27.02.2012

 

 

 

 

 

ინტერვიუ აბაიომი ოვონიკოკოსთან

საქართველოს მოქალაქეობა ჩემთვის არის გზა ევროპული წარმატებისკენ

 

 

 

 

 

 

სულ რამდენიმე კვირის წინ სპორტულ წრეებში საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ წარმოშობით ნიგერიელმა ფეხბურთელმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. რატომ გადაწყვიტა ახალგაზრდა ფეხბურთელმა მიეღო უცხო ქვეყნის მოქალაქეობა? ამ და სხვა შეკითხვებით primetimenews-ი მას პირადად მიმართა.

ის სულ რაღაც 19 წლის არის, თუმცა ასაკს მისთვის სერიოზული გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხელი არ შეუშლია. ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეობა მისთვის შანსი იყო, ხიდი ევროპული წარმატებისკენ.

 

აბაიომი ოვონიკოკო: უკვე ავიღე ქართული პასპორტი, ძალიან მიხარია. საქართველოს მოქალაქეობა ჩემს კარიერაში დიდი შანსია. ჩემი წარმოშობა ევროპულ გუნდებში გარკვეულ ბარიერს მიქმნიდა. ახლა კი, როცა საქართველოს მოქალაქე ვარ, ევროპაში გზა გახსნილი მაქვს. მადლობა საქართველოს დახმარებისთვის.

- როდის ჩამოხვედი საქართველოში?

- 3 წლის წინ ჩამოვედი საფეხბურთო კლუბ "გაგრაში", მათთან 2 წელი და 10 თვე ვითამაშე, შემდეგ კი ზესტაფონში გადმოვედი. უკვე ორი თვეა ამ გუნდის წევრი ვარ.

 

- რატომ გადაწყვიტე "ზესტაფონში" გადასვლა?

- "გაგრას" პრეზიდენტმა მითხრა, რომ ამ გუნდიდან იყო დაინტერესება, არ დავფიქრებულვარ, მაშინვე დავთანხმდი, რადგან ძალიან კარგი გუნდია. ეს ჩემთვის შანსი იყო. თუ ასე სტაბილურად თამაშს გავაგრძელებთ ჩემპიონებიც გავხდებით.

 

- რამდენ წლიანი კონტრაქტი გააფორმე ამ გუნდთან?

- 3 წლიანი. ამ დროის განმავლობაში იმედია გუნდთან ერთად მაქსიმუმის მიღწევას შევძლებ. ძალიან მინდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოვხვდეთ.

 

- გუნდში ვისთან მეგობრობ?

- აქ ყველა ჩემი მეგობარია. ამ გუნდთან ერთად ზამთარში ესპანეთში საწვრთნელო შეკრება გავიარე. ყველა გვერდით დამიდგა, ამიტომ გუნდთან ადაპტაცია არ გამჭირვებია.

 

- მწვრთნელზე რას ფიქრობ?

- ძალიან კარგი ადამიანია. არა მარტო მწვრთნელი, არამედ ჩვენი კარგი მეგობარია. კარგად ესმის ჩვენი.

 

- საქართველოს ჩემპიონატზე რას გვეტყვი?

- საკმაოდ კარგი ჩემპიონატია. აქედან ნამდვილად არის დიდი შანსი ევროპულ გუნდებში გასვლის, თუმცა ჯერ-ჯერობით მე ამაზე არ ვფიქრობ. ამ ეტაპზე ჩემს ახალ გუნდთან ერთად ვაპირებ დიდი წარმატებების მიღწევას, მათ შორის საერთაშორისო ტურნირებში.

 

- თუ ეროვნული ნაკრებიდან გექნება შემოთავაზება, ითამაშებ?

- ნაკრებისთვის მგონი ძალიან ახალგაზრდა ვარ, თუმცა თუ ახალგაზრდული ნაკრებიდან იქნება დაინტერესება, ბუნებრივია, სიამოვნებით დავთანხმდები.

 

- რას ფიქრობ საქართველოზე?

- ძალიან ლამაზი ქვეყანაა. მიხარია რომ აქ ვარ.

 

ანი ყაზაიშვილი, გაზეთი "პრაიმ ტაიმი "
   
FC ZESTAFONI © 2005