"ზესტაფონი" ესპანეთს გამარჯვებული ემშვიდობება
"ზესტაფონმა" ესპანური შეკრების მიწურულს ნავსი გატეხა და სამი მარცხის შემდეგ პირველი გამარჯვება იზეიმა - "მარბელას თასზე" მეშვიდე ადგილისთვის მატჩში გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა სამარის "კრილია სოვეტოვი" პენალტების სერიით დაამარცხა და ამ ტურნირზე შარშანდელი შედეგი გაიმეორა.
შეგახსენებთ, "დნიპროსთან", "რუბინსა" და "ტიმიშოარასთან" "ზესტაფონი" შესაბამისად, 2:8, 1:5 და 0:3 დამარცხდა და იმის მიუხედავად, რომ ამხანაგური მატჩის შედეგს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ყოველივე ამის შემდეგ მიღწეულმა პოზიტიურმა რეზულტატმა ფეროელთა ქომაგებს გული დაუმშვიდა.
პირველი ტაიმი ქართველთათვის გუშინაც უსიამოვნო გამოდგა, თუმცა შესვენების შემდეგ არაოპტიმალური შემადგენლობით მოთამაშე ფეროელებმა ხასიათის სიმტკიცე გამოავლინეს და ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს. 67-ე წუთზე თორნიკე გორგიაშვილის შორეული დარტყმა "კრილიას" მეკარემ უხერხულად მოიგერია და დამატებაზე თავი რატი წინამძღვრიშვილმა გამოიჩინა, ძირითადი დროის მიწურულს კი შეტევაში ჩასულმა ახალგაზრდა მცველმა მალხაზ გაგოშიძემ ანგარიში თავური დარტყმით გაათანაბრა.
თერთმეტმეტრიანების სერიაში "ზესტაფონის" ფეხბურთელები უნაკლოდ გამოიყურებოდნენ, რუსებს კი სიზუსტემ უმტყუნათ და საქმე მეხუთე დარტყმამდეც კი არ მივიდა. ოთხივე ქართველმა გაიტანა, მათ შორის "კრილია სოვეტოვის" ყოფილმა კაპიტანმა დავით მუჯირმაც, როინ კვასხვაძემ კი ორი პენალტი მოიგერია.
9 თებერვალს გამართულ მატჩში "ზესტაფონის" განაცხადში მხოლოდ 17 ფეხბურთელი იყო. ტრავმების გამო გუნდს არაერთი მოთამაშე დააკლდა - სხვადასხვა მიზეზების გამო "კრილიას" ჯაბა დვალი, თორნიკე აფციაური, ალექსი ბენაშვილი, შოთა ბაბუნაშვილი, აბაიომი ოვონიკოკო, გიორგი ხიდეშელი, გოგა ბერაია და ალექსი ბენაშვილი ვერ დაუპირისპირდნენ.
ოვონიკოკომ მუხლის ჯვარედინ მყესებზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ სარეაბილიტაციო პერიოდი ფაქტობრივად კი დაასრულა, მაგრამ სათამაშოდ ჯერ მზად არაა; ხიდეშელმა ანალოგიური ტრავმა უკვე მოირჩინა და ესპანურ შეკრებაზე რამდენიმე წუთიც ითამაშა, თუმცა ამის შემდეგ ბელგიაში წავიდა მკურნალ ექიმ მარტენსთან, რომელმაც ურჩია, რომ კიდევ სამი კვირა დაისვენოს. ბაბუნაშვილს ზურგის პრობლემების გამო დაახლოებით ერთი თვე გაუცდება, დანარჩენები კი ჩემპიონატის განახლების დღეს სრულ მზადყოფნაში შეხვდებიან.
დიდთოვლობის გამო იმის რეალური საშიშროება შეიქმნა, რომ ჩვენი უმაღლესი ლიგის უახლოესი ტური გადაიდოს. ამის გამო "ზესტაფონში" ესპანური შეკრების რამდენიმე დღით გახანგრძლივების ვარიანტსაც განიხილავდნენ, თუმცა რაკი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილებას ტურის გადადება ჯერ არ გადაუწყვეტია, საქართველოს ჩემპიონები შინ დაგეგმილ დროს, ანუ დღეს გამოემგზავრებიან. "ზესტაფონის" ესპანურ შეკრებას "ლელოს" უახლოეს ნომრებში გუნდის მთავარ მწვრთნელ გიორგი ჭიაბრიშვილის ინტერვიუთი შევაჯამებთ.
თუ ჩვენი ეროვნული ჩემპიონატის მე-19 ტური ჩატარდა, "ზესტაფონი" 15 თებერვალს ზუგდიდის "ბაიას" უმასპინძლებს, მომდევნო შეხვედრა კი იმერლებს 18 თებერვალს თბილისში, "გაგრას" წინააღმდეგ ელით. "ზესტაფონი" ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს და უახლოეს მდევარ "ტორპედოს" 4-ით, მესამეადგილოსან "დინამოს" კი 9 ქულით უსწრებს.
|