02.03.2012

 

 

 

 

 

გიორგი ჭიაბრიშვილი: "სპარტაკთან" ქულების დაკარგვას არ ვაპირებთ

 

 

 

 

 

 

 

სასწორზე კი 2 და 6 მარტსაც ბევრი რამ იდება - ზედა რვა გუნდში დასამკვიდრებლად რამდენიმე გუნდს შორის დიდი ბრძოლაა გაჩაღებული და ამ პროცესის მიმართ გულგრილნი ვერც ჩემპიონობისა თუ საპრიზო ადგილებისთვის მებრძოლი კლუბები იქნებიან - ჩემპიონატის რეგლამენტის გამო ხომ მათთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ ვინ მოხვდება რვა საუკეთესოში.

 

"ზესტაფონის" წევრებმა ჯერ არ იციან, წაადგებათ თუ არა "სპარტაკთან" მოპოვებული სამი ქულა, ამიტომაც გამარჯვებისთვის ბრძოლა მართებთ. "სპარტაკის" მოტივაციას დიდი ახსნა არ სჭირდება. სტუმართათვის შეიძლება ფრეც კი არ იყოს სამყოფი და შესაბამისად, სენსაციის ავტორობას შეეცდებიან.

უნდა გავიხსენოთ ამ გუნდებს შორის პირველ წრეში ჩატარებული შეხვედრაც, რომელიც "მიხეილ მესხზე" გაიმართა და "ზესტაფონმა" შთამბეჭდავი თამაშითა და ანგარიშით, 5:1 მოიგო...

გიორგი ჭიაბრიშვილი: ქულების დაკარგვას არ ვაპირებთ


- კლიმატური პირობები მატჩისთვის მზადებაში ხელს ხომ არ გიშლით?
- მთავარია, არ მოთოვოს და ეს შეხვედრა კიდევ არ გადაიდოს. სხვა მხრივ, ნორმალურად ვართ მომზადებულები და მორიგი გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.

- იმ ფეხბურთელთაგან, რომლებიც ბოლო მატჩში გაკლდათ, ვინმეს დაბრუნება ხომ არაა მოსალოდნელი?
- თემურ ღონღაძეს სიცხე ჰქონდა და უკვე გამოჯანმრთელდა. ჯაბა დვალიც გვიბრუნდება. იგი 90 წუთის სათამაშოდ უკვე მზადაა და ვნახოთ, რა პერიოდს გაატარებს მოედანზე.

- "სპარტაკთან" მატჩის გადადებამ "ზესტაფონის" გეგმებში სერიოზული კორექტივები შეიტანა?
- მატჩის გადადება ხელს იმ გუნდს აძლევს, რომელიც არცთუ კარგადაა მომზადებული, ჩვენ კი თითოეული გადადებული შეხვედრა რიტმიდან გვაგდებს. ესპანური შეკრების შემდეგ ინტენსიური თამაში გვჭირდებოდა, იძულებითმა შესვენებამ კი ნამდვილად არ გვარგო.

- დღევანდელ "სპარტაკს" როგორ დაახასიათებდით?
- საკმაოდ ძლიერი და საინტერესო გუნდია, რომელიც იოლად არაფერს დაგვითმობს. კარგად ვიცი, რომ "სპარტაკს" ქულები ჰაერივით სჭირდება და დიდ წინააღმდეგობას გაგვიწევს, მაგრამ ჩვენ ჩვენი მიზნები გვაქვს და ქულების დაკარგვას არ ვაპირებთ.

- "დილამ" რვა საუკეთესოსკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, რაც "ზესტაფონს" საქმეს ურთულებს...
- "დილას" წარმატების შემთხვევაში სამი ქულა გვაკლდება, მაგრამ ეს საგანგაშო ამბად არ მიგვაჩნია. ზედა რვა გუნდში ყველაზე ღირსეულები უნდა მოხვდნენ და ჩვენ სწორედ მათთან ბრძოლაში უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩემპიონობის ღირსი ვართ. "დილასთან" შინ მწარე მარცხი ვიწვნიეთ, რისთვისაც გორში რევანში უკვე ავიღეთ, მაგრამ ამ გუნდის წინააღმდეგ კიდევ სიამოვნებით ვითამაშებთ...

იბეჭდება შემოკლებით

ლევან ჯანეზაშვილი, ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
   
FC ZESTAFONI © 2005