როინ კვასხვაძემ სამარელთა მიერ დარტყმული 2 თერთმეტმეტრიანი მოიგერია.
9 თებერვალს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” მარბელიას თასზე დასკვნითი მატჩი გამართა. საინტერესო სცენარით წარმართულ მეშვიდე ადგილისათვის შეხვედრაში ქართველბმა რუსეთის წარმომადგენელ ქალაქ სამარას საფეხბურთო კლუბი ”კრილია სოვეტოვ” დაამარცხეს.
დღევანდელი ქართულ-რუსული დაპირისპირება მარბელიას მუნიციპალურ სტადიონზე გაიმართა და ადგილობრივი დროით 11:00 (თბილისის დროით - 14:00) საათზე დაიწყო.
თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ორივე კოლექტივისათვის დღევანდელი მატჩი იმდენად იყო მნიშვნელოვანი, რამდენადაც არცერთ მხარეს ტურნირზე ბოლო, მერვე ადგილის დაკავება არ სურდა...
აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ვოლგისპირელებთან შეხვედრას ზესტაფონელები სერიოზული საკადრო პრობლემებით შეხვდნენ - იომი ოვონიკოკოს, გიორგი ხიდეშელის, გოგა ბერაიას, შოთა ბაბუნაშვილის, თორნიკე აფციაურის, ალექს ბენაშვილისა და ჯაბა დვალის დანაკლისს დაემატა ის, რომ პირველი ტაიმის მიწურულს ტრავმა მიიღო და გამოსაცვლელი გახდა შოთა გრიგალაშვილიც (როგორც მატჩის დასრულების შემდეგ გაირკვა, საბედნიეროდ, დაზიანება სერიოზული არ გამოდგა).
არადა, ამ დროისთვის ანგარიშში უკვე 2-0 იყო "კრილია სოვეტოვის" სასარგებლოდ - 31 წუთზე სამარელთა კაპიტანმა ივან ტარანოვმა ზუსტი თავურით დააწინაურა თავისიანები, ხოლო 33-ეზე, სამარელთა მორიგი იერიშისას, "ზესტაფონის" კარის ბადეში ბურთს ადგილი კიზირ აპაევმა მიუჩინა...
მეორე ტაიმში ზესტაფონელთა შემადგენლობაში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოჩნდა და იმ მომენტში სკეპტიკოსი იმერლებს რუსეთის პრემიერ-ლიგის გუნდთან გარდაუვალ მარცხს უწინასწარმეტყველებდა. თუმცა, თავად მარგველებს ამის შესახებ განსხვავებული მოსაზრება გააჩნდათ და მათ, რატი წინამძღვრიშვილისა (68 წუთი) და მალხაზ გაგოშიძის (90 წუთი) გოლებით, ანგარიშის გათანაბრება შეძლეს 2-2..
ტურნირის რეგლამენტის თანახმად, მატჩის კორეელმა არბიტრმა გუნდებს პენალტების სერიის შესასრულებლად უხმო და აქ თავის "სიტყვა" უკვე ზესტაფონელთა გოლკიპერმა როინ კვასხვაძემ თქვა - "კვასხვამ" სამარელთა მიერ შესრულებული 2 პენალტის მოგერიება მოახერხა და გუნდის საბოლოო წარმატებაში "ლომის წვლილიც" შეიტანა. აქვე უნდა ითქვას, რომ 11-მეტრიანი ნიშნულიდან
დარტყმებს თავი მშვენივრად გაართვეს დავით მუჯირმა, თორნიკე გორგიაშვილმა, რატი წინამძღვრიშვილმა და ლევან შარიქაძემ -
4-2.
ხვალ, 10 თებერვალს, მალაგა-სტამბული-თბილისის მარშრუტით, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” სამშობლოში ბრუნდება. თბილისში გუნდი შაბათს გამთენიისას ჩაფრინდება ...