ინტერვიუ ედიკ საჯაიასთან
ერთ ოჯახად შეკრული, ძალიან მეგობრული გუნდი ვართ
... “მსოფლიო სპორტი” ესპანეთში ზესტაფონელთა ცენტრალურ მცველს - ედიკ საჯაიას დაუკავშირდა. მოგეხსენებათ, ის, გუნდს 3-წლიანი პაუზის შემდეგ, გასულ ზაფხულში დაუბრუნდა. 30 წლის საჯაიამ ჩემპიონის რიგებში არსებულ მდგომარეობასთან ერთად, იმის თაობაზეც მოგვითხრო, რას გეგმავს “ზესტაფონი” მიმდინარე სეზონის დასკვნით ნაწილში.
- ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ისეთ ძლიერ ტურნირზე ვთამაშობთ, რომ სეზონის დასკვნითი ნაწილისთვის აუცილებლად წაგვადგება.
- შარშან ზაფხულში, საქართველოში დაბრუნებისას, “ზესტაფონს” როცა შეუერთდი, ჩვეულ კონდიციებს კიდევ ბევრი გაკლდა. ახლა როგორ გრძნობ თავს?
- სანამ ჩამოვიდოდი, ტრავმის გამო, თვენახევრის უვარჯიშებელი ვიყავი. ახლა ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის, წონაშიც დავიკელი და ვფიქრობ, სათამაშო ფორმის პიკს ვუახლოვდები.
- ეს პიკი, ალბათ, ჩემპიონატის დასაწყისისთვის იქნება.
- რა თქმა უნდა. გუნდის მწვრთნელები სწორედ იმაზე აკეთებენ აქცენტს, რომ ყველა ფეხბურთელი სეზონის განახლებისთვის იყოს თავის საუკეთესო ფორმაში. ამას ემსახურება ის საკონტროლო მატჩებიც, რომლებსაც შეკრებაზე ვთამაშობთ.
- გუნდის უახლოეს გეგმებზე რომ გკითხოთ, ალბათ, უადგილო იქნება.
- არა უშავს, მკითხეთ და გიპასუხებთ - ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნებასთან ერთად, სუპერთასისა და დავით ყიფიანის სახელობის თასის მოგებაც გვინდა. ამბიციური გუნდი ვართ და კარგიცაა - ამბიციის გარეშე ჩემპიონი ვერ გახდები.
- ასეთი ოპტიმისტური პროგნოზების საბაბს, კონკურენტების შესაძლებლობები გაძლევთ, თუ თვით გუნდში არსებული მდგომარეობა?
- ამის თქმის საშუალებას, უპირველესად, “ზესტაფონში” არსებული სიტუაცია მაძლევს. ერთ ოჯახად შეკრული ძალიან მეგობრული გუნდი ვართ. აქ გამართული ამხანაგური თამაშების შედეგებმა არ მოგატყუოთ - მათ თავისი დანიშნულება აქვთ. ვფიქრობ, ყველაფერი რიგზე იქნება. თან ისიც გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ მომავალი ევროტურნირებისკენაც ვიხედებით და იქ სათამაშოდ მზადებას საფუძველი ახლა ეყრება.
თუ იმას ითხოვს ვინმე, რომ იმ “რუბინისთვის” უნდა მოგვეგო, რომელიც იქითა კვირაში ევროპის ლიგაზე თამაშობს “ოლიმპიაკოსთან” - ცდება. რუსებმა ტაიმებში 2 სრულიად განსხვავებული შემადგენლობა დააყენეს, არადა, ძირითად შემადგენლობასთან ახლოს მყოფმა ჩვენმა გუნდმა პირველი ტაიმი ფრედ ვეთამაშეთ. მწვრთნელმა ჩათვალა, რომ ჩვენთვის დატვირთვების გაზრდაზე გაეკეთებინა აქცენტი, რასაც ბუნებრივია, თავის დანიშნულება ჰქონდა. მოკლედ, ჩვენ ამ მარცხიდან ტრაგედიას არ ვქმნით.
- მარცხის მიზეზის ეს ახსნაც რომ არ იყოს, რუსეთის ჩემპიონატში თამაშის გამოცდილების მქონე კაცს გეკითხებით - რამდენად ლოგიკურია, თუნდაც საქართველოს ჩემპიონს, რუსეთის ერთ-ერთ ძლიერ გუნდთან ტოლსწორი თამაში მოვთხოვოთ?
- იმაში გეთანხმებით, რომ რუსეთის ზედა ხუთეულის გუნდი ჩვენზე ძლიერია, მაგრამ თამაში ყველასთან შეიძლება. ის, რომ ისინი ჩვენ გვჯობნიან, იმას არ ნიშნავს, მათთან თავჩახრილი ითამაშო.
- “ზესტაფონთან” კონტრაქტი 1+1 წლის პრინციპით გაქვთ გაფორმებული. მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტი რომ იყოს, კიდევ დარჩებოდით გუნდში, თუ სხვაგან განაგრძობდით კარიერას?
- დიდი სიამოვნებით დავრჩები “ზესტაფონში”. ისეთ გუნდში თამაში, რომელსაც ყველა ტიტულის მოგება უნდა, სასიამოვნოა.
- კარიერის რუსეთში გაგრძელებამდეც “ზესტაფონში” თამაშობდით. რა შეიცვალა 2008 წელთან შედარებით გუნდში და თვით ეროვნულ ჩემპიონატში?
- “ზესტაფონში” სასიკეთო ცვლილებები შესამჩნევია - ახალი სავარჯიშო მინდვრები გვაქვს, სატრენაჟორო დარბაზი. ამ ყველაფერზე წინა წლებში, მხოლოდ თუ იოცნებებდი კაცი... ჩემპიონატს რაც შეეხება, დონემ ცოტათი მოიმატა. უფრო კარგი გუნდები გვყავს კონკურენტებად - ვიდრე მანამდე. ჩატარების პრინციპი თუ გამარტივდება, უკეთესი იქნება. რა საჭიროა ეს გართულება, ვერ გამიგია.
- ვისგან ელით ჩემპიონობისთვის ბრძოლაში კონკურენციას?
- როგორც ყოველთვის, თბილისის “დინამოსგან”, ასევე ქუთაისის “ტორპედოსა” და რუსთავის “მეტალურგისაგან”.
- ბოლოს, იმ გულშემატკივარს რას ეტყვით, ვინც გუნდის ყველა მარცხს მტკივნეულად აღიქვამს - მათ შორის ტესტ-მატჩში.
- ყველამ იცოდეს, რომ ჩვენ დიდი პასუხისმგებლობით ვემზადებით ჩემპიონატის განახლებისთვის. გთხოვთ, ნურაფერზე ინერვიულებთ - ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენს ერთგულ გულშემატკივრებს დაგპირდით.
|