ინტერვიუ დავით მუჯირთან
საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" ესპანურ შეკრებას განაგრძობს. რა თქმა უნდა, საქართველოს მოქმედი ჩემპიონის შედეგები ჯერ-ჯერობით თვალისმომჭრელი არ არის, მაგრამ ეს მაინც მოსამზადებელი პერიოდია და მატჩების შედეგებისთვის დიდი მნიშვნელობის მინიჭება არ ღირს. დღეს "ზესტაფონი" "მარბელას თასის" მორიგ შეხვედრას გამართავს რუმინულ "ტიმიშოარასთან". გუშინ კი "ოლიმპი" ესპანეთში დაუკავშირდა დავით მუჯირს და მარგველთა გამოცდილ ახალწვეულს ინტერვიუ ჩამოართვა.
- რა თქმა უნდა, "დნიპროსთან" და "რუბინთან" ნაჩვენები შედეგით კმაყოფილი არავინ არის, არც სამწვრთნელო შტაბი და არც ფეხბურთელები, მაგრამ ეს არც ტრაგედიაა. ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი მიმდინარეობს. შეკრებაზე შედეგისთვის ვერ ითამაშებ. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ "რუბინთან" მოგებას 15 თებერვალს "ბაიასთან" მოგება მირჩევნია, რაც უნდა იყოს, ოფიციალური მატჩი მაინც სულ სხვაა.
რაც შეეხება ყაზანელეთან შეხვედრას, პირველი ტაიმი ძლიერ მეტოქეს ტოლ-სწორად ვეთამაშეთ. თანაც "რუბინი" ახლა ძალიან ძლიერია. დარწმუნებული ვარ, სულ სხვა სურათი, სხვა ანგარიში იქნებოდა, მეტოქის შემადგენლობა მთლიანად რომ არ შეეცვალა პირველი ტაიმის შემდეგ. მოგეხსენებათ, ორჯერადი დატვირთვების ფონზე ვითამაშეთ. დაიწყო მეორე ტაიმი და ჩვენ წინააღმდეგ სრულიად ახალი, დასვენებული 11 კაცი გამოვიდა. ვინც ნახა მატჩი, დამეთანხმება, რომ ცოტა ნერვიული დასაწყისის შემდეგ, პირველ ტაიმში, ჩვენი გუნდი თუ არ ჯობდა მეტოქეს, არც არაფრით ჩამოუვარდებოდა.
- ძალიან წონადი არგუმენტებია, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ორ შეხვედრაში გაშვებული 13 გოლი მეტისმეტია...
- დავუბრუნდეთ ისევ "რუბინთან" შეხვედრას. პირველ ტაიმში, სანამ ძალები გვყოფნიდა. თამაშიდან ბურთი არ მიგვიღია. ყაზანელებმა სტანდარტულიდან გაგვიტანეს. სხვა მატჩებში სხვა სურათი იქნება. ოფიციალურ შეხვედრაში მთელ გუნდს ვერავინ შეცვლის. თანაც, ნუ დაგავიწყდებათ, როგორი ფეხბურთელები შემოვიდნენ მინდორზე მეორე ტაიმში - მარტინსი, კარადენიზი, ბისტროვი, ჯონატანი. თითოეული მათგანის კოზირი დიდი სისწრაფეა. ამ დროს ჩვენ უკვე დაღლილები ვიყავით...
- კარს მოგვადგა "ტიმიშოარასთან" მატჩი. "ზესტაფონის" ქომაგი ამ შეხვედრაში საყვარელი გუნდისგან მხოლოდ გამარჯვებას ელის?
- ჩვენ არც "რუბინთან" გავსულვართ წასაგებად, "ტიმიშოარასთან" მოსაგებად გავა გუნდი. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა გუნდია, როგორ ფეხბურთს თამაშობენ რუმინელები. შედეგი მნიშვნელოვანია, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ორჯერადი ვარჯიშების ფონზე ვთამაშობთ და ეს კეთდება იმისთვის, რომ სეზონს მზადყოფნაში შევხვდეთ.
- "ზესტაფონში" მოსვლის შემდეგ თქვენ უკანდახეულ ფორვარდს თამაშობთ. სულ ამ პოზიციაზე ვიხილავთ დავით მუჯირს?
- მწვრთნელმა ჩათვალა, რომ შეტევის ხაზში უნდა ვითამაშო. ჯერჯერობით ასეა. მომდევნო მატჩები და სიტუაცია გვიჩვენებს, რა როგორ იქნება. თუ მწვრთნელი ჩათვლის, წინწაწეულ ფორვარდს ვითამაშებ, თუ ჩათვლის საჭიროდ - უკანდახეულს. თუ გია ჭიაბრიშვილი ჩათვლის, რომ ასე სჯობია გუნდისთვის, სკამზე დავჯდები.
- "ზესტაფონში" ძალიან ბევრი ახალწვეულია. თქვენც მათ რიგებს მიეკუთვნებით. როგორ ჩაიარა ადაპტაციის პროცესმა?
- უაღრესად შეკრული, მეგობრული გუნდია. მიმიღეს როგორც დიდი ხნის მეგობარი. ყველა ასე ფიქრობს. მე "ზესტაფონის" თითოეულ ახალწვეულს ვუსურვებ, რომ სპორტული ადაპტაციის პერიოდიც ასე სწრაფად და უმტკივნეულოდ გასულიყოს. ისე ვართ, როგორც ერთ დიდ ოჯახში.
ჩემპიონატი, თასი, სუპერთასი... ძალიან გადატვირთული კალენდარია და სეზონს მხოლოდ 11 ფეხბურთელით ვერ გადააგორებ. თითოეული მოთამაშის ძალა და ენერგია დაგვჭირდება იმ მიზნების მისაღწევად, რომლებიც დასახული აქვს "ზესტაფონს". მიზნებში კი, როგორც მოგეხსენებათ, "ზესტაფონი" არ იზღუდება.
- ჩემპიონობა, თასი, სუპერთასი - გუნდი სამივე ქართულ ტიტულს უმიზნებს და ევროთასებზეც წარმატებას უნდა მიაღწიოს. როგორია "ზესტაფონის" შანსები?
- რთული ჩემპიონატი გვაქვს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა თამაშს. ოთხი გუნდი იბრძვის ჩემპიონგობისთვის და წამითაც ვერ მოვდუნდებით. მიხარია, რომ ქართულ კლუბებში ინვესტიციები ჩაიდო. ეს წარმატების წინაპირობაა. ევროპაშიც უნდა ვთქვათ ჩვენი სიტყვა. ამის შანსი არის. ჩვენც, გამოცდილმა ფეხბურთელებმაც უნდა გავიღოთ მაქსიმუმი ამისთვის. სწორედ ამიტომ დავბრუნდი საქართველოში. მინდა, მეც დავდო ერთი აგური ამ კარგი საქმისთვის.
|