01.02.2012

 

 

 

 

ინტერვიუ გიორგი ჭიაბრიშვილთან

მომდევნო მატჩებში სულ სხვა "ზესტაფონს" იხილავთ

 

 

 

 

 

 

ესპანურ შეკრებაზე გამართულ პირველ საკონროლო მატჩში, დნეპროპეტროვსკის "დნიპროსთან", დიდი ანგარიშით დამარცხების მიუხედავად, "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი მშვიდადაა და დარწმუნებული აცხადებს, რომ მოსამზადებელ პერიოდში გუნდი ყველა ხარვეზის აღმოფხვრას შეძლებს და საქართველოს ჩემპიონატის განახლებას სრულ მზადყოფნაში შეხვდება...

გიორგი ჭიაბრიშვილთან ინტერვიუ "ზესტაფონის" ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა, რომლიდანაც ამონარიდს გთავაზობთ.

"დნიპროსთან" თამაშმა გუნდის უამრავი მინუსი დაგვანახა, რომელზეც ბევრი უნდა ვიმუშაოთ. ჩვენ ვაანალიზებთ მათ და დარწმუნებით ვაცხადებ, რომ ჩემპიონატის განახლებამდე ის პრობლემები აღარ გვექნება.

მართალია, "დნიპრო" გრანდებს არ მიეკუთვნება, მაგრამ მაინც ძლიერ და კარგად მომზადებულ გუნდს ვეთამაშეთ. თუმცა ანგარიში 2:8 ჩვენი გუნდის ძალას არ ასახავს. უბრალოდ, ამ მატჩში ძალიან ბევრ ახალწვეულს ერთად მივეცით თავის გამოჩენის საშუალება, რამაც თამაშზეც იმოქმედა.

სიმართლე გითხრათ, ასეთ ანგარიშს არ ველოდი, თუმცა შედეგი ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ყოველ შემთხვევაში, იმ დატვირთვების გათვალისწინებით, რომელიც გუნდს თამაშამდე ჰქონდა, კარგი თამაშის მოლოდინი არ მქონდა.

რაც შეეხება ესპანურ შეკრებაზე "ზესტაფონის" მომავალ მატჩებს, ჩვენი მიზანი "მარბელიას თასზე" აუცილებლად ჩემპიონობა არ არის. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ მონაწილეობით უნდა დავკმაყოფილდეთ. გვინდა მაქსიმალური შედეგი და გამოცდილება მივიღოთ და გავიგოთ, რა დონეზე შეგვიძლია ძლიერ გუნდებთან თამაში.

გარწმუნებთ, მომავალ მატჩებში სულ სხვა "ზესტაფონი" იქნება და გაცილებით უკეთ ვითამაშებთ, ვიდრე უკრაინულ გუნდთან

საერთოდ კი, ეს ტურნირიც და მთლიანად შეკრებაც იმისთვისაა, რომ გუნდმა ჩემპიონობის გზა, რომელიც დაწყებულია, ბოლომდე წარმატებით მიიყვანოს".

შეგახსენებთ, რომ ესპანურ შეკრებაზე მყოფი "ზესტაფონი" "მარბელიას თასზე" 3 თებერვლიდან ჩაერთვება და პირველ შეხვედრას ყაზანის "რუბინთან" გამართავს.

***

 

იხილეთ სრულად ინტერვიუ გიორგი ჭიაბრიშვილთან -

 

ლევან ჯანეზაშვილი, ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
   
FC ZESTAFONI © 2005