სეზონის საგაზაფხულო ნაწილის სტარტზე
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” განაგრძობს საფეხბურთო სეზონის განახლებისათვის მზადებას. საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის საგაზაფხულო ნაწილის სასტარტო შეხვედრაში ზესტაფონელები საფეხბურთო კლუბ ”გაგრას” თბილისში ესტუმრებიან.
საქართველოში უხვად მოსულმა თოვლმა ქვეყნის ჩემპიონთა გეგმებში გარკვეული ცვლილებები შეიტანა. თავდაპირველად ზესტაფონში დაგეგმილი შეკრების ნაცვლად, 14 თებერვალს ზემოიმერლები თბილისში შეიკრიბნენ და სასტუმრო "ბატესტაში" დაბინავდნენ.
მარგველები ხელოვნურსაფარიან სტადიონ "ბენდელაზე" ვარჯიშობენ და სეზონის განახლებამდე სწორედ თბილისში მოემზადებიან. რაც შეეხება საგაზაფხულო ეტაპის სასტარტო შეხვედრას, მას გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი 19 თებერვალს "გაგრასთან" 14:00 საათზე გამართვას. ზღვისპირელებთან მოახლოებული მატჩის გამართვის ადგილის შესახებ ჩვენი ინტერნეტ-გვერდის მომხმარებელს დამატებით ეცნობება.
უნდა ითქვას, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ხასიათის პრობლემის გამო გაგრელებთან მატჩისათვის სამზადისს გამოაკლდნენ: გიორგი ხიდეშელი, შოთა ბაბუნაშვილი, ალექს ბენაშვილი, თორნიკე აფციაური, ჯაბა დვალი და იომი ოვონიკოკო. სამაგიეროდ, საერთო ჯგუფს შეუერთდა და მოახლოებული მატჩისათვის ემზადება ტრავმამოშუშებული გოგა ბერაია.
გარდა ამისა, საინტერესო სიახლეთა რიცხვს მიეკუთვნება ზესტაფონელთა რიგებში თავდამსხმელ საბა ლომიას დაბრუნება და ის, რომ დღეიდან ფეროელთა 9-ნომრიან მაისურს ახალი მფლობელი ჰყავს - ნიკოლოზ გელაშვილის გერმანულ "ბოხუმში" გადასვლის შემდეგ გათავისუფლებულ "ცხრიანს" ამიერიდან თორნიკე გორგიაშვილი მოირგებს.
|