27.02.2012

 

 

 

 

 

დუბლიორთა ტურნირის მეცხრამეტე ტური

 

 

 

 

 

 

27 თებერვალს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის ოცდამეერთე ტურის მატჩები. ”ზესტაფონის” დუბლიორებმა ცხინვალის საფეხბურთო კლუბ ”სპარტაკის ” მეორე გუნდს თბილისში უმასპინძლეს.

 

 

ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მამალაძე, თორნიკე გრიგალაშვილი, რობაქიძე, თედო გრიგალაშვილი, გაგოშიძე, ჯუღელი (ხუჯაძე, 83), ფირუზაშვილი, ჭანტურიშვილი, სამუშია (გოგინაშვილი, 62), ლომია, შარვაძე (ღირდალაძე, 55).

 

”ზესტაფონისა” და ცხინვალის ”სპარტაკის” დუბლიორთა დაპირისპირება, რომელიც ზესტაფონში უნდა გამართულიყო, დასავლეთ საქართველოში მოსული თოვლის გამო, თბილისში, ხელოვნურსაფარაინ სტადიონ "ბენდელაზე" გაიმართა და ნომინალური მასპინძლის როლში სწორედ ზესტაფონელები წარსდგნენ.

 

როგორც ეს მასპინძლის სტატუსს შეესაბამება, იმერლებმა შეხვედრის პირველი ტაიმი აღმავლობით ჩაატარეს, ძალიან შთამბეჭდავად იასპარეზეს და ორბურთიანი უპირატების მოპოვებაც შეძლეს - ანგარიში უკვე 16-ე წუთზე ბერდია შარვაძის ზუსტი დარტყმით გაიხსნა, ხოლო მეორე გოლი 37-ე წუთზე საბა ლომიამ გაიტანა.

 

მეორე ტაიმი მარგველთა ტერიტორიული უპირატესობით კი წარიმართა, თუმცა, წინა შეხვედრის მსგავსად, ზესტაფონელებმა ანგარიშში ორბურთიანი უპირატესობა გაანიავეს და მეტოქეს მატჩის გადარჩენის საშუალება მისცეს - 64-ე წუთზე ნომინალურ მასპინძელთა კარი გიორგი გოგიძემ აიღო, ხოლო 79-ეზე დავით გელაშვილმა ანგარიში საყაიმო გახადა და საკმაოდ საინტერესო შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2-2.

 

დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005