არითმეტიკა, სტატისტიკა და ფაქტები
როგორც მოგეხსენებათ, ეროვნულ ჩემპიონატში გამოცხადებულია ხანმოკლე სანაკრებო პაუზა. ამ მცირეხნიანი შესვენებით საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახურიც ისარგებლებს და მკითხველის ყურადღებას სანაკრებო და საკლუბო ასპარეზზე მომხდარ საინტერესო ამბებზე შეაჩერებს.
29 თებერვალს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს საქართველოსა და ალბანეთის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან. გულშემატკივრისათვის კარგადაა ცნობილი, რომ ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას ალბანელებთან გასამართი მატჩისთვის ერთბაშად 4 ზესტაფონელი (როინ კვასხვაძე, მამუკა კობახიძე, შოთა გრიგალაშვილი და თორნიკე გორგიაშვილი) ჰყავს გამოძახებული. ამას თუ დავამატებთ იმას, რომ ზემოთ ნახსენებ ოთხეულს ეროვნული გუნდის მაისურის მოსარგებად გამზადებული ექს-ზესტაფონელთა კვარტეტიც (უჩა ლობჟანიძე, მურთაზ დაუშვილი, ირაკლი ძარია და ნიკოლოზ გელაშვილი) უმშვენებს გვერდს, აღმოვაჩენთ, რომ ალბანელებთან საასპარეზოდ ეროვნული ნაკრების დროშის ქვეშ "ზესტაფონის" "სკოლაგამოვლილი" (თავის დროზე სწორედ იმერულ კლუბში მაღალი დონის პროფესიონალებად ქცეული და მისი ღირსების დღესდღეობით დამცველი) ერთბაშად 8 (!) ფეხბურთელია მობილიზებული.
***
აქვე მოგახსენებთ ძალიან საინტერესო პუბლიკაციის შესახებ, რომელიც, უეფას სტატისტიკური სამსახურის პუბლიკაციაზე დაყრდნობით, საინფორმაციო სააგენტო - "მსოფლიო სპორტმა" (WORLDSPORT.GE) გამოაქვეყნა. პუბლიკაციაში საუბარია უეფას სტატისტიკოსთა მიერ გამოქვეყნებულ ცხრილზე, რომელშიც 1955-2011 წლებში ევროპული საკლუბო ტურნირების (ინტერტოტოს თასის გამოკლებით) მატჩებში ყველა კლუბის საერთო მონაგარია შეჯამებული.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონისა” და მისი ქომაგისათვის კი საინტერესო პუბლიკაციის ის ნაწილი გახლავთ, რომელიც გვაუწყებს იმას, რომ იმ 14 ქართულ კლუბს შორის, რომლებსაც ევროპულ საკლუბო ტურნირებში აქვთ მონაწილეობა მიღებული, მიმდინარე სეზონის შედეგების გათვალისწინებით, "ზესტაფონი" მეორე შედეგის მქონე გახლავთ. სულაც არაა გასაკვირი, რომ ქართულ კლუბებს შორის საუკეთესო შედეგი თბილისის "დინამოს" აქვს - ხსენებულ ცხრილში თბილისელთა 1993-2011 წლების მონაგარს ხომ საბჭოთა პერიოდის ქართული ფეხბურთის ფლაგმანისა (ფაქტობრივად კი, ქვეყნის ნაკრები გუნდის) მიერ 1972-1987 წლებში აღებული ქულებიც ემატება.
რაც შეეხება ზესტაფონელებს, ჩვენი ქალაქი უეფას ამ ნარკვევში ერთბაშად 2 კლუბითაა წარმოდგენილი. ევროტურნირების მონაწილე ქართული კლუბების სიაში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” გვერდს თანაქალაქელი "მარგვეთი" უმშვენებს. ზესტაფონის "მარგვეთმა" 1995-1996 წლების სეზონში უეფას თასის გათამაშებაში იასპარეზა, თუმცა ბრძოლას პირველივე საკვალიფიკაციო რაუნდში მალტურ "შლიმა უონდერერზთან" ორმატჩიან დუელში მარცხის შემდეგ გამოეთიშა.
ქართულ კლუბებს შორის მეორე პოზიციაზე საქართველოს მოქმედმა ჩემპიონებმა სწორედ მიმდინარე სეზონის ევროპული "კომპანიის" შედეგების გათვალისწინებით აინაცვლეს. მოლდოვურ "დაჩიასთან" მოპოვებული გამარჯვება და ავსტრიულ "შტურმთან" და ბელგიურ "ბრიუგესთან" დაფიქსირებული ფრეები საკმარისი გამოდგა ქვემოთ მოყვანილ ცხრილში ბათუმის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" უკან ჩამოსატოვებლად. აღსანიშნავია ისიც, რომ, თბილისის დინამოელთა მსგავსად, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” გატანილი და გაშვებული ბურთების დადებითი ბალანსი აქვს. გარდა ამისა, თუ არ ჩავთვლით "დინამოს", სწორედ მარგველებს აქვთ საუკეთესო მაჩვენებელი ევროასპარეზზე ჩატარებული მატჩებისა ("ტორპედოსთან" ერთად - 18-18) და გატანილი გოლების (31) რაოდენობის მხრივ.
№ |
გუნდი |
ჩ. |
თ |
მ |
ფ |
წ |
ბურთები |
ქ |
1 |
დინამო (თბილისი) |
29 |
131 |
61 |
18 |
52 |
183:177 |
140 |
2 |
ზესტაფონი |
4 |
18 |
5 |
5 |
8 |
31:20 |
15 |
3 |
ტორპედო (ქუთაისი) |
6 |
18 |
6 |
2 |
10 |
22:35 |
14 |
4 |
დინამო (ბათუმი) |
4 |
12 |
5 |
2 |
5 |
18:18 |
12 |
5 |
მეტალურგი (რუსთავი) |
4 |
14 |
4 |
4 |
6 |
14:22 |
12 |
6 |
ვიტ-ჯორჯია (თბილისი) |
6 |
15 |
3 |
4 |
8 |
14:34 |
10 |
7 |
ლოკომოტივი (თბილისი) |
5 |
12 |
2 |
3 |
7 |
8:26 |
7 |
8 |
ამერი (თბილისი) |
2 |
6 |
2 |
1 |
3 |
6:7 |
5 |
9 |
თბილისი |
1 |
4 |
2 |
0 |
2 |
5:8 |
4 |
10 |
მარგვეთი (ზესტაფონი) |
1 |
2 |
1 |
0 |
1 |
3:4 |
2 |
11 |
გაგრა |
1 |
2 |
1 |
0 |
1 |
2:3 |
2 |
12 |
სიონი (ბოლნისი) |
2 |
6 |
1 |
0 |
5 |
2:11 |
2 |
13 |
კოლხეთი-1913 (ფოთი) |
2 |
4 |
1 |
0 |
3 |
2:13 |
2 |
14 |
სამტრედია |
1 |
2 |
0 |
0 |
2 |
0:3 |
0 |
|