ინტერვიუ ზაალ ელიავასთან
განვლილი მატჩებიდან მიღებულ შთაბეჭდილებებსა და მოახლოებული შეხვედრების შესახებ "ზესტაფონის" 27 წლის მცველ ზაალ ელიავას ვესაუბრეთ. ზედმეტია იმის შეხსენება, რომ იგი იმერელთა ღირსებას წლებია, იცავს და მთელი ამ დროის განმავლობაში დაცვის მარცხენა ფლანგზე ფეხი მყარად აქვს მოკიდებული.
- რა იყო ესპანეთში ჩატარებულ საწყის ორ მატჩში განცდილი მარცხის მთავარი მიზეზები?
- "დნიპროსთან" გადახალისებული შემადგენლობით ვითამაშეთ, თორემ ამხელა ანგარიშით ნამდვილად არ წავაგებდით. ანგარიში არც ჩვენსა და "რუბინს" შორის ძალთა თანაფარდობას ასახავს. ამ შეხვედრაში "ზესტაფონმა" მხოლოდ ოთხი შეცვლა გამოიყენა, მაშინ როცა "რუბინმა" მეორე ტაიმში სხვა გუნდი გამოიყვანა.
ოპტიმალურ ფიზიკურ კონდიციებამდე ჯერ არ მივსულვართ და ეს წაგება, უპირველესად, სწორედ გადაღლილობამ განაპირობა. ვინც პირველი ტაიმი ნახა, დამეთანხმება, რომ მეტოქეს ტოლი არაფერში დავუდეთ. საგანგაშო არაფერია, შეკრება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და საქართველოში კარგად მომზადებულები დავბრუნდებით.
- წინ კიდევ ორი მატჩი გელოდებათ.
- ყველანაირად ვეცდებით, რომ ესპანეთში მეტი თამაში აღარ წავაგოთ. დღითიდღე ვუმატებთ და იმის მიუხედავად, რომ ხელწამოსაკრავი მეტოქეები არც დარჩენილ ორ შეხვედრაში გვეყოლება, მაქსიმალურად ვეცდებით, ჩვენი ქომაგები გამარჯვებითა და ხარისხიანი ფეხბურთით გავახაროთ.
- როგორ შეაფასა "ზესტაფონის" სამწვრთნელო შტაბმა განვლილი მატჩები და რა დავალებები მოგცათ დარჩენილი თამაშებისთვის?
- თეორიაზე ყველა მნიშვნელოვანი ეპიზოდი დეტალურად ირჩევა, მთავარი, რაც გვჭირდება, უფრო მეტად დისციპლინირებული თამაშია და უახლოეს პერიოდში ამას აუცილებლად მივაღწევთ.
- "ზესტაფონი" სეზონის განახლებას ოპტიმალურ ფორმაში მყოფი შეხვდება თუ საამისოდ გარკვეული დრო ამის შემდეგაც დასჭირდება?
- ვფიქრობ, ესპანური შეკრების ბოლოსთვის ყველაფერი რიგზე გვექნება და ჩემპიონატის განახლებას საუკეთესო კონდიციებით შევხვდებით. ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდს არ აქვს იმის უფლება, რომ ოფიციალურ მატჩებში თავისი საუკეთესო თვისებები ვერ გამოავლინოს.
- საკუთარ ფორმას როგორ შეაფასებ?
- "ზესტაფონში" ყველა ფეხბურთელი პროგრესირებს და გამონაკლისი არც მე გახლავართ. საკუთარი თავით ბოლომდე კმაყოფილი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ვგრძნობ, რომ გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელი ვარ.
|