ინტერვიუ გიორგი ჭიაბრიშვილთან
"რუბინთან" "დნიპრო" არ განმეორდება
ესპანეთში "ზესტაფონის" მთავარ მწვრთნელს, გიორგი ჭიაბრიშვილს შევეხმიანეთ და "დნიპროსთან" ამხანაგური მატჩიდან მიღებულ შთაბეჭდილებებსა და სხვა საინტერესო თემებზე გავესაუბრეთ.
- როგორია გუნდის განწყობა ესპანეთში გატარებული პირველი დღეების შემდეგ?
- განწყობა საბრძოლო და სამუშაოა. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, აქ სრულყოფილად მომზადებისთვის ყველა პირობა გვაქვს შექმნილი. კლიმატიც შესანიშნავია და მოედნებიც იდეალურ მდგომარეობაშია.
- ახალწვეულებით კმაყოფილი ხართ?
- ვფიქრობ, ისინი ძალიან კარგი ტემპით უშინაურდებიან "ზესტაფონსა" და მისი ცხოვრების წესს. დარწმუნებული ვარ, ახალწვეულები ჩვენი თამაშის სტილსაც მალე შეეგუებიან და გუნდს სარგებლობას მოუტანენ. უცებ არაფერი ხდება, მაგრამ მათი დიდი იმედი მაქვს და უახლოეს პერიოდში ისინი თავის პოტენციალს აუცილებლად გამოავლენენ.
- რას იტყვით "დნიპროსთან" ჩატარებულ საკონტროლო მატჩზე?
- ეს ჩვენთვის კარგი გაკვეთილი გამოდგა. ამ შეხვედრამ ბევრი მინუსი დაგვანახა, რაზეც აუცილებლად ვიმუშავებთ. სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ საკუთარ ნაკლოვანებებს კარგად ვაანალიზებთ. ოპტიმიზმის საფუძველი კი ნამდვილად გვაქვს, რადგან კარგად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ თამაშის ხარისხის გასაუმჯობესებლად. სეზონის განახლებამდე ამას აუცილებლად მოვასწრებთ.
რა თქმა უნდა, ძნელია, 2:8-ს მერე რაიმე პოზიტიური დაინახო, თუმცა ძალიან ცოტა დადებითი ამ მატჩმაც შეგვძინა. ფეხბურთელებმა იგრძნეს, რომ ყველაფერი იდეალურად არ გვაქვს. რაც კარგი გვაქვს, ამის შენარჩუნება გვმართებს, მინუსებს კი დროულად უნდა მივხედოთ.
- ნუთუ საქართველოს ჩემპიონსა და უკრაინის ჩემპიონატის მეოთხეადგილოსანს შორის ამხელა განსხვავებაა?
- "დნიპრო" საკმაოდ ძლიერი გუნდია, მაგრამ მერწმუნეთ, ეს ანგარიში მასსა და "ზესტაფონს" შორის ძალთა თანაფარდობას ოდნავადაც არ ასახავს. ამ მარცხს თავისი კონკრეტული მიზეზები აქვს.
- ოპტიმალურთან მიახლოებული შემადგენლობა მეორე ტაიმში გაიყვანეთ.
- გადავწყვიტე, პირველ ტაიმში ახალწვეულებისთვის მიმეცა თამაშის საშუალება, მინდოდა, ისინი საქმეში ერთად მენახა. ამან კი შეხვედრის მიმდინარეობა ისე წაიყვანა, რომ მეორე ნახევარში თამაშის გადარჩენის შანსი აღარ გვქონდა.
- "ზესტაფონმა" შარშანდელი ესპანური შეკრებაც მძიმედ, დიდი ანგარიშით მარცხით დაიწყო. რაიმე კანონზომიერებასთან ხომ არ გვაქვს საქმე?
- ნაწილობრივ ასეა. შეკრებაზე პირველ შეხვედრაში ყოველთვის გვიჭირს, რადგან თავიდან დიდი დატვირთვებით თამაში არ შეგვიძლია. წაგებას ველოდით, მაგრამ ასეთ ანგარიშს – ნამდვილად არა.
- 3 თებერვალს ყაზანის "რუბინთან" მატჩით "მარბელას თასს" იწყებთ. რას ელით ტურნირისგან?
- "მარბელას თასზე" ასპარეზობას რამდენიმე დატვირთვა აქვს. იქ ჩემპიონობა ჩვენთვის იდეა-ფიქსი ნამდვილად არ არის, მაგრამ არც ისეა საქმე, რომ შედეგი სულ ერთი იყოს. გვინდა, მივიღოთ დიდი გამოცდილება და ვნახოთ, რა შეგვიძლია ასეთი დონის მეტოქეებთან. მჯერა, "რუბინთან" გაცილებით უკეთესად ვითამაშებთ, ვიდრე "დნიპროსთან".
|