14.02.2012

 

 

 

 

მზადება ამხანაგურში, შედეგი ოფიციალურში

მინდა, ჩემპიონები გაძლიერებულ მეტოქეებთან ბრძოლაში გავხდეთ და არა ვინმეს დასუსტების ხარჯზე

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონის" ესპანურ შეკრებას დიდი ინტერესი მხოლოდ ამ კლუბის ქომაგებს შორის არ გამოუწვევია. საქართველოს ჩემპიონებმა ესტეპონაში საინტერესო დღეები გაატარეს, ხოლო თუ რამდენად ნაყოფიერი იყო ეს შეკრება, ამ შეკითხვაზე პასუხს ყველაზე უკეთ განახლებული სეზონი გასცემს.

მანამდე კი "ლელოსთან" ინტერვიუში საკუთარ გუნდში მიმდინარე პროცესებს "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი აფასებს.

 

 

- გაამართლა თუ არა შეკრებამ თქვენი მოლოდინი?
- აბსოლუტურად კმაყოფილი ვარ, რადგან ესპანეთში ჩვენი ყველა ჩანაფიქრი და გეგმა განვახორციელეთ და, შესაბამისად, იქ გატარებულ დღეებს ცალსახად დადებითად ვაფასებ. იდეალური საცხოვრებელი და სავარჯიშო პირობები გვქონდა და საქართველოში დიდი გამოცდილებით გამდიდრებულები დავბრუნდით.

- გვერდს ვერ ავუვლით საკონტროლო მატჩების შედეგებს. ოთხიდან სამ მატჩში ისეთი შედეგები დაფიქსირდა, რომელმაც გულშემატკივრები შეაშფოთა.
- მათი ემოციების კარგად მესმის. მარცხი არასდროსაა სასიამოვნო და წაგებაზე ამხანაგურ მატჩებშიც არ ვფიქრობთ, მაგრამ შეკრება იმისთვისაა, რომ სამწვრთნელო შტაბმა თამაშების დროს ნახოს გუნდის ავ-კარგი და საჭიროების შემთხვევაში, არც ექსპერიმენტებს მოერიდოს.

თუმცა არ დაგიმალავთ, ზედიზედ სამმა მწარე მარცხმა ხასიათი თითოეულ ჩვენგანს გაგვიფუჭა და ბოლო გამარჯვება ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

 

- მოკლედ გავიხსენოთ თითოეული მატჩი.
- "დნიპროსთან" ძირითად შემადგენლობაში ახალწვეულები გავამწესეთ და მეტოქის უდიდესი უპირატესობა გასაკვირი არ ყოფილა. მეორე ტაიმში მოედანზე შედარებით გამოცდილი ფეხბურთელები შევუშვით, რომლებმაც თამაში დაალაგეს. სამწუხაროდ, ბოლო წუთებში "დნიპრომ" მაინც იძალა და ჩვენთვის ძალიან მიუღებელი ანგარიში დააფიქსირა.

"რუბინთანაც" დიდი ანგარიშით დავმარცხდით, მაგრამ ხარისხის თვალსაზრისით, ეს ჩვენს მიერ ესპანეთში ჩატარებული საუკეთესო მატჩი იყო. მეორე ტაიმში "რუბინმა" მოედანზე ათი დასვენებული ფეხბურთელი გამოიყვანა, ჩვენ კი მინიმალური რაოდენობის ცვლილებები განვახორციელეთ. ტაიმნახევრის განმავლობაში ძალიან ძლიერ მეტოქეს თანაბრად ვებრძოლეთ, ბოლოს კი "რუბინმა" ფიზიკურად დაგვჯაბნა.

სამაგიეროდ, რუმინულ "ტიმიშოარასთან" ყველაზე ცუდად ვითამაშეთ და მატჩი პირწმინდად ჩავაგდეთ. "რუბინთან" შეხვედრამ დიდი ძალები კი წაგვართვა, მაგრამ ეს თავის გასამართლებელ საბუთად არ გამოდგება.

"კრილია სოვეტოვთან" მატჩმა კი ძველი თავდაჯერება დაგვიბრუნა. იმის მიუხედავად, რომ ტრავმების გამო არაერთი ფეხბურთელი გვაკლდა, საკუთარი თავისა ვირწმუნეთ და ჯერ ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოვფხვერით, შემდეგ კი თერთმეტმეტრიანების სერიით მოვიგეთ. გავიმეორებ, რომ ეს გამარჯვება ძალიან გვჭირდებოდა.

- ერთი შეხედვით, დიდი ანგარიშით განცდილი წაგებები არასასურველი ფიზიკური მომზადების ბრალი იყო.
- რუსებსა და უკრაინელებს ბუნებრივად მოსდევთ კარგი ფიზიკური მონაცემები და სამხრეთელებს მათთან გასათანაბრებლად დიდი შრომა სჭირდებათ. ესპანეთში ამ მიმართულებით ბევრი ვიმუშავეთ და საკონტროლო მატჩები ორჯერადი ვარჯიშების პარალელურად ჩავატარეთ. სწორედ ამიტომ იყო, რომ თამაშების დროს "ზესტაფონის" ფეხბურთელები ბევრს ვერ მოძრაობდნენ. საკუთარ თავს ვერ მივცემდით იმის უფლებას, რომ ამხანაგურ შეხვედრებში აქცენტი შედეგზე გაგვეკეთებინა. ეს ოფიციალურ მატჩებში დაგვაზარალებდა.

