31.01.2012

 

 

 

 

პირველი სპარინგ-მატჩი ესპანურ შეკრებაზე

 

 

 

 

 

 

2012 წლის 31 იანვარს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ესპანური შეკრების პირველი საკონტროლო მატჩი გამართა. ზემოიმერელთა მეტოქე უკრაინული ფეხბურთის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, დნეპროპეტროვსკის საფეხბურთო კლუბი ”დნიპრო” გახლდათ.

 

დღევანდელ შეხვედრაში ზესტაფონელთა მეტოქე საბჭოთა კავშირის 2-გზის ჩემპიონი და უკრაინის ერთ-ერთი წამყვანი კლუბი გახლდათ. საინტერესოა, რომ გუნდს ცნობილი ესპანელი სპეციალისტი ხუანდე რამოსი წვრთნის. გუნდის ღირსებას უკრაინის, ჩეხეთის და განას ნაკრებთა მრავალი ფეხბურთელი იცავს.

ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ხასიათის პრობლემის გამო დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობის მიღება ვერ შეძლეს როინ კვასხვაძემ, მამუკა კობახიძემ, იომი ოვონიკოკომ და ზურაბ მენთეშაშვილმა. სამაგიეროდ, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ფეხბურთს ზესტაფონელთა ტრავმამოშუშებული მცველი გიორგი ხიდეშელი დაუბრუნდა.

ზესტაფონელებმა ბოლო წლებში უსიამოვნო ტრადიციად ქცეულ "წესს" (შეგახსენებთ ყაზახურ "ტობოლთან"( 0-5), ჩეხურ "სპარტასთან ( 0-5) და შვეიცარულ "ბაზელთან" ( 0-4) ჩაგდებულ შეხვედრებს) არც ამჯერად "უღალატეს" და შეკრება ძალიან უსიამოვნო მარცხით დაიწყეს.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის პირველ ტაიმში ქართველებმა მეტოქის ძირითად ბირთვს ექსპერიმენტალური შემადგენლობა დაუპრისპირეს. პირველივე წუთებიდან მოყოლებული მოედანზე საინტერესო და გახსნილი პაექრობა გაჩაღდა, თუმცა, შედარებით თანაბარი საწყისი წუთების შემდეგ, უპირატესობას თანდათანობით უკრაინელები დაეუფლნენ და ეს უპირატესობა თანდათან აშკარა გახდა - ტაიმის 37 წუთისთვის უკრაინელებმა 5-ჯერ (რომან ზოზულია, 10; დენის ოლეინიკი, 20; ევგენი კონოპლიანკა, 24 და 34; ნიკოლა კალინიჩი, 37) მოახერხეს ზურაბ მამალაძის კარის აღება. ზესტაფონელებმა, რომელთა რიგებში შეხვედრის პირველ ნახევარში მრავალი ახალბედა ფეხბურთელი ასპარეზობდა, დამშვიდება და გონს მოსვლა მხოლოდ ტაიმის დასკვნით ნაწილში მოახერხეს. ნერვების დამშვიდებას იმერელთა შესრულებით რამდენიმე სახიფათო იერიში მოყვა, რომელთაგან ერთ-ერთი რატი წინამძღვრიშვილის გოლით დასრულდა. უნდა ითქვას, რომ გოლის ავტორს ეფექტურ სტილში ასისტირება დავით რაჟამაშვილმა და გურამ სამუშიამ გაუწიეს.

მეორე ტაიმის დასაწყისში სათამაშო უპირატესობას უკვე ქართველი ფეხბურთელები დაეუფლნენ, რომელთა რიგებშიც ძირითადი შემადგენლობის ერთბაშად 8 ფეხბურთელი გამოჩნდა. ზესტაფონელებმა ზედიზედ რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს დნეპრისპირელთა კართან და 57-ე წუთზე შოთა ბაბუნაშვილის გააზრებული პასის, შოთა გრიგალაშვილის საჯარიმიში შეჭრისა და გადაცემის შემდეგ, ონდრეი მაზუხმა ბურთი საკუთარი კარის ბადეში ჩაჭრა.

ზესტაფონელებმა ხელთ იგდეს სათამაშო ინიციატივა ი და რამდენიმეჯერ სახიფათოდ შეუტიეს იან ლაშტუვკას კარს. ანგარიშის შეცვლის ყველაზე რეალური შანსები შოთა გრიგალაშვილს მიეცა, მაგრამ ”ზესტაფონის” ნახევარმცველის დარტყმები ოდნავ არაზუსტი გამოდგა. შეხვედრის ბოლოს კი უკრაინელებმა კიდევ ერთი, ამჯერად "სამგოლიანი პორციით" დაამწუხრეს ქართველები - გოლები ბრაზილიელი მათეუსის (67), ევგენი ბოხაშვილისა (88) და ევგენი შახოვის (90) ანგარიშზეა. ძალიან უსიამოვნო მარცხი დიდი ანგარიშით 2-8.

 

 

31.01.2012. ”ზესტაფონი” - ”დნიპრო” (დნეპროპეტროვსკი, უკრაინა) 2-8

 

3 თებერვალ მარბელიას თასის გათამაშება იწყება. ტურნირის სასტარტო, მეოთხედფინალურ შეხვედრას "ზესტაფონი" ყაზანის ”რუბინის” წინააღმდეგ გამართავს ...

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005