მაქსიმალისტი ოვონიკოკო - ლიგა, თასი, სუპერთასი
თუ ნაკრებში ვითამაშებ, ოცნება ამისრულდება
ის სწრაფია, ფეხმარდი. თანამედროვე ფეხბურთელს რომ იტყვიან, სწორედ ისაა. ბურთი თუ მოიგდო, მას ძნელად ელევა, ეხერხება დრიბლინგი და რამდენიმე მეტოქის გაბითურება. ჩვენს ფეხბურთში პროგნოზების გაკეთება უმადური საქმე კია, მაგრამ ვფიქრობთ, ეს ბიჭი ძალიან ბევრს მიაღწევს.
აბაიომი ოვონიკოკომ ორიოდე დღის წინ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და მისი პერსონისადმი ინტერესმა ერთიორად იმატა. იომი ჯერაც ტრავმირებულია და ინდვიდუალურად ვარჯიშობს. გუშინ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ახალწვეულს დავუკავშირდით და ინტერვიუ ვთხოვეთ.
- იომი, სულ რამდენიმე დღის წინ მიიღეთ საქართველოს მოქალაქეობა. რას ნიშნავს ეს თქვენთვის?
- საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა და მოხარული ვარ, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა. აქაურობას შევეჩვიე. ძალიან მიყვარს ყველაფერი ის, რაც საქართველოს უკავშირდება.
- არ იქნება, ნაკრებში მოხვედრის პერსპექტივაზეც არ გკითხოთ...
- უბედნიერესი ადამიანი ვიქნები, თუ საქართველოს ნაკრებში თამაშის საშუალება მომეცემა. ეს ჩემი ოცნების ახდენა იქნება, მაგრამ ჯერჯერობით ამაზე არ ვფიქრობ, რადგან ტრავმირებული ვარ და თამაში უნდა დავიწყო.
- როდის გიხილავთ მინდორზე?
- ალბათ ორ კვირაში. ძალიან სწრაფად წავიდა გამოჯანმრთელების პროცესი. დიდი მადლობა ჩემს ყოფილ და დღევანდელ კლუბებს - "გაგრასა" და საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს"! რომ არა მათი ყურადღება, ექვს თვეზე მეტ ხანს დავისვენებდი.
- რა მიზნებს ისახავთ "ზესტაფონთან" ერთად?
- ჩემპიონობა, თასი და სუპერთასი თავისთავად. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში უნდა მოვხვდეთ - ასეთია ჩვენი ამოცანა. მიმაჩნია, რომ "ზესტაფონს" ამის პოტენცია ნამდვილად აქვს. გუნდს იმაზე ბევრად უკეთ შეუძლია თამაში, ვიდრე ეს ესპანურ შეკრებაზე იყო, სადაც ძირითადად მაინც ტაქტიკური ნიუანსების დამუშავება მიმდინარეობდა.
- რას იტყვით "ზესტაფონის" მთავარ მწვრთნელ გია ჭიაბრიშვილზე, როგორ შეეწყვეთ მას?
- სამუშაო პროცესის მიღმა იგი ჩვენი მეგობარია, შესანიშნავი ადამიანია, ძალიან მიყვარს. მწვრთნელია და მის ყველა მითითებას ვასრულებ. მიხარია, რომ მოვხვდი ისეთ მეგობრულ გუნდში, როგორიცაა "ზესტაფონი". "გაგრაშიც" ასე ვიყავი. "გაგრა" ჩემი სახლი იყო და ამ გუნდს ვერასოდეს დავივიწყებ.
- როგორ დაახასიათებთ თქვენს ახალ გუნდს?
- ძალიან დიდი გეგმები აქვს "ზესტაფონს" და მინდა, ამ გეგმების ნაწილი ვიყო. ჯერ კი, რაც შეიძლება, სწრაფად თამაში უნდა დავიწყო.
- ვისთან ხართ ყველაზე ახლოს გუნდში?
- ვერ გამოვარჩევ, ყველა ჩემი მეგობარია...
- როგორ ერთობით საქართველოში?
- ჩემი გართობა ფეხბურთია. ძალიან ბევრს ვმუშაობ. მინდა, ბევრს მივაღწიო. ეს კი შრომის გარეშე არ მოხდება...
|