05.02.2012

 

 

 

 

 

საწვრთნელი შეკრება გრძელდება

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” განაგრძობს საფეხბურთო სეზონის განახლებისათვის მზადებას. ხვალ, 6 თებერვალს, ”მარბელიას თასის” გათამაშების მეორე რაუნდის შეხვედრაში ზესტაფონელები რუმინეთის წარმომადენელ ტიმიშოარას ”პოლიტეხნიკას” დაუპირისპირდებიან.

 

ხვალინდელ შეხვედრაში იმერელთა მეტოქე რუმინეთის 2011 წლის ვიცე-ჩემპიონი გახლავთ, თუმცა აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ, ფინანსური ხასიათის საკითხთა მოუგვარებლობის გამო, წელს გუნდი თავის ქვეყნის ჩემპიონატის მეორე დივიზიონშია დაქვეითებული...

"ზესტაფონმა" დღეს ორჯერ ივარჯიშა. უნდა ითქვას, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის პრობლემის გამო დღევანდელ ვარჯიშს გამოაკლდნენ და ამ ეტაპზე ინდივიდუალური პროგრამით ემზადებიან გიორგი ხიდეშელი, გოგა ბერაია, ალექს ბენაშვილი და იომი ოვონიკოკო. სამაგიეროდ, საერთო ჯგუფს შეუერთდნენ და შემდეგი მატჩებისათვის ემზადებიან ტრავმამოშუშებული ზურაბ მენთეშაშვილი და როინ კვასხვაძე .

როგორც მოგეხსენებათ, შეკრების პირველ ეტაპზე ზესტაფონელთა ვარჯიშებზე მუშაობა დიდწილად ფეხბურთელთ ფუნქციონალური კონდიციების ამაღლებაზე მიმდინარეობდა. სპორტსმენთა ფიზიკური დატვირთვის ეტაპის შემდეგ, გუნდის საწვრთნელმა შტაბმა აქცენტი უკვე ტექნიკურ-ტაქტიკური ხასიათის ღონისძიებებზე გააკეთა. შესაბამისად, ზესტაფონელებმა ბურთთან მუშაობაში მეტი დრო გაატარეს.

შეგახსენებთ, რომ ტიმიშოარელებთან შეხვედრა ხვალ ადგილობრივი დროით 13:30 საათზე (თბილისის დროით კი 16:30 საათზე) დაიწყება და მარბელიას საფეხბურთო ცენტრის მთავარ მოედანზე გაიმართება. ესპანეთში გამართული წინა მატჩების მსგავსად, ფეხბურთის მოყვარულებს მატჩის პირდაპირი ინტერნეტ-ტრანსლაციის ნახვა შეეძლებათ. აქვე მოგახსენებთ იმასაც, რომ მარბელიას თასის გათამაშების დასკვნით სტადიაში მარგველთა მეტოქე რუსული კლუბების, "კრილია სოვეტოვისა" და "ცსკას" წყვილში გაირკვევა.

 

 
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005