24.02.2012

 

 

 

 

ინტერვიუ მამუკა კობახიძესთან

თემურ ქეცბაიას შანსის გამოსაყენებლად ყველაფერს ვიღონებ

 

 

 

 

 

 

 

23 თებერვალს საქართველოს ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელთა სია გამოქვეყნდა. ეროვნულ გუნდში პირველად უხმეს მამუკა კობახიძეს.

"ზესტაფონის" 19 წლის მცველისთვის მიმდინარე სეზონი საკმაოდ წარმატებულია - გუნდის ძირითად შემადგენლობაშიც ხშირად ხვდება და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც დამკვიდრდა.

მამუკას ეროვნულ ნაკრებში გამოძახებით მიღებულ შთაბეჭდილებებზე ვესაუბრეთ და საკლუბო საკითხებსაც შევეხეთ.

 

 

- პირველ რიგში, სასიამოვნო სიახლეს გილოცავ!
- დიდი მადლობა. ძალიან გახარებული ვარ, ასეთი პატივი რომ მხვდა წილად. ბედნიერი ვარ, ასეთი შანსი რომ მომეცა და მის გამოსაყენებლად ყველაფერს ვიღონებ.

- ელოდი, რომ ეროვნულ ნაკრებში ასეთ ახალგაზრდულ ასაკში მოხვდებოდი?
- ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ რადგან ასე მოხდა, ვალდებული ვარ, ამ გამოწვევას ღირსეულად დავხვდე. ამისთვის ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც მზად ვარ და თუ თემურ ქეცბაია ალბანეთთან თამაშის საშუალებას მომცემს, შევეცდები, საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოვაჩინო.

თუ თამაშმა არ მომიწია, ძალიან არც ამაზე დამწყდება გული, რადგან ნაკრებთან ერთად ვარჯიშიც ბევრს შემძენს. ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ხომ ეს განსაკუთრებული სტიმულია.

- "ზესტაფონში" წარმატებული თამაშის გარდა, შენი ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა, ალბათ, ახალგაზრდულში ასპარეზობამაც განაპირობა.
- ახალგაზრდულ ნაკრებში ორი ოფიციალური მატჩი ჩავატარე, რითაც დიდი გამოცდილება შევიძინე. ალბათ, ქეცბაიასთან რეკომენდაცია ახალგაზრდულის მაშინდელმა თავკაცმა სოსო ჭედიამ გამიწია. კარგად მესმის, რომ უახლოეს პერიოდში, შესაძლოა, ეროვნულ გუნდში ვერ დავმკვიდრდე და თუ ალექსანდრე ჩივაძე გამომიძახებს, ახალგაზრდულში თამაშს დიდი სიამოვნებით გავაგრძელებ.

- როგორ ფიქრობ, როდის იქნები მზად ეროვნული ნაკრების ძირითად შემადგენლობაში სათამაშოდ?
- ძნელი სათქმელია, თუმცა მგონია, რომ ეს დრო არც ისე შორსაა. თუ ტრავმებმა ხელი აღარ შემიშალა, პროგრესირებას სწრაფი ტემპით გავაგრძელებ და მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მექნება იმის ჯანსაღი ამბიცია, რომ ეროვნულ ნაკრებში სტაბილურად ვთამაშობდე. თუმცა ისიც კარგად მესმის, რომ კახა კალაძის ნაკრებიდან წასვლის მიუხედავად, ეროვნული გუნდის დაცვის ხაზში კვლავ დიდი კონკურენციაა.

- გასაგებია, რომ უახლოეს შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ნაკრების შანსები მიზერულია. სამომავლოდ თუ აქვს ჩვენს ეროვნულ გუნდს იმის პერსპექტივა, რომ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად იბრძოლოს?
- ახალგაზრდა ფეხბურთელების კარგი თაობა მოდის და ეს ბიჭები თავის სიტყვას იტყვიან. ვფიქრობ, კარგი შანსი გვექნება იმისთვის, რომ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე მოვხვდეთ. ამის პერსპექტივას ის ფაქტი გვიზრდის, რომ 2016 წლიდან ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 24 გუნდი გავა.

