ზესტაფონელები ”ბენდელას” გამოეთიშნენ
საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” მეორე გუნდმა ზაზა ბენდელიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ტურნირის მეოთხედფინალური სტადია ვერ დაძლია და ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა. ზესტაფონელები თბილისის "ვიტ-ჯორჯიას" დუბლიორებთან 0-2 დამარცხდნენ ...
საქართველოში ერთობ პოპულარული და ტრადიციული ტურნირი "ბენდელას თასი" წლეულს ოცდამეერთედ ტარდება და გადამწყვეტი მატჩების დროც დადგა.
6 თებერვალს სამი მეოთხედფინალური შეხვედრა ჩატარდა და სამი ნახევარფინალისტის ვინაობაც გაირკვა: "დინამო" (თბილისი)-"მეტალურგი" 8:1, აეტი-"ზოოვეტი" 2:3, "ზესტაფონი"-"ვიტ-ჯორჯია" 0:2 (გოლები ნიკა ჯოლოხავას და ანდრო სოფრომაძის ანგარიშზეა).
"სპარტაკი" - "ტორპედოს" მეოთხედფინალური მატჩი დღეს, "ავაზა-ვისოლის" სტადიონზე ჩატარდა და ფრედ 2:2 დასრულებული ძირითადი დროის შემდეგ, პენალტების სერიაში ცხინვალელთა გამარჯვებით 4-3 დასრულდა.
ნახევარფინალში თბილისის "დინამო" "ვიტ-ჯორჯიას" დაუპირისპირდება, მეორე წყვილს კი "ზოოვეტი" და "სპარტაკი" შეადგენენ.
როგორც ტურნირის უცვლელმა ორგანიზატორმა ქართლოს ჭუმბურიძემ გვაცნობა, ნახევარფინალები 9 თებერვალს ჩატარდება (სავარაუდოდ - რუსთავსა და მცხეთაში); ფინალი კი 11 თებერვალს არის დანიშნული და გადამწყვეტ შეხვედრას "ბენდელას" სტადიონი უმასპინძლებს.
აქვე, იმასაც ვიტყვით, რომ "ბენდელას თასის" წლევანდელი გათამაშება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თბილისის ფეხბურთის ფედერაციის აქტიური მხარდაჭერით ტარდება.
|