- მთლიანობაში, ამ შეკრებამ რა დადებითი და უარყოფითი მხარეები დაგანახათ?
- უარყოფითი ის არის, რომ ევროპაში გაცილებით სწრაფ ფეხბურთს თამაშობენ, ვიდრე საქართველოში და მათ ტემპამდე მისასვლელად ჩემპიონატის დონის ამაღლება სჭირდება. საამისოდ, უპირველესად, მაღალი დონის მოედნებია საჭირო და მოხარული ვარ, რომ ბოლო დროს ამ კუთხით საქართველოში დადებითი ძვრები შეინიშნება.

დადებით ფაქტორად კი ის მიმაჩნია, რაშიც ესპანურმა შეკრებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა - ქართველებს ფეხბურთის თამაშის ნიჭი გვაქვს და სათანადო პირობების შემთხვევაში ბევრის მიღწევა შეგვიძლია.

- როგორი შთაბეჭდილება დატოვეს "ზესტაფონის" ახალწვეულებმა?
- მათზე უცვლელი აზრი გვაქვს - თითოეული მათგანი მაღალი დონის ფეხბურთელია. თუმცა ისიც კარგად ვიცოდით, რომ მათ "ზესტაფონთან" ადაპტაციისთვის დრო დასჭირდებოდათ. ამ ბიჭების წინაშე უკვე ახალი მოთხოვნები დგას და ახალ გარემოს მალე გაუშინაურდებიან და საჭირო გამოცდილებასაც შეიძენენ. ცალკე თემაა დავით მუჯირი, რომელიც "ზესტაფონისთვის" უკვე მნიშვნელოვანი ფიგურაა მოედანზეც და მოედნის მიღმაც. ასეთი მრავლისმნახველი ფეხბურთელი ჰაერივით გვჭირდებოდა.

- ტრავმირებულთა მდგომარეობა როგორია?
- შოთა ბაბუნაშვილს ზურგი აწუხებს და სამკვირიანი წოლითი რეჟიმი აქვს დანიშნული; გიორგი ხიდეშელს ექიმებმა ერთთვიანი დასვენება ურჩიეს; აბაიომი ოვონიკოკოს გუნდთან ერთად ვარჯიში ჯერ არ დაუწყია; ჯაბა დვალსა და ალექსი ბენაშვილს მიკროტრავმები აქვთ, მაგრამ ჩემპიონატის უახლოესი ტური, შესაძლოა, მაინც გაუცდეთ.

- ჩემპიონატის შეფერხება "ზესტაფონზე" უარყოფითად ხომ არ იმოქმედებს?
- ცოტა დასვენება ფეხბურთელებს არ აწყენთ, მაგრამ თუ 19 თებერვლის მატჩებიც გადაიდო, ეს უკვე არასასიამოვნო იქნება.

- "ზესტაფონის" უახლოესი მზადების გეგმა როგორია?
- 14 თებერვლამდე ფეხბურთელები შინ გავუშვით, შემდეგ კი სავარჯიშო პროცესს ზესტაფონის ბაზაზე განვაახლებთ. თუ ამინდმა ხელი შეგვიშალა, შევეცდებით, თბილისში ვნახოთ თოვლისგან გადაწმენდილი მოედანი.

- უცხოურ შეკრებაზე წავიდა უმაღლესი ლიგის ბინადართა უმრავლესობა, მათ შორის, "ზესტაფონის" უშუალო კონკურენტები.
- ეს ძალიან სასიხარულო ტენდენციაა და უდავოდ შეუწყობს ხელს საქართველოს ჩემპიონატის დონის ამაღლებას. რაც მეტი ძლიერი კონკურენტი გვეყოლება, უკეთესი იქნება ჩვენთვის. მინდა, ჩემპიონები გაძლიერებულ მეტოქეებთან ბრძოლაში გავხდეთ და არა ვინმეს დასუსტების ხარჯზე.

- გვერდს ვერ ავუვლით თბილისის "დინამოში" მომხდარ ამბებს.
- კლუბის ხელმძღვანელობამ მწვრთნელის შეცვლა საჭიროდ მიიჩნია და ამ გადაწყვეტილების მართებულობაზე მე ვერ ვიმსჯელებ, თუმცა კი, შეკრების დროს მწვრთნელის მოხსნა ცალსახად ცუდი პრეცენდენტია.

რაც შეეხება გიორგი დევდარიანს, იგი ჩემი ახლო მეგობარი და თანამოაზრეა, ახლა კი ჩემი მეტოქეც გახდება, რაც ძალიან საინტერესო იქნება. გიორგი მცოდნე და დისციპლინირებული სპეციალისტია და "დინამოს" თავის ხელს აუცილებლად დაატყობს.

 

- დაბოლოს, თქვენი შეფასება ნიკა გელაშვილის გერმანულ დებიუტზეც...
- ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მას ასეთი დებიუტი გამოუვიდა. კარგი დასაწყისი ძალიან ბევრს ნიშნავს და მჯერა, ნიკა თავის სიტყვას გერმანიაშიც იტყვის. მისი წარმატება კი "ზესტაფონისა" და მისი თითოეული წევრისა და თანამშრომლის წარმატებაც იქნება.

 

ლევან ჯანეზაშვილი, ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
   
FC ZESTAFONI © 2005