- სანაკრებო კონკურენციას შევეხეთ და ისიც აღვნიშნოთ, რომ "ზესტაფონის" დაცვის ცენტრშიც ძლიერი კონკურენტები გყავს.
- გიორგი ონიანი, ედიკ საჯაია და გიორგი ხიდეშელი მართლაც მაღალი დონის მცველები არიან და მათთან კონკურენცია და მათ გვერდით თამაში ბევრს მაძლევს. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ კარიერაში წინ მივიწევ. ხიდეშელის გამოჯანმრთელებით დაცვის ცენტრში კონკურენცია კიდევ უფრო იზრდება, მაგრამ ამისთვის თითოეული ჩვენგანი მზადაა და კარგად გვესმის, რომ კონკურენციის გარეშე ვერც გუნდი გაიზრდება და ვერც ფეხბურთელი.

- ეროვნული ჩემპიონატი "ზესტაფონმა" ორი გამარჯვებით განაახლა. რამდენად დამაკმაყოფილებლად მიგაჩნია საკუთარი და გუნდის თამაშის ხარისხი?
- ახალგაზრდული ნაკრების მატჩისას დავშავდი, მერე კლუბშიც მივიღე ტრავმა და სრულყოფილად მხოლოდ ესპანური შეკრება გავიარე. საბედნიეროდ, პრობლემები აღარ მაქვს და დღეისთვის ნორმალურ ფორმაში ვარ. მოხარული ვარ, რომ ახლად გამოჯანმრთელებულს გიორგი ჭიაბრიშვილმა ძირითად შემადგენლობაში თამაშის შესაძლებლობა მომცა, რაც ფორმის აღდგენაში ძალიან დამეხმარა.

რაც შეეხება "ზესტაფონის" თამაშს, "გაგრას" ისეთ კლიმატურ პირობებში შევხვდით, რომ ხარისხზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდით, როგორმე გამარჯვება მოგვეპოვებინა და ეს შევძელით. რაც შეეხება "ბაიასთან" მატჩს, ეს შეხვედრა გუნდმა მაღალ დონეზე ჩაატარა და უფრო დიდი ანგარიშით გამარჯვებაც გვმართებდა. კიდევ ერთი-ორი ტური და "ზესტაფონის" რეალურ ძალას ყველა დაინახავს.

- კონკურენტებიდან რომელ კლუბებს გამოარჩევდი?
- ჩემი აზრით, ჩემპიონობისთვის ბრძოლაში "ზესტაფონის" ერთადერთი რეალური კონკურენტი თბილისის "დინამო" იქნება, რომელსაც სეზონის მეორე ნახევარში ალბათ, სერიოზული ჩავარდნა აღარ ექნება.

- იქნება "ზესტაფონი" ზაფხულისთვის საიმისოდ მომწიფებული, რომელიმე ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე რომ მოხვდეს?
- ფაქტია, რომ ჩვენი კლუბი ვითარდება და ყოველწლიურად ძლიერდება. ევროთასებზე წარმატების მიღწევა ძალიან ძნელია, მაგრამ შარშანდელმა გამოცდილებამ დაგვანახა, რომ ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის ძალა შეგვწევს. შევეცდებით, წელს ევროპაში კიდევ უფრო წარმატებით ვითამაშოთ და ჯგუფამდე მივიდეთ.

- საკუთარ გეგმებზე რას იტყვი? ახლო მომავალში კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელებაზე ფიქრობ თუ ეს ჯერ ნაადრევად მიგაჩნია?
- ჩემი ასაკის ბევრი ქართველი ფეხბურთელი უკვე უცხოურ კლუბში თამაშობს, მაგრამ მე არსად მეჩქარება. "ზესტაფონი" საქართველოს საუკეთესო კლუბია და აქ ფეხბურთელი თავს კომფორტულად გრძნობს. როცა 19 წლის ხარ და ძლიერ გუნდში მნიშვნელოვან მოთამაშედ მიგიჩნევენ, საზღვარგარეთ წასვლა არ უნდა იჩქარო. ჯერ "ზესტაფონში" ჩამოვყალიბდები ძლიერ მცველად, დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს.

 

ლევან ჯანეზაშვილი, ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
   
FC ZESTAFONI © 2005