2012 წლის 22 თებერვალს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის გადადებული მეცხრამეტე ტურის მატჩები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ქვეყნის ჩემპიონმა ”ზესტაფონმა” ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ ”ბაიას” უმასპინძლა.
ეროვნული ჩემპიონატის საგაზაფხულო ნაწილის პირველი საშინაო მატჩი საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” მშობლიურ "დავით აბაშიძეზე" გამართა. იმის მიუხედავად, რომ მატჩისწინა დღეებში ზემო იმერეთში თოვდა, სტადიონის ადმინისტრაციისა და პერსონალის შრომამ შედეგი გამოიღო, სათამაშო მინდორი თოვლისაგან მთლიანად იქნა გაწმენდილი და მატჩის ჩატარებას საფრთხე არ დამუქრებია.
ერთადერთილი გატანილი გოლის მიუხედავად, დღევანდელი მატჩი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა და მთლიანობაში კარგი "სანახავი" გამოდგა. პირველი ნახევარი იმერელთა საგრძნობი უპირატესობით მიმდინარეობდა და მათივე გამარჯვებით დასრულდებოდა, რომ არა ზუგდიდელთა გოლკიპერ გოგიტა სომხიშვილის საიმედო თამაში და სპორტული იღბალი, რომელიც რამდენიმე ეპიზოდში ზუგდიდელთა მხარე აღმოჩნდა - დავით მუჯირისა და დავით რაჟამაშვილის დარტყმების შემდეგ ბურთი სტუმართა კარის ძელმა მოიგერია. გოლის გატანასთან ახლოს თორნიკე გორგიაშვილი და შოთა გრიგალაშვილიც იყვნენ ...
მეორე ტაიმიც ზესტაფონელთა შეტევების "აკომპანემენტით" წარიმართა. მას შემდეგ, რაც დღევანდელ შეხვედრაში ზესტაფონელთა რიგებში ერთ-ერთმა გამორჩეულმა ლევან შარიქაძემ თორნიკე გორგიაშვილი სტუმართა მეკარესთან პირისპირ დატოვა, კარის ძელი ზუგდიდელელებს მშველელის როლში მესამედ მოევლინათ. ამას მასპინძელთა კართან შექმნილი ძალიან სახიფათო მომენტი მოჰყვა - მას შემდეგ, რაც სტუმართა კონტრშეტევის მოგერიებისას მარგველთა ერთ-ერთ მცველს ბურთი აეჭრა, მან კარის ხარიხა და ძელი "მოინახულა" და მხოლოდ ამის შემდეგ სიტუაცია როინ კვასხვაძემ განმუხტა.
მოვლენათა ასეთი განვითარება ნამდვილად არ შედიოდა ჩემპიონატის ლიდერთა გეგმებში და მათ სტუმართა დაცვით "რედუტებზე" ზეწოლა გააძლიერეს. ერთ-ერთ ეპიზოდში მასპინძლები ზუგდიდელთა მცველების მიერ საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაშისათვის 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმს დანიშვნას ითხოვდნენ, თუმცა მატჩის არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ წესის დარღვევა არ დააფიქსირა. ამის შემდეგ თავის გუნდის დაწინაურების ძალიან კარგი შანსები რატი წინამძღვრიშვილსა და ლევან შარიქაძეს მიეცათ, თუმცა ფორტუნა აქაც "ბაიას" მხარეს აღმოჩნდა ...
გადამწყვეტი გოლი ტრავმის მოშუშების შემდეგ მწყობრში დაბრუნებულმა შოთა გრიგალაშვილმა შეხვედრის 80-ე წუთზე გაიტანა - სტუმართა საჯარიმოს მისადგომებთან დანიშნული საჯარიმო დარტყმა ზესტაფონელთა ნახევარმცველმა გოგიტა სომხიშვილისაგან მარცხენა დაბალ კუთხეში ზუსტი გასროლით დააგვირგვინა.
სპორტულმა იღბალმა, რომელიც მთელი მატჩის მანძილზე ზუგდიდელთა მხარეს იყო, შეხვედრის მიწურულს მასპინძლებმაც გაუღიმა... მატჩის ბოლო წუთზე სტუმრებს მატჩის გადარჩენისა და ფავორიტად შერაცხული მასპინძლებისათვის მნიშვნელოვანი ქულების ართმევის ძალიან კარგი შანსი მიეცათ - მას შემდეგ, რაც ვალიკო ტყემალაძემ მასპინძელთა საჯარიმოში ჩამოწოდებული მაღალი ბურთისათვის ბრძოლა მარგველთა კიპერს მოუგო, მასპინძელთა კარში ბურთს გიორგი პაჭკორია გზავნიდა, თუმცა "მრგვალი საგანი" კარის ხაზიდან გიორგი ონიანმა გამოიტანა; ბურთი კარის ხაზიდან ხუთ მეტრში მდგომ ექს-გაგრელ გიორგი გაბედავას მიუვიდა და მანაც მასპინძელთა კარის აღება უძლიერესი დარტყმით სცადა. თუ როგორ მოახერხა როინ კვასხვაძემ ამ ბურთის მოგერიება, ალბათ, მხოლოდ თავად ეროვნული ნაკრების კანდიდატმა იცის... ზედიზედ მეორე გამარჯვება მინიმალური ანგარიშით 1-0.
საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის მორიგი, ოცდამეერთე ტურის შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 26 თებერვალს ისევ შინ გამართავს. ზემოიმერელთა მეტოქე ცხინვალის საფეხბურთო კლუბი ”სპარტაკი” იქნება ...