3 თებერვალს სტარტი ”მარბელიას თასის” 2012 წლის გათამაშებამ აიღო. პრესტიჟული ტურნირის სასტარტო შეხვედრაში საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” რუსული ფეხბურთის ერთ-ერთ ლიდერ, ყაზანის საფეხბურთო კლუბ ”რუბინს” დაუპირისპირდა.
შეხვედრა, რომელიც მარბელიას მუნიციპალურ სტადიონზე გაიმართა, ადგილობრივი დროით 19:30 (თბილისის დროით - 22:30) საათზე დაიწყო. რუსეთის ორგზის ჩემპიონი, რომელიც უეფას ევროპის ლიგაზე ბერძნულ ”ოლიმპიაკოსთან” 20 დღეში გასამართი მეთექვსმეტედფინალური შეხვედრისათვის ემზადება, ქართველებს უძლიერესი შემადგენლობით დაუპირისპირდა.
შეხვედრა თათარსტანის წარმომადგენელთა გარკვეული ტერიტორიული უპირატესობით დაიწყო, ქართველები კი თავიდან ოდნავ შებოჭილები ჩანდნენ... 21-ე წუთზე ანგარიში გაიხსნა - შეტევაზე ჩართულმა ყაზანელთა და რუსეთის ნაკრების მცველმა რომან შარონოვმა ბურთი ზურაბ მამალაძის კარის ბადეში თავით გადაგზავნა.
გაშვებულ გოლს ქართველების გააქტიურება და 27-ე წუთზე საპასუხო გოლი მოყვა - აფციაური-მუჯირი-გრიგალაშვილის ქრესტომატიული შეტევა ამ უკანასკნელის შეუჩერებლად დარტყმით და "რუბინის" კარის აღებით დასრულდა. შეხვედრის პირველი ნახევრის დარჩენილი წუთები გუნდებმა ორმხრივ იერიშებში გაატარეს და ანგარიშის შეცვლაც ორივე მხარეს შეეძლო, თუმცა მოედანზე არსებული ძალთა თანაფარდობა შესვენებამდე აღარ დარღვეულა.
მეორე ტაიმი კი იმასთან ერთად, რომ ზესტაფონელთათვის ძალიან გულდასაწყვეტი სცენარით წარიმართა, ამავდროულად კარგი ნიმუში გახლდათ იმისა, თუ რა მნიშვნელობა ენიჭება თანამედროვე ფეხბურთში საფეხბურთო კოლექტივისთვის ორი თანაბარი ძალის მქონე შემადგენლობის ყოლას და ძალების რაციონალური განაწილების ფუფუნებას, თავად ფეხბურთელისათვის კი მაღალი რანგის ტურნირში სისტემატიური თამაშის გამოცდილებას...
შესვენების შემდეგ სათამაშო ინიციატივა ხელთ ქართველებმა იგდეს, თუმცა კორეელი არბიტრის მიერ არდანიშნულ 11-მეტრიანთან ერთად, შექმნილი მომენტებიც გაანიავეს და ამისათვის დაისაჯნენ კიდეც - 56-ე წუთზე თურქეთის ნაკრების ფეხბურთელმა გეკდენიზ კარადენიზმა ყაზანელთა სწრაფი კონტრაქცია გოლად აქცია. ზესტაფონელებმა ისევ შეუტიეს "რუბინს", თუმცა პასუხად საკუთარ კარში კიდევ ერთი გოლი მიიღეს - ამჯერად კონტრშეტევა ორაზსაედოვმა დააგვირგვინა (67-ე წუთი). ზესტაფონელები ამის შემდეგაც შეეცადნენ ანგარიშისა და ზოგადად, მატჩის სცენარის შეცვლას, თუმცა ჩემპიონთა ლიგის მატჩებსა და რუსეთის საკმაოდ ძლიერ ჩემპიონატში გამოცდილმა ყაზანელებმა თავის შანსი ხელიდან აღარ გაუშვეს. მეტიც, შეხვედრის ბოლო 5 წუთში კიდევ ორი გოლიც დაამწუხრეს "ზესტაფონი" - 85-ე წუთზე თავი ექს-ინტერელმა ნიგერიელმა ფორვარდმა ობაფემი მარტინსმა, ხოლო 88-ეზე რუბინელთა კიდევ ერთმა მენაკრებე პიოტრ ბისტროვმა გამოიჩინეს... ძალიან გულდასაწყვეტი მარცხი 1-5.
მარბელიას თასის გათამაშების მორიგ შეხვედრას "ზესტაფონი" 6 თებერვალს გამართვას. იმერელთა მორიგი მეტოქე რუმინული ფეხბურთის წარმომადგენელი, ქალაქ ტიმიშოარას ”პოლიტექნიკა” იქნება.