28.02.2007

მახარაძეს ევროპა სურს ...

 

”ზესტაფონმა” ყოჩაღად დაიწყო საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრე. თემურ მახარაძის ბიჭებმა ულაპარაკოდ დაჩაგრეს ”ლოკომოტივი” , მანამდე კი სტუმრად თასის მეოთხედფინალში ”ბორჯომსაც” მოუგეს.
წლეულს ”ზესტაფონი” დიდი მიზნებისთვის იბრძვის და რომელიმე ევროსაგზურის მოპოვება სწადია. გუშინ იმერელთა მესაჭე თემურ მახარაძეს დავუკავშირდით და რამდენიმე კითხვით მივმართეთ:


- სეზონი რამდენიმე დღის წინ განახლდა. როგორი მომზადებული შეხვდა თქვენი გუნდი მეორე წრეს?
- თავად განსაჯეთ - პირველი თამაში თასის გათამაშებაზე ბორჯომში გვქონდა და წარმატებას მივაღწიეთ. ბორჯომში თამაში ყოველთვის რთულია და ამჯერადაც არ იყო იოლი მატჩი, მაგრამ სასიამოვნოა, რომ გავიმარჯვეთ.
რაც შეეხება ჩემპიონატის მატჩს, თბილისში ”ლოკომოტივი” დავამარცხეთ და ბრძოლას ვაგრძელებთ.
- მოსამზადებელი პერიოდით კმაყოფილი ხართ?
- საკმაოდ ნაყოფიერად მოვემზადეთ და კმაყოფილები ვართ. რაც ყველაზე მთავარია, ამხანაგური შეხვედრები ძლიერ კლუბებთან გავმართეთ და იმედია, ეს პროგრესის მიღწევაში დაგვეხმარება.
- უკვე ორი ოფიციალური თამაშის გამართვა მოასწარით. შთაბეჭდილებები როგორია?
- პირველი თამაშები ყოველთვის სირთულეებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ორივე შეხვედრაში დავჯაბნეთ მეტოქეები. რაც მთავარია, გუნდმა ბრძოლისუნარიანობა და სათამაშო ჟინი გამოავლინა.
- რომელ სათამაშო რგოლს გამოარჩევთ?
- რომელიმე რგოლის გამორჩევა არ მჩვევია. მთლიანად გუნდმა კარგად წარმოაჩინა თავი და ფეხბურთელების მომზადებით კმაყოფილი ვარ.
- ქართველი ახალწვეულები თუ გყავთ?
- ჯერ-ჯერობით მხოლოდ როინ ონიანი დავიმატეთ, რომელმაც საკმაოდ კარგად ჩაატარა შეხვედრები. იგი გამოცდილი ფეხბურთელი და ერთ-ერთი გამორჩეული მცველია. სხვა ახალწვეულები ჯერ-ჯერობით არ გვყავს.
- ბრაზილიელ ფეხბურთელებთან დაკავშირებით რა მდგომარეობაა?
- ოფიციალურად ისინი ჯერ არ არიან კლუბის წევრები, მაგრამ მათი დამატების სურვილი გვაქვს. სამხრეთამერიკელები კარგი ფეხბურთელები არიან. იმედია, ისინი გუნდს გამოადგებიან და კლუბის წარმატებებში წვლილს შეიტანენ.
ერთი ამპლუით ნახევარმცველია, მეორე კი ფორვარდი. ამხანაგურ შეხვედრებში კარგად წარმოაჩინეს თავი და მათი გარჯით კმაყოფილი ვარ.
- თასის გათამაშებაშიც და ჩემპიონატშიც წარმატებით ასპარეზობთ. უპირატესობას რომელს ანიჭებთ?
- სიმართლე რომ გითხრათ, ევროპაზე გასვლა გვსურს და გვინდა, ჩვენი ძალა სრულად გამოვავლინოთ. ორივე ფრონტზე ერთნაირად ვიბრძოლებთ და იმედია, რომელიმე გათამაშებაში წარმატებას მივაღწევთ.
- ჩემპიონატში მომდევნო გასვლითი შეხვედრა რუსთავში გელით. ამ უპრინციპულეს მატჩთან დაკავშირებით რას იტყვით?
- ჩვენ ამჟამად ”მერანთან” თამაშზე ვფიქრობთ და არა ”ოლიმპზე”, რადგან ჯერ დედაქალაქელებს ვმასპინძლობთ, შემდეგ კი რუსთავს ვსტუმრობთ.
- ჩემპიონობისთვის ერთბაშად რამდენიმე კლუბი იბრძვის. ყველაზე რეალური შანსები რომელს აქვს?
- ვერც ერთს ვერ გამოვარჩევ, რადგან რამდენიმე კლუბს ერთნაირი შანსი აქვს.
- როგორ ფიქრობთ, წლევანდელმა ჩემპიონატმა თუ გაამართლა?
- რა თქმა უნდა გაამართლა. წლეულს ჩემპიონობისათვის ერთბაშად ხუთი გუნდი იბრძვის. წინ ძალიან საინტერესო და დაძაბული შეხვედრები გველის. მოწინავე კლუბებს შორის ასეთი სიმჭიდროვე ჩვენს ჩემპიონატში კარგა ხანია არ ყოფილა.
- იქნებ სჯობდა, ჩემპიონატი ათგუნდიანი ყოფილიყო, რადგან ყველა თამაში დაძაბული და საინტერესო იქნებოდა…
- ჩვენ 10 - გუნდიანი ჩემპიონატიც გვქონდა, 12 - გუნდიანიც, მაგრამ არც ერთმა სიკეთე არ მოიტანა. ჩემი აზრით, უმჯობესია ხალხი დასაქმებული იყოს და საყვარელ საქმეს ემსახურებოდეს. ამიტომ 10 - გუნდიანი ჩემპიონატი ჩემთვის მიუღებელია.

გაზეთი "ოლიმპი"
   
FC ZESTAFONI © 2005