19.02.2012

 

 

 

 

 

ფეხბურთის დაბრუნებისა და დებიუტების დღე

 

 

 

 

 

 

2012 წლის 19 თებერვალს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის მეოცე ტურის მატჩები. საფეხბურთო სეზონის საგაზაფხულო ნაწილის სასტარტო შეხვედრაში საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ეროვნული თასის მფლობელ ”გაგრას” ესტუმრა.

 

მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის საგაზაფხულო ნაწილის სასტარტო მატჩი საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” თბილისში, სპორტკომპლექს ”შატილის” საფეხბურთო მოედანზე გამართა.

იმერელთათვის დღევანდელი მატჩი აღსანიშნავი დებიუტების სიმრავლით გამოდგა - ზურაბ მენთეშაშვილმა, დავით მუჯირმა, დავით რაჟამაშვილმა, გურამ სამუშიამ და ლევან შარიქაძემ ოფიციალურ შეხვედრაში ფეროელთა მაისურით პირველად იასპარეზეს. ორმაგად სასიამოვნოა ის გარემოება, რომ სეზონის განახლების შემდეგ პირველი გამარჯვებაც სწორედ ერთ-ერთი დებიუტანტის გოლის წყალობით იქნა მოპოვებული - მიმდინარეობდა მატჩის 5-ე წუთი, როდესაც ზამთრის "ანტრაქტისას" ზესტაფონელთა რიგებში გორის "დილადან" გადმოსულმა დავით რაჟამაშვილმა საჯარიმო დარტყმა ოსტატურად შეასრულა და ბურთი ზღვისპირელთა გოლკიპერ გიორგი ბეგაშვილის კარის ბადეში გაახვია.

აქვე უნდა ითქვას, რომ შეხვედრა მაინცდამაინც "საფეხბურთო გარემოში" არ ჩატარებულა - იმას, რომ თავად სპორტკომპლექსი "შატილი" არაა გათვლილი უმაღლესი რანგის მატჩების მისაღებად (საუბარია გუნდებისა და მსაჯთა გასახდელებზეც, მედიის მუშაკთა და ოპერატორთა "საველე პირობებზეც" და თოვლში განთავსებულ მაყურებელზეც ...), დაემატა უძლიერესი ქარი და სათამაშო მოედნის სერიოზულად გაყინული მნიშვნელოვანი მონაკვეთი, რომლის გაწმენდაც მხოლოდ ზემოთნახსენები სპორტკომპლექს "შატილის" თანამშრომელთა თავგანწირული შრომის შედეგად მხოლოდ ნაწილობრივ მოხერხდა ...

ასეთ ვითარებაში ძნელია მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს ტექნიკურ-ტაქტიკური ხასიათის შედევრების შექმნა მოთხოვო, თუმცა ორივე გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ შეხვედრის 90-ვე წუთი მოედნის თითოეულ მონაკვეთზე ბურთის, ტერიტორიისა და საბოლოო შედეგისათვის ბრძოლაში გაილია და საბოლოოდ უფრო გამოცდილი ზესტაფონელების მინიმალური გამარჯვებით დასრულდა.

19.02.2012 - ”გაგრა” - ”ზესტაფონი” 0-1

დაწვრილებით:

 

 

საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის გადადებული მეცხრამეტე ტურის შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 22 თებერვალს შინ გამართავს. მარგველთა მეტოქე ზუგდიდის საფეხბურთო კლუბი ”ბაია” იქნება ...

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005