6 თებერვალს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” მარბელიას თასის 2012 წლის გათამაშების მეორე ეტაპის მატჩი გამართა. ქართველთა მეტოქე რუმინული ფეხბურთის წარმომადგენელი, ქალაქ ტიმიშოარას საფეხბურთო კლუბი ”პოლიტეხნიკა” გახლდათ.
დღევანდელი ქართულ-რუმინული დაპირისპირება მარბელიას საფეხბურთო ცენტრის მთავარ სტადიონზე გაიმართა და ადგილობრივი დროით 13:30 (თბილისის დროით - 16:30) საათზე დაიწყო.
როგორც უკვე იცით, ტიმიშოარას "პოლიტეხნიკა" რუმინეთის 2011 წლის ვიცე-ჩემპიონი გახლავთ, თუმცა, ფინანსური ხასიათის პრობლემების მოუგვარებლობის გამო, წელს გუნდი თავის ქვეყნის ჩემპიონატის მეორე დივიზიონშია დაქვეითებული.
თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა დღევანდელ შეხვედრაში თავის შესაძლებლობების სრულად რეალიზება ვერ მოახერხეს - რუმინეთის მეორედივიზიონელთან მარცხი საქართველოს ჩემპიონს აქტივში ნამდვილად არ ეთვლება ...
რუმინელებმა ანგარიში შეხვედრის 11-ე წუთზე გახსნეს - თავი მირჩა აქსენტემ გამოიჩინა, რომელმაც ზესტაფონელთა მცველებს მოკლე დისტანციაზე "სპრინტი" მოუგო და ტრავმამოშუშებული და მოედანზე დაბრუნებული როინ კვასხვაძის კარი აუღელვებლად დალაშქრა. გაშვებულ გოლს ქართველების გააქტიურება კი მოჰყვა, თუმცა კარპატელთა კართან აშკარა საგოლე მომენტების შექმნა ნაკლებად ხერხდებოდა. ამასობაში, რუმინელებმა კიდევ ერთი კონტრიერიში განახორციალეს და კიდევ ერთი გოლითაც იხეირეს - 33-ე წუთზე შეტევის მარცხენა ფლანგიდან ჩამოწოდებულს "ზესტაფონის" კარის ბადეში ისევე მირჩა აქსენტემ მიუჩინა ადგილი ...
შესვენებისას, მატჩის მიმდინარეობითა და თამაშის სცენარით უკმაყოფილო გიორგი ჭიაბრიშვილმა მოვლენათა განვითარებაში გარდატეხის შეტანა ძირითადი შემადგენლობის ერთბაშად 7 წევრის გამოცვლით სცადა - ამან ზესტაფონელთა თამაში უფრო აქტიური კი გახადა, მაგრამ ანგარიშის "დასველება" მაინც არ მოხერხდა. მეტიც, მატჩის მიწურულს შეტევაში გართულ ქართველებს ალექსანდრუ პოპოვიჩის ფლანგური გარღვევა გაეპარათ - თავის გუნდის გადარჩენა ვერც როინ კვასხვაძემ შეძლო - 0-3.
მარბელიას თასის გათამაშებისა და ესპანური შეკრების დასკვნით შეხვედრას "ზესტაფონი" 9 თებერვალს გამართვას. მიმდინარე ტურნირზე მეშვიდე ადგილისათვის მატჩში იმერელთა მეტოქე რუსული ფეხბურთის კიდეც ერთი წარმომადგენელი, ქალაქ სამარას ”კრილია სოვეტოვ” იქნება.