23.02.2012

 

 

 

 

 

დუბლიორთა ტურნირის მეცხრამეტე ტური

 

 

 

 

 

 

23 თებერვალს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის გადადებული მეცხრამეტე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” დუბლიორებმა ზუგდიდის ”ბაიას” მეორე გუნდს უმასპინძლეს.

 

ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი, რობაქიძე, თედო გრიგალაშვილი, ჯიქიძე, გაგოშიძე, ჯუღელი (ფორცხვერაშვილი, 67), ფირუზაშვილი, ჭანტურიშვილი, ეგუტიძე (ჭეიშვილი, 39 (ღირდალაძე, 85)), ხუჯაძე (იმერლიშვილი, 32), შარვაძე.

 

”ზესტაფონისა” და ზუგდიდის ”ბაიას” დუბლიორთა დაპირისპირება, რომელიც ზესტაფონის ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა, საინტერესო და უხვგოლიანი გამოდგა. მასპინძლებმა ანგარიში ვახტანგ ჭანტურიშვილის მიერ 7-ე წუთზე გატანილი გოლით გახსნეს. გატანილი გოლის შემდეგ ზესტაფონელებმა ინიციატივა ხელთ იგდეს და ვახტანგ ჭანტურიშვილის მიერ 25-ე წუთზე გატანილი კიდევ ერთი გოლის წყალობით ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ...

 

31-ე წუთზე კი მოხდა ეპიზოდი, რომელმაც შეხვედრაში მოვლენათა შემდგომ განვითარებაზე დიდი გავლენა მოახდინა - მარგველთა დაცვის უყურადღებობას სტუმართა სწრაფი შეტევა მოჰყვა, რომლის შეჩერება მასპინძელთა მეკარე კახაბერ მეშველიანმა მხოლოდ წესის დარღვევით მოახერხა და ამისათვის მატჩის რეფერი გიორგი დოგრაშვილისაგან წითელი ბარათი მიიღო. ზუგდიდელი აკაკი ფარჯიკიას მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმა ზუსტი გამოდგა ...

 

მეორე ტაიმი უკვე სტუმართა ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა და 57-ე წუთზე მაკარ აქუბარდიამ ანგარიში საყაიმო გახადა, ხოლო 86-ეზე კონსტანტინე ახალაიამ მესამედ აიღო ზესტაფონელთა კარი და საკმაოდ მძიმე შეხვედრაში თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა - 3-2.

 

ამ დასანანი მარცხის შედეგად ზესტაფონელები ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილში მეექვსე პოზიციამდე ჩამოქვეითდნენ.

 

დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005