რეიდის შემდეგ, ცხინვალელმა თეიმურაზ შარაშენიძემ ანგარიშში სხვაობა ისევ ორ ბურთამდე შეამცირა. დღევანდელ შეხვედრაში ბოლო სიტყვა ისევ ჯაბა დვალმა თქვა - 88-ე წუთზე ჯაბამ დავით მუჯირის კარგი გადაცემა შეირგო და უზუსტესი დარტყმით ჰეთ-თრიკი ავტორობაც გაიფორმა.
აქვე, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 21 ტურის შემდეგ გატანილი 12 გოლით ჯაბა დვალი მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას სათავეში ერთპიროვნულად ჩაუდგა.
საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის პირველი ეტაპის დასკვნითი, ოცდამეორე ტურის შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 6 მარტს მცხეთაში გამართავს. ადგილობრივ "მცხეთა-პარკზე" ზემოიმერლები საუკეთესო რვა კლუბს შორის დასარჩენად მებრძოლ კიდევ ერთ კლუბს, თბილისის საფეხბურთო კლუბ ”ვიტ-ჯორჯიას” დაუპირისპირდებიან ...