მარგველების მზადება და ბელგიელის სტუმრობა
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” განაგრძობს სეზონის განახლებისათვის ესპანეთის სამეფოში მზადებას. ორი დღეა საქართველოს ჩემპიონები ვარჯიშების ორჯერად რეჟიმზე გადავიდნენ.
მუშაობა ზესტაფონელთა ვარჯიშებზე სხვადასხვა სათამაშო და ფუნქციონალური ხასიათის კომპონენტებზე მიმდინარეობს. საინტერესო იყო დღევანდელი დღის საღამოს ვარჯიში (ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის უმნიშვნელო უსიამოვნებების გამო ვარჯიშს ზურაბ მენთეშაშვილი და გურამ სამუშია გამოაკლდნენ), რომელზეც ძირითადი აქცენტი ფეხბურთელთა ფიზიკურ დატვირთვებზე გაკეთდა.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი კი ის გარემოებაა, რომ ზესტაფონელთა "დისლოკაციის" ადგილს ბელგიიდან საგანგებოდ ეწვია ფიზიკური მომზადებისა და ფიზიოთერაპიის სპეციალისტი ჯუსენ კუნი. კუნი სახელგანთქმული ქირურგ მარტენსის კლინიკასთან თანამშრომლობს და მცირე ხნის წინ გიორგი ხიდეშელისა და ზურაბ მენთეშაშვილის სარეაბილიტაციო პერიოდის მიმდინარეობას კურირებდა.
ესპანეთში ბელგიელი სპეციალისტის ჩამოსვლის მიზეზი კი ზესტაფონელთა ნიგერიელი ფორვარდის აბაიომი ოვონიკოკოს მდგომარეობის მონიტორინგი და შემდგომი სარეაბილიტაციო გეგმის დამტკიცება გახლდათ. ჯუსენ კუნმა ფეხბურთელის დღევანდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით კმაყოფილება გამოთქვა და მას დავალებათა მორიგი "პარტია" მისცა. კუნის ვარაუდით, იომი საერთო ჯგუფს მალე უნდა შეუერთდეს.
აქვე შეგახსენებთ, რომ ზეგ, 31 იანვარს, ზესტაფონელები ესპანურ შეკრებაზე პირველ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ - ქართველთა მეტოქე ესპანელი ხუანდე რამოსის დამმოძღვრილი დნეპროპეტროვკის ”დნიპრო” იქნება. მატჩი მარბელიას საფეხბურთო ცენტრში გაიმართება და ადგილობრივი დროით 11:00 საათზე (თბილისის დროით - 14:00 საათზე) დაიწყება. ფეხბურთის მოყვარულებს მატჩის პირდაპირი ინტერნეტ-ტრანსლაციის ნახვა შეეძლებათ...